¹ბს-413-397(კს-08) 19 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს “ს.-ა”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის
განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ს.-ის” მიმართ და მოპასუხისათვის 127 740 ლარის დავალიანების დაკისრება მოითხოვა.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 85 489,41 ლარამდე და მოპასუხისათვის ხსენებული თანხის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ 85 489,41 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ 2006 წლის 28 აპრილს (7 წლის შემდეგ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, როგორც ძირითადი გადასახადის, ისე საურავის ნაწილში, სულ _ 127 740 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია) უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს “ს.-ის” წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა სასამართლოს წინაშე დაუშვებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ სს “ს.-ის” დაბეგვრის საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ჯერ კიდევ 2000 წელს, რომელიც იმავე წელს აღსრულდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სს “ს.-ის” დაბეგვრის მასალები უტყუარი მტკიცებულება იყო იმისა, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა უგვიანეს 2000 წლის 14 დეკემბრისა, ვინაიდან ზემოთ მითითებულ დაბეგვრის მასალებში წარმოდგენილი იყო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის განცხადება თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და სს “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ 85 489,41 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი მას მხოლოდ 2006 წლის 14 აპრილს ჩაბარდა. ამდენად, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2006 წლის 28 აპრილს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და დატოვა განუხილველად იმ საფუძლით, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული ვადა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ჯერ კიდევ 2000 წელს, რომელიც იმავე წელს აღსრულდა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც იგი მას ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში. ამდენად, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონმდებლობის დაცვით ჰქონდა გასაჩივრებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 19 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ 85 489,41 ლარის გადახდა დაეკისრა. 2006 წლის 28 აპრილს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, როგორც ძირითადი გადასახადის, ისე საურავის ნაწილში, სულ _ 127740 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს.-მ” წარადგინა განცხადება თანდართული სს “ს.-ის” დაბეგვრის მასალებით, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2000 წლის 14 დეკემბრამდე ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო სს “ს.-ის” დაბეგვრის საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ჯერ კიდევ 2000 წელს, რომელიც იმავე წელს აღსრულდა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სს “ს.-ის” დაბეგვრის მასალები უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა უგვიანეს 2000 წლის 14 დეკემბრისა, ვინაიდან ზემოთ მითითებულ დაბეგვრის მასალებში წარმოდგენილია თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის განცხადება თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აპელანტს გაშვებული აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა 7 (შვიდი) წლის შემდეგ, მაშინ, როცა სასამართლოს მთავარ სხდომას მისი წარმომადგენელი ესწრებოდა და სასამართლო გადაწყვეტილებაც მისთვის ჯერ კიდევ 2000 წელს იყო ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
2. ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.