Facebook Twitter

ბს-404-388(კს-08) 11 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “გ.-მ” 01.06.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოპასუხის მიერ ჩატარებული საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი 11.12.06წ. აქტისა და 09.01.07წ. ¹123 “საგადასახადო მოთხოვნის” ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალქო სასამართლოს 26.12.07წ. გადაწყვეტილებით შპს “გ.-ს” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს “გ.-ში” ჩატარებული საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი 11.12.06წ. აქტი და 09.01.07წ. ¹123 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 691-ე გვერდზე მდებარე ჩაბარების დასტურით, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.07წ. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, დასტურდებოდა, რომ იგი ჩაჰბარდა ადრესატს 14.02.08წ., ხოლო მხარის მიერ სააპელაციო საჩივარი საფოსტო ყუთში მოთავსებულია 1 დღის დაგვიანებით 29.02.08წ., მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.07წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა იწურებოდა 28.02.08წ. 24 საათამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინება 04.04.08წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და შემოსავლების სასმახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს “გ.-ს” საქმეზე სააპელაციო საჩივრის შპს “... ფისტის” მე-14 საფოსტო განყოფილებაში (მის. ქ. თბილისი, გ.-ის ქ. ¹4) 28.02.08წ. ჩაბარების ფაქტი დასტურდება ¹... ქვითრით, შპს “... ფოსტის” თბილისის ფოსტამტის წერილით და მე-14 საფოსტო განყოფილების ოპერატორის ახსნა-განმარტებითი ბარათით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, 15 თებერვლიდან ათვლილი საპროცესო ვადის დენა წყდებოდა 28 თებერვლის 24 საათამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.07წ. გადაწყვეტილება 14.02.08წ. გადაეცა (ს.ფ. 691). საქმის მასალებში დაცულ საფოსტო კონვერტზე აღნიშნული საფოსტო შტამპით დასტურდება, რომ ¹218 შეკვეთილი საფოსტო გზავნილი შპს “... ფოსტის” ¹14 განყოფილებას 29.02.08წ. გადაეცა. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს “... ფოსტის” ¹000049 ქვითრით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას 28.02.08წ., მხარისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.07წ. გადაწყვეტილების გადაცემიდან მე-14 დღეს ჩაჰბარდა (ს.ფ. 99). აღნიშნული დასტურდება ასევე შპს “... ფოსტის” ¹14 განყოფილების 31.03.08წ. ცნობით, რომლის თანახმად, ფ.1 და ფ.2 საქვითარო რვეულების შესაბამისი ქვითრების და საფოსტო განყოფილებაში არსებული რეესტრების ასლებზე დასმულია კალენდარული შტემპელი მ/წლის 29 თებერვლის თარიღით. მე-14 საფოსტო განყოფილების ოპერატორ ნ. ს.-ის ახსნა-განმარტების თანახმად, წერილი საფოსტო განყოფილებაში გასაგზავნად მიიტანეს 28 თებერვალს, სამუშაო დღის ბოლოს, როცა უკვე საღამოს ფოსტა გაგზავნილი ჰქონდა და საქვითარო რვეულზე ჯამები გამოყვანილი იყო, რის გამოც ქვითრების დედანზე დაარტყა შტემპელი მ/წლის 28 თებერვლის თარიღით, ხოლო ასლზე და რეესტრზე მომდევნო დღის, ანუ 29.02.08წ. თარიღით. ამასთან, საქმეში დაცულია ¹14 საფოსტო განყოფილების ოპერატორის _ ნ. ს.-ის 28.03.08წ. ახსნა-განმარტება, რომელიც ასევე ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ¹14 საფოსტო განყოფილებისთვის 28.02.08წ. ჩაბარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინება;

2. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.