Facebook Twitter

ბს-397_376(კს-07) 27 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. თ.-ა

'

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 6 ნოემბერს ზ. თ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების წინააღმდეგ და მოითხოვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 13 მარტს სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 26 მარტის განჩინებით დატოვა განუხილველად, გასაჩივრებისთვის დადგენილი ორკვირიანი ვადის გაშვების გამო.

სააპელაციო სასამართლოს ზემოთაღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ მათი მხრიდან არ დარღვეულა სააპელაციო საჩივრისთვის დადგენილი თოთხმეტდღიანი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".

საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2007 წლის 14 თებერვალს(ს.ფ. 89;90). ამავე საფოსტო გზავნილიდან დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 26 თებერვალს (ს.ფ.89;90), რაც დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამმართველოს ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით (ს.ფ. 89;90). შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 13 მარტს (ს.ფ.93), გადაწყვეტილების გამოტანიდან მე-15 დღეს ე.ი. გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

აღნიშნული მუხლისა და საქმეში დაცული გზავნილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, კერძოდ, 2007 წლის 26 თებერვლიდან.

მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება გზავნილის მეორე ეგზემპლარზე გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

როგორც აღინიშნა, საქმეში დაცულია გზავნილი, რომელიც დამოწმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამმართველოს ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გადაწყვეტილების ასლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2007 წლის 26 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით; ხოლო, რაც შეეხება კერძო საჩივარზე თანდართულ გზავნილს, აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ გზავნილს არ ერთვის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება გზავნილის მეორე ეგზემპლარზე გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.