¹ბს-38-37(კს-07) 4 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,....” დირექტორი ნ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 1 ივნისს შპს ,,..” დირექტორმა ნ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ დღგ-ის ჩათვლების აღდგენის თაობაზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებითYშპს ,,....” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა დღგ-ს ჩათვლა შემდეგ ანგარიშ-ფაქტურებზე: 1) აა-... ¹...., დღგ-ს თანხა 1553 ლარი, 2003 წ. 2) აა-... ¹....., დღგ-ს თანხა 1665,62 ლრი, 2003წ. 3) აა-.... ¹.... დღგ-ს თანხა 2416,32 ლარი, 2003წ; მოსარჩელეს 2003 წლის ბბ-.... ¹.... ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ს ჩათვლაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით. საგადასახადო ორგანოს დაევალა გამოეკვლია 2002 წლის მარტში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით დღგ-ს თანხის - 1298 ლარის, არჩათვლის მართებულობა, ასევე გამოკვლეულიყო _ აა-.... ¹.... ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ს თანხის - 327 ლარის, კუთვნილების საკითხი და ამ გარემოების გამოკვლევის შემდეგ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2006 წლის 15 დეკემბერს შპს ,,...” დირექტორმა ნ. შ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,....” შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილების შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” დირექტორმა ნ. შ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი საჩივარში მიუთითებდა, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს შპს ,,....” ზემოაღნიშნული განჩინება და თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ გაუგზავნია. მათ 2006 წლის 8 ნოემბერს თვითონ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ასლი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2006 წლის 28 ივლისიდან 2006 წლის 8 ნოემბრამდე, სამი თვის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლოს მათთვის არ უცნობებია თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განხილვის დრო და არც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის გზავნილში არ არის მითითებული თუ რამდენ ხანში შეეძლო მოსაზრების ანდა შესაგებლის წარდგენა, არ არის ასევე განმარტებული სსსკ-ის 372-373-ე მუხლების მოთხოვნები.U
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,....” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას შპს ,,...” მხრიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის გადაცილების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის არასწორ გამოყენებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
საქმეში (ს.ფ. 55-ზე) დაცულია ხელწერილი, რომელიც ადასტურებს ნ. შ-ის წარმომადგენელის ნ. ს-ვის სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ფაქტს, რაც სააპელაციო სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, დაედგინა რომ სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა მხარეს.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ სასარჩელო განცხადებასა და რწმუნებულებას, რის საფუძველზეც განმარტავს შემდეგს:
სარჩელი სასამართლოში აღძრულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება დირექტორს, რომელიც უფლებამოსილია წარმოადგინოს საზოგადოება მე-3 პირებთან ურთიერთობაში. დირექტორის წარმომადგენლობითი უფლება ნიშნავს იმას, რომ დირექტორი მე-3 პირებთან ურთიერთობაში მოქმედებს საზოგადოების (საწარმოს) და არა საკუთარი სახელით.
საქმეში (ს.ფ. 30-ზე) დაცულია სანოტარო აქტი, რომლითაც დასტურდება ნ. შ-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ, ნ. ს-ვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების ფაქტი, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გაიგივდება საწარმოს მიერ გაცემულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება დასტური, რაც დაადგენდა შპს ,,...”, როგორც მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის სააპელაციო საჩივრის გაგზავნისა თუ ჩაბარების ფაქტს. აღნიშნულით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები, რაც წარმოადგენს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება და შპს ,,...” შეგებებული სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.