¹ბს-371-351(კს-07) 29 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს “ს-ა”
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ე-ა”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს (სს “ს-ის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს “ს-ამ” სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სს “ე-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და აქტის ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 1-3; 45-47/.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს /იხ.ს.ფ. 80/.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 35-36/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-ამ”, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 128-136/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმებისა და სსსკ-ის 369-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე დაასკვნა, რომ სს “ს-ას” რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 24 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 7 თებერვალს, ანუ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მეთექვსმეტე დღეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვედებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 146-147/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “ს-ამ”, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდათ 2007 წლის 24 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 7 თებერვალს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა რუსთავის რაიონულ სასამართლოში დაზღვეული ფოსტით, მიღება-ჩაბარების დასტურით. აღნიშნული დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული “საკურიერო ფოსტის” წერილობითი კორესპონდენციის შესახებ რეესტრით და შპს “საქართველოს ფოსტის” შეტყობინების ფურცლით საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3. მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი მათ მიერ წარდგენილ იქნა კანონისმიერ ვადაში. ასევე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით სამოქალაქო კოდექსის 60.2. მუხლის თანახმად, ვინაიდან მათ გადაწყვეტილება ჩაჰბარდათ 2007 წლის 24 იანვარს, სააპელაციო საჩივრის ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 25 იანვრიდან და 7 თებერვალს სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ თოთხმეტდღიან ვადაში /იხ.ს.ფ. 156-157/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “ს-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტის და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სს “ს-ას” რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 24 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 7 თებერვალს, ანუ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მეთექვსმეტე დღეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალების თანახმად, სს “ს-ის” წარმომადგენელ ზ. მ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ასლი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაჰბარდა 2007 წლის 24 იანვარს /იხ.ს.ფ. 126, ხელწერილი/, სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულია 2007 წლის 9 თებერვალს /იხ.ს.ფ. 128, სააპელაციო სასამართლოში შესულ კორესპონდენციათა რეგისტრაციის ბეჭედი/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ სს “ს-ის” წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2007 წლის 24 იანვარს, შესაბამისად ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 25 იანვრიდან, ანუ ვადის დენის დაწყების თარიღის მეორე დღიდან, რამდენადაც ვადის დენის დასაწყისი განსაზღვრულია გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი ვადის დენა დამთავრდა 2007 წლის 7 თებერვალს, ანუ მე-14 დღეს.
კერძო საჩივარზე თანდართული “საკურიერო ფოსტის” წერილობითი კორესპონდენციის შესახებ რეესტრის მიხედვით, სს “ს-დან” გასული კორესპონდენცია _ სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაჰბარდა 2007 წლის 7 თებერვალს /იხ.ს.ფ. 159/. აღნიშნულით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სს “ს-ამ” 2007 წლის 7 თებერვალს ჩააბარა შპს “საქართველოს ფოსტას” რუსთავის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საჭიროებს ხელახლა შემოწმებას, რათა დადგინდეს, სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონისმიერ _ 14 დღიან ვადაში, კერძოდ, სწორედ მოცემულ საქმეზე წარდგენილი გზავნილია თუ არა ჩაბარებული შპს “საქართველოს ფოსტაში”. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ს-ის” კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ს-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.