კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-391-376(კს-08) 5 აგვისტო, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 17 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-391-376(კს-08) დ. გ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 83-85).
2008 წლის 9 ივნისს დ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლება (იხ. ს.ფ. 89).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინებით დ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 90-93).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინებით 10 დღით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2008 წლის 13 ივნისს (იხ. ს.ფ. 94) და კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს _ დედას, კერძო საჩივრის ავტორისათვის გადასაცემად, ჩაჰბარდა 2008 წლის 24 ივნისს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებითა და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვ. წ-ის 2008 წლის 4 აგვისტოს მომართვით (იხ. ს.ფ. 95; 100).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის _ კერძო საჩივრის ავტორისათვის, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა დ. გ-ის ოჯახის წევრს _ დედას, რომელიც ვალდებული იყო სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია გადაეცა ადრესატისათვის. მითითებული ნორმის შესაბამისად, მიმღები პირისათვის დოკუმენტაციის გადაცემა ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კერძო საჩივრის ავტორისათვის, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.