ბს-375-355(კს-07) 27 ივნისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ი.-ს წარმომადგენელი ს. ლ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა;
ნ. ლ.-ე;
ნოტარიუსი ლ. გ.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 5 დეკემბერს ლ. ი.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის, ნ. ლ.-ისა და ნოტარიუს ლ. გ.-ის მიმართ და მოითხოვა 2000 წლის 1 თებერვალს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და ნ. ლ.-ს შორის გაფორმებული ქ. თბილისში, ...-ის ¹37-ში, მე-6 სადარბაზოს მე-3 სართულზე მდებარე 12 კვ.მ. ერთი ოთახის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (აღნიშნული ფართის მის სახელზე აღრიცხვა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 აპრილის განჩინებით ლ. ი.-ს სარჩელზე საქმის წარმოება შეჩერდა მხარეთა შორის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 16 ივლისის ¹14.11.310 დადგენილების მესამე პუნქტის, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, ლ. ი.-ზე 1998 წლის 28 ივლისს გაცემული ორდერის და 1998 წლის 29 ივლისს განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 აპრილის განჩინება 2006 წლის 12 ივნისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ი.-ს წარმომადგენელმა ს. ლ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წამოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ლ. ი.-ის წარმომადგენლის ს. ლ.-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ლ. ი.-ს წარმომადგენლის ს. ლ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 აპრილის განჩინება.
2007 წლის 23 იანვარს ლ. ი.-ს წარმომადგენელმა ს. ლ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე და 422-ე მუხლების შესაბამისად, აშკარა არითმეტიკული შეცდომების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ. ი.-ს წარმომადგენლის ს. ლ.-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუსვებლად იქნა ცნობილი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ი.-ს წარმომადგენელმა ს. ლ.-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლისა და 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ი.-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ლ. ი.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 05 აპრილის განჩინება, რომლითაც ადმინისტრაციული საქმე ¹3/2452 ლ. ი.-ს სარჩელის გამო თბილისის მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის და ნ. ლ.-ის მიმართ 2000 წლის 1 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ შეჩერდა წარმოებით სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში მყოფ საქმეზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 16 ივლისის ¹14.11.310 დადგენილების მესამე პუნქტის, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, ლ. ი.-ზე 1998 წლის 28 ივლისს გაცემული ორდერის და 1998 წლის 29 ივლისს განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ლ. ი.-მ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა, მითითებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის მოტივით, განჩინების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
როგორც, კერძო საჩივრის შინაარსი ცხადყოფს, კერძო საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლებას ითხოვს ბათილობის საფუძვლით.
იმავე საპროცესო კოდექსის 422.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე: გ) პირი, რომლის უფლებასა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლები მკაცრადაა გაწერილი საპროცესო კანონმდებლობით და დაუშვებელია მათი განვრცობა. ამასთან საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არა თუ ვერ უთითებს ბათილობის ვერცერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე, იმავდროულად მისი განცხადება ბათილობის მოთხოვნით მიმართულია იმ განჩინების წინააღმდეგ, რომლის ბათილად ცნობასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლი არ ითვალისწინებს, რაც განცხადებას აქცევს დაუშვებლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მართებულად იქნა დაუშვებლად მიჩნეული და შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ი.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.