ბს-370-350(კს-07) 20 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – მ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ხ.-ა
სარჩელზე მოპასუხეები: ქ. თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება
დავის საგანი - შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 4 ნოემბერს დ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის მიმართ, თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურის 2004 წლის 3 სექტემბრის ¹30/11 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹2/52 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. გ.-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ხ.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული დ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი.
2006 წლის 25 დეკემბერს ა. გ.-მ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით განუხილველად დარჩა გადაწყვეტილების შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დაგენილი ვადის გაშვების მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა მ. გ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოდან მიღებულ გზავნილში არსად იყო მითითებული შეგებებული სარჩელისა და რც შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით განსაზღვრული ვადის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თუ არა წინასწარი გაფრთხილება, მას არ შეიძლება სცოდნოდა 379-ე მუხლის და მასში აღნიშნული 10 დღიანი ვადის დაცვის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად: “მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.”
საქმეში არსებული ხელწერილით რომლითაც ირკვევა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა მ. გ.-მ დ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარის ასლი ჩაიბარა 2006 წლის 1 დეკემბერს (ს.ფ. 133). შეგებებული სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2006 წლის 25 დეკემბერს (ს.ფ.134), ე.ი. შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2006 წლის 11 დეკემბრის 24 საათამდე, მან კი შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 25 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად. მითითებული მუხლის დებულებები და სააპელაციო საჩივრის ჩაბარების საქმეში დაცული ხეწერილი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში არსებული შეგეგებული სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენს შეგებებულ სასარჩელო განცხადებას. კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი საჩივრის საფუძველზე ითხოვს ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹21-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის ფასადის და გარეგნული იერსახის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანასა და დ. ხ.-ს მიერ 2004 წლის 28 აგვისტოს ყოველგვარი ტექნიკური უსაფრთხოების გარეშე დაწყებული ნგრევითი სამუშაოების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, ,,დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია”. საკასაციო სასამართლო განმარტავს: ვინაიდან, შეგებეული სარჩელის აღძვრა დაკავშირებულია ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადაგენესთან და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენასთან, ამ საპროცესო მოქმდების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს საქმის მომზადების სტადიაზე, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო შეგებებულ სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს შეგებებულ სარჩელად, აღნიშნული ვერ იქნება დასაშვებად მიჩნეული, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ მითითებული მუხლი სააპელაციო სასამართლოში გამორიცხავს მსგავსი საპროცესო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. გ.-ის კრძო საჩივრის დამაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.