¹ბს-368-354(კს-08) 25 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს.-ს წარმომადგენელი ბ. გ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 6 მაისს ა. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მესამე პირების: ნოტარიუსის ქ. ო.-ისა და ე. ქ.-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000 წლის 15 აგვიტოს ჩატარებული პრივატიზაციისა და მის შედეგად 2002 წლის 4 სექტემბრის გაცემული ¹000808 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ძველი თბილისის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ა. ს.-ს სასარჩელო განცხდება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს.-ს წარმომადგენელმა ბ. გ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა ადვოკატის ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაცაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობა.
2007 წლის 9 ივლისს ა. ს.-ს წარმომადგენელმა ბ. გ.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ ის არის საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანტა ცენტრალური კავშირის წევრი, მაშინ როცა მისი მარწმუნებელი ა. ს.-ა შრომის ვეტერანთა მე-2 ჯგუფის ინვალიადია, ხოლო ამ უკანასკნელის ინტერესების სამართალწარმოებით დაცვის უფლებამოსილებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აძლევს ზემო აღნიშნული ორგანიზაცია, რის გამოც ხარვეზი უნდა ჩაითვალოს აღმოფხვრილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ს.-ს წარმომადგენელს ბ. გ.-ს სააპელაციო საჩივარში არსებული ხრვეზის აღმოფხვრის მიზნით გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით მითითებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით ა. ს.-ს წარმომადგენლის ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ს.-ს წარმომადგენელმა ბ. გ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს.-ს წარმომადგენლის ბ. გ.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ა. ს.-ს წარმომადგენლის ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა _ ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ბ. გ.-ე არ წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს და გავლილი არ აქვს ადვოკატთა ტესტირება, რის გამოც იგი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის განაწესს, მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მიერ გაცემული რწმუნება, რომლითაც საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი რწმუნებას აძლევს კავშირის გამგეობის წევრს ბ. გ.-ს განახორციელოს შრომის ვეტერანის, მე-2 ჯგუფის ინვალიდის ა. ს.-ს წარმომადგენლობა.
აღნიშნული რწმუნებულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის I ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოებრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანთა ინტერესებს.
ამდენად, უდავოა, რომ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, ვეტერანთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, მინიჭებული აქვთ წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს ბ. გ.-ის, როგორც წარმომადგენლის სააპელაციო სასამართლოში დაშვებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შემოწმებულ იქნას ა. ს.-ს სამართლებრივი სტატუსი. კერძოდ, იგი მიეკუთვნება თუ არა ვეტერანთა კატეგორიას, რა მიზნითაც წარმოდგენილი უნდა იყოს ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა. ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება ა. ს.-ს ვეტერანის უფლებების დამადასტურებელი მოწმობა, ამ უკანასკნელის სახელით ბ. გ.-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაექვემდებარება წარმოებაში მიღებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ს.-ს წარმომადგენლის ბ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინება და ა. ს.-ს წარმომადგენლის ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში მიღების საკითხის განსაზღვრის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.