კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-376-356(კს-07) 16 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ა-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 17 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარი არ შეესაბამებოდა აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტს _ წარმოდგენილ კერძო საჩივარში პროცესუალური დარღვევების თაობაზე სრულყოფილად არ იყო მითითებული, იგი არ შეიცავდა განჩინების გაუქმების კანონისმიერ საფუძვლებზე მითითებას, არ იყო განსაზღვრული, თუ რომელი კანონი არ გამოიყენა ან არასწორად განმარტა სასამართლომ. საკასაციო პალატამ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა მისთვის 2007 წლის 17 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა სრულყოფილი კერძო საჩივარი. ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა, ნ. ა-მა როდის ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინება, ამდენად კერძო საჩივრის ავტორს ასევე დაევალა სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის მტკიცებულების წარმოდგენა. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების ნ. ა-ისათვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 20 ივნისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 4 ივლისს. ნ. ა-ს მისთვის მიცემულ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ შეუტანია სრულყოფილი კერძო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის მტკიცებულება და შესაბამისად, არ შეუვსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ნ. ა-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. ა-ის კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.