¹ბს-40-39(კს-07) 28 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ჩ-ე
მესამე პირები: 1. ს. ბ-ი; 2. ფ. დ-ი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 16 ნოემბერს მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით, ხოლო მოგვიანებით დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და გაუქმდა მისი ბინის ქვეშ მდებარე 20 კვ.მ სარდაფის პრივატიზაციის ნაწილში 1996 წელს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ ზემოხსენებული სარდაფის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება დასახელებული სარდაფის მის საკუთრებად გაფორმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ს. ბ-ი და ფ. დ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2003 წლის 19 სექტემბრის ¹10/16-150 დადგენილება ქ. თბილისში, .......... ქ. ¹19-ში მდებარე 20 კვ.მ სარდაფის აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ნ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად _ ხსენებული საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლისა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დასახელებული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან. აპელანტს იმავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზის მისთვის მიცემულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დართოდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, აგრეთვე _ იმავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისთვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გააწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა, ხოლო წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა ყოფილიყო აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მარწმუნებლის _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 2006 წლის 31 ოქტომბერს გაცემული (¹გას 18-183) რწმუნება იმავე გამგეობის იურისტ ნ. ჭ-ზე, არ შეიცავდა სპეციალურ აღნიშვნას წარმომადგენლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების თაობაზე. ამასთანავე, მითითებული რწმუნების მიხედვით, ხსენებული გამგეობის იურისტ ნ. ჭ-ეს 2006 წლის 27 სექტემბერს _ სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ნ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოცემულ საქმეში არსებობს 2006 წლის 3 ივნისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ზე გაცემული ¹გას 18-14 რწმუნებულება, რომლითაც მას, როგორც წარმომადგენელს, მიენიჭა უფლება, მიეღო მონაწილეობა მ. ჩ-ის საქმეზე ყველა ინსტანციაში და შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იურიდიული ქმედება, რაც ითვალისწინებდა გასაჩივრების უფლებამოსილებასაც. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (რომელიც კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2006 წლის 24 ოქტომბერს), მოითხოვა იმავე წლის 27 სექტემბრამდე გაცემული რწმუნებულების წარდგენა, რაც იყო შეუძლებელი, ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 2006 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ¹გას 18-183 რწმუნებულება, რომელშიც მითითებულია გასაჩივრების უფლებამოსილებაზე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 28 თებერვალს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი, ხოლო თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა, ხოლო წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მიერ იმავე გამგეობის იურისტ ნ. ჭ-ზე 2006 წლის 6 მარტს გაცემული ¹გას 18-14 რწმუნებულება (ს.ფ. 36), რომლითაც ნ. ჭ-ეს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ყველა ინსტანციის სასამართლოში მ. ჩ-ის საქმეზე და შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იურიდიული ქმედება, მაგრამ ხსენებულ რწმუნებულებაში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას იმ მოტივით, რომ ხსენებული გამგეობის იურისტ ნ. ჭ-ეს 2006 წლის 27 სექტემბერს _ სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისას ნ. ჭ-ეს არ გააჩნდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რომელშიც სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესახებ, მაგრამ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში შეავსო იმავე განჩინებით დადგენილი ხარვეზი _ 2006 წლის 1 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მიერ იმავე გამგეობის იურისტ ნ. ჭ-ზე 2006 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ¹გას 18-183 რწმუნებულება (ს.ფ. 111), რომელშიც სპეციალურად არის აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული თანხმობა ანუ მოწონება გარიგების დადების შემდეგ მიცემულ ნებართვას წარმოადგენს, რომლითაც სწორდება გარიგების სამართლებრივი ნაკლი, ხოლო გარიგების შემდგომ მოწონებას აქვს უკუძალა და მოწონებული გარიგება ნამდვილად ითვლება იმავე გარიგების დადების და არა მოწონების მომენტიდან, რაც გულისხმობს, რომ გარიგების მონაწილეთა უფლება-მოვალეობები წარმოშობილად, ამავე უფლება-მოვალეობების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებები კი ნამდვილად ითვლება გარიგების დადების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მარწმუნებელმა _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 31 ოქტომბერს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების შემცველი ¹გას 18-183 რწმუნებულების გაცემით მოიწონა მისი წარმომადგენლის, ნ. ჭ-ის მიერ განხორციელებული შესაბამისი მოქმედება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, ნ. ჭ-ის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ნამდვილად ითვლება გასაჩივრების მომენტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.