Facebook Twitter

ბს-399-383(კს-08) 16 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. წ-ემ და სხვებმა (სულ 132 პირმა) 28.02.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და სს “....” მიმართ, რომლითაც მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 395717 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, მოპასუხე სს “.....” დაეკისრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში მოსარჩელეთა სიების დროული წარდგენა, ხოლო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების გადახდა, საერთო თანხით 395717 ლარი.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილება 27.12.07წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.08წ. განჩინებით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ტყიბულის რაიონული სასამართლოს მიერ 23.03.05წ. არის მიღებული, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივარი საფოსტო ყუთში 21.12.07წ. მოათავსა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაავალა წარმოედგინათ მათ მიერ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სოციალური სუბსიდიების სააგენტომ 01.02.08წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა გ. ლ-ის განცხადება, რომელსაც დართული ჰქონდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მათთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტით ადასტურებდნენ მათი მხრიდან სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დაცვას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის განხილვა ჩაინიშნა 26.02.08წ. 16 საათზე. ამასთან, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 07.02.08წ. წერილით ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დანიშნული იყო სხდომა მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად, რის გამო აპელანტისგან ითხოვდნენ სასწრაფოდ გადაეგზავნათ ან სასამართლო სხდომაზე წარმოედგინათ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში შემოსულ კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალი, სადაც რეგისტრირებული იქნებოდა ფონდში შესული კორესპონდენციები 2005 წლის თებერვლიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.08წ. განჩინებით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელ ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 26.02.08წ. სასამართლო სდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ. სასამართლომ შეიწავლა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩენილიყო განუხილველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებს შეეძლოთ კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინათ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით, კერძოდ, ს.ფ. 152-ზე მდებარე გზავნილით, დადგენილად მიიჩნია, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 28.03.05წ. გაეგზავნა და 12.04.05წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 153), ხოლო სააპელაციო საჩივარი საფოსტო ყუთში მოთავსებულ იქნა 21.12.07წ. მაშინ, როდესაც მხარეს მისი გასაჩივრების უფლება ჰქონდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ე.ი. 2005 წლის 12 აპრილიდან 14 დღის ვადაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ 11.12.07წ. გაიგო, როდესაც გ. ლ-მა განცხადებით მიმართა სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნით და წარადგინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. აღნიშნულის თაობაზე მითითებული იყო სააპელაციო საჩივარშიც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დასადასტურებლად, ხელმეორედ გაუგზავნეს გ. ლ-ის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა დანართის სახით აღნიშნული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სააგენტოში ფაქსით მიღებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წერილი, რომლითაც მოეთხოვათ მითითებული პერიოდის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოდგენა, ამავდროულად ეცნობათ სასამართლო სხდომის დანიშვნის დღე, თუმცა განჩინებაში არაფერი იყო მითითებული წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სააგენტოში შესული კორესპონდენციის აღრიცხვა ხდებოდა კომპიუტერული ბაზის მეშვეობით, შესაბამისად, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2005 წლის თებერვლიდან 2005 წლის მაისამდე და შემდგომი პერიოდის შესახებ, კერძოდ, გ. ლ-ის განცხადებამდე იყო თუ არა რეგისტრირებული 23.03.05წ. ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაზედაც სააგენტოს შესაბამისი სამსახურიდან მიიღეს წერილობითი პასუხი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არც ფონდში და არც რეორგანიზაციის შემდგომ სააგენტოში რეგისტირებული არ ყოფილა. აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენელ შ. კ-ის მიერ სხდომის დღეს, მაგრამ, როგორც წარმომადგენლისათვის ზეპირი ინფორმაციით გახდა ცნობილი, სასამართლოს უკვე გამოტანილი ჰქონდა განჩინება სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების ასლი ფონდს 12.04.05წ. ჩაჰბარდა, რის საფუძვლადაც უთითებს საქმეში, 153-ე გვერდზე, მოთავსებულ ფოსტის ქვითარზე, რაც გადაწყვეტილების გაგზავნის და არა ჩაბარების დასტურია. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება, რომლითაც თითქოსდა დასტურდება გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილება მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 28.03.05წ. გაეგზავნა (ს.ფ. 152). ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება (უკან დაბრუნებული კონვერტი), რომელიც დაადასტურებდა მოპასუხისათვის შეკვეთილი წერილის ჩაუბარებლობის ფაქტს. საქმეში დაცული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ¹527 შეტყობინებით დგინდება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილების შემცველი საფოსტო გზავნილი 12.04.05წ. ჩაჰბარდა (ტ. I, ს.ფ. 153). საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.02.08წ. წერილით ეცნობა, რომ მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დანიშნული იყო სასამართლო სხდომა და ეთხოვათ სასწრაფოდ წარმოედგინათ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში შესულ კორესპონდენციათა რეგისტაციის ჟურნალი, სადაც რეგისტრირებული იქნებოდა 2005 წლის თებერვალ-მაისში ფონდში შესული კორესპონდენციები. კერძო საჩივრის ავტორმა ზემოაღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს არ წარუდგენია, ხოლო სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე დანიშნულ დროს არ გამოცხადდა (ტ. 2, ს.ფ. 17-18). სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის ფაქტს. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას ვერ უარყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 25.02.08წ. სამსახურებრივი ბარათი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში ინახება ფოსტის ქვითარი, გადაწყვეტილების გაგზავნის და არა ჩაბარების თაობაზე. საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილის ასლი, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 23.03.05წ. გადაწყვეტილება 28.03.05წ. გაეგზავნა (ტ.I, ს.ფ. 152). საქმეში ასევე დაცულია საქართველოს ფოსტის ტყიბულის ფილიალის მიერ გაცემული დასტური, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ტყიბულიდან სასამართლოს გადაწყვეტილება 05.04.05წ. გაეგზავნა, ადრესატს 12.04.05წ. ჩაბარდა და ტყიბულის საფოსტო განყოფილებას 13.04.05წ. დაუბრუნდა. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული “საფოსტო წესების” 143-ე პუნქტის თანახმად შეკვეთილ საფოსტო გზავნილებათა მიღებაზე ადრესატი ხელს აწერს შეტყობინებაზე, რომელსაც ფოსტალიონი აბრუნებს კავშირგაბმულობის საწარმოში. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საფოსტო გზავნილების მიღებაზე ხელმოწერილი შეტყობინება დაუბრუნდა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, რაც ადასტურებს ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს რაიონული სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილება 12.04.05წ. ჩაჰბარდა, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტით 21.12.07წ. გაგზავნა. ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.08წ. განჩინება, რომლითაც სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.08წ. განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.08წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.