Facebook Twitter

¹ბს-41-40(კს-07) 28 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ თ. ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ნ. დ.-ა, კ. ზ.-ი

თანამოპასუხე _ ქ. ნინოწმინდის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 15 სექტემბერს ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. დ.-მ და მისმა შვილმა კ. ზ.-მ მოპასუხე თ. ა.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ ქ. ნინოწმინდაში, ...-ის ქ. ¹18-ში აქვთ საცხოვრებელი სახლი. მათი ავტოფარეხი და სამეურნეო შენობა აშენებულია მათივე მიწის ნაკვეთის საზღვარზე და უშუალოდ ემიჯნება “ს.-ის” მიწის ნაკვეთს. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, “ს.-ის” ნაწილი შეუძენია მოპასუხე თ. ა.-ს, დაეპატრონა აღნიშნულ ობიექტთან მიმდებარე მიწის ნაკვეთს და აწარმოებს უკანონო მშენებლობას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პროექტით, გათვალისწინებულია ერთი სართულის მშენებლობა “ს.-ის” შენობაზე, მოპასუხე კი, ფაქტობრივად, აშენებს ორსართულიან შენობას მეორე სართულზე ასასვლელი კიბითა და აივნით. აღნიშნული მიშენება კეტავს როგორც მათ ავტოფარეხთან მისასვლელ სამანქანო გზას, ასევე მათი სახლიდან ცენტრალურ ქუჩაზე გამოსასვლელ და კუთვნილ სტომატოლოგიურ კაბინეტთან მისასვლელ გზას. თ. ა.-მ ასევე ააშენა ქვის გალავანი “ს.-ის” შენობის კედელსა და მათი ავტოფარეხის კედელს შორის მდებარე მიწის ნაკვეთზე, ავტოფარეხის კედელზე მიბჯენით, მათი ნებართვის გარეშე, რითაც წაერთვათ აფტოფარეხისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის დასუფთავების შესაძლებლობა, რის გამოც ავტოფარეხსა და სამეურნეო შენობაში “ს.-ის” მხრიდან იმატა სინესტემ. თ. ა.-ს გახსნილი აქვს ფურნე, რომლის ექსპლუატაციისათვის წვავს მაზუთს და ანთებს ცეცხლს “ს.-ის” ეზოში, რითაც ხანძარსაშიშროებას უქმნის მათ სამეურნეო შენობას და ჭვარტლით აბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას. მიშენებულმა შენობამ ასევე მნიშვნელოვნად შეუზღუდა ბუნებრივი განათება მათ კუთვნილ სტომატოლოგიურ კაბინეტს.

მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ 200 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ. ა.-ი აწარმოებს უკანონო მშენებლობას, გამოეყო ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით. მოპასუხეს წარმოებულ მშენებლობაზე წარმოდგენილი აქვს ოთხი სხვადასხვა პროექტი. ყოველი მათგანი სხვადასხვა დროს არის შედგენილი, სავსებით განსხვავდება ერთმანეთისაგან და კანონის დარღვევით არის დამტკიცებული.

მოსარჩელეთა განმარტებით, თ. ა.-ი უკანონოდ სარგებლობს “ს.-ის” შენობის მიმდებარე და მათი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთით, არაკანონიერად ააშენა იქ ტამბური და საქვაბე პურის საცხობი ფურნისათვის. სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მათ უფლება აქვთ მოითხოვონ აღნიშნული ნეიტრალური მიწის ნაკვეთიდან მოპასუხესთან ერთად თანაბარი წილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს თ. ა.-ის დავალდებულება, რათა მან შეწყვიტოს მაზუთის წვა მათი სამეურნეო შენობის უშუალო სიახლოვეს, მოშალოს მის მიერ არაკანონიერად აგებული და ნეიტრალურ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ტამბური და პურის საქვაბე, მოშალოს არაკანონიერად აშენებული ქვის გალავანი, განთავსებული “ს.-ის” შენობასა და მათი სამეურნეო შენობის შუა, ამ უკანასკნელზე უშუალო მიბჯენით; ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალმშენებლობის პასპორტი და არქიტექტორის მიერ გაცემული პროექტები და ცნობები; გაუქმდეს ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილება თ. ა.-სათვის 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე; აღუდგეთ ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობასა და “ს.-ის” შენობას შორის განთავსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება; ნეიტრალური მიწის ნაკვეთი, მდებარე სამეურნეო შენობასა და “ს.-ს” შორის, გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად; უკანონოდ იქნეს ცნობილი თ. ა.-ის მიერ წარმოებული მშენებლობა “ს.-ისა” და ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობებს შორის (ს.ფ. 3-5).

ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 24).

2006 წლის 19 ივნისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა.-მა.

შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები უსაფუძვლოა, ვინაიდან მაღაზიისა და მეორე სართულის მშენებლობა წარმოებდა რაიონის არქიტექტორის თანხმობით. აღნიშნულ მშენებლობას ხელი არავისთვის შეუშლია. მოსარჩელეებს არ ჰქონიათ თავიანთ ავტოფარეხთან მისასვლელი გზა “...-ის” ქუჩის მხრიდან. აფტოფარეხთან მისასვლელი გზა “...-ის” ქუჩის მხრიდანაა. როდესაც კ. ზ.-მ შეიძინა ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობის ნაწილი, მაშინ შემოსასვლელი იყო ცენტრალური მხრიდან. კ. ზ.-მ თვითნებურად გააუქმა პირვანდელი შემოსასვლელი, ხოლო გასასვლელში უნებართვოდ ააგო ტამბური, რითაც დაჩრდილა მისი საქვაბის ფანჯრები.

თ. ა.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა კ. ზ.-სთვის არაკანონიერად აგებული ტამბურის მოშლისა და არაკანონიერად გახსნილი კარების ამოშენების დავალება (ს.ფ. 27-28).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. ნინოწმინდის საკრებულო (ს.ფ. 50).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. დ.-სა და კ. ზ.-ის სარჩელი, თ. ა.-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით უკანონოდ აშენებული მაღაზიის, მასზე მეორე სართულზე განლაგებული გაურკვეველი დანიშნულების ობიექტისა და მეორე სართულზე ასასვლელი რკინაბეტონის კიბის დანგრევა, “ს.-ისა” და მოსარჩელეთა ავტოფარეხის კედლებს შორის აშენებული ქვის გალავანის 0,8 მეტრის სიგრძეზე დანგრევა მოსარჩელეთა ავტოფარეხის მხრიდან; თ. ა.-ს დაევალა მოსარჩელეთა მიერ მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენა. ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. ა.-სათვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოიყო 14 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ზომებით: სიგრძე _ 11,6მ, სიგანე _ 1,2მ, თ. ა.-ის საკუთრებაში არსებული და ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის შენობაში განთავსებული საქვაბის ჩრდილოეთის კედლის უშუალოდ ძირში, ორივე მხარის საერთო სარგებლობისათვის; ბათილად იქნა ცნობილი შპს “ტ.-ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა.-ის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტის ტექნიკური პასპორტი; ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის მესაკუთრის განყოფილებიდან ამოირიცხა ჩანაწერი: “თ. ა.-ი, ...-ის ქ. ¹21, შენობა 152, 75 კვ.მ (ს. მ. ს. და ს.-ში).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, თ. ა.-სათვის ყოფილ ...-ის შენობასა და “ს.-ის” შენობას შორის მდებარე მიწის ნაკვეთის გათავისუფლების დავალების თაობაზე, თ. ა.-სათვის “ს.-ის” შენობის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე პურის ცხობის დროს მაზუთის წვის აკრძალვის შესახებ, თ. ა.-სათვის იძულებითი წესით “ს.-ის” უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთზე მის მიერ თვითნებურად აშენებული ტამბურის დანგრევის შესახებ, “ს.-ის” უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთის, როგორც ნეიტრალური ნაკვეთის, მოსარჩელესა და თ. ა.-ს შორის გაყიდვის შესახებ.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით თ. ა.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კ. ზ.-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით მისი სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელ კარებთან თვითნებურად მიშენებული ტამბურის დანგრევა, ხოლო შეგებებული სარჩელი კ. ზ.-ის მიმართ სტომატოლოგიურ კაბინეტში სადავო მიწის ნაკვეთის მხრიდან თვითნებურად გახსნილი შესასვლელი კარების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 120-131).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მაღაზიის შენობისა და ასასვლელი კიბის დანგრევის, სავაჭრო ცენტრსა და მოსარჩელის ავტოფარეხს შორის მის მიერ აშენებული ქვის გალავანის მონგრევის, მისთვის გამოყოფილი 200კვ.მ მიწის ფართობიდან მოპასუხის სასარგებლოდ 14კვ.მ მიწის გამოყოფის, ტექბიუროს მიერ მის სახელზე გაცემული ტექპასპორტის გაუქმების, საჯარო რეესტრიდან 75კვ.მ მიწაზე მისი საკუთრების ამორიცხვის, პურის საცხობის ტერიტორიაზე მაზუთის წვის აკრძალვის, სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელი კარების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და იქვე აღნიშნა, რომ დამატებით წარმოადგენდა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს (ს.ფ. 137-138).

2006 წლის 16 ნოემბერს თ. ა.-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ: ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით მის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; 1988 წელს მის სახელზე შედგენილი ...-ის მაღაზიისა და აბანოს გენერალური გეგმისა და მომდევნო წლებში შედგენილი სამშენებლო პროექტების გაუქმების ნაწილში; მაღაზიის ზედა სართულზე მდებარე კაფეს გარე განთავსების კიბის, ტამბურისა და კედლის დანგრევის ნაწილში; საქვაბის წინ მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართიბიდან საერთო სარგებლობისათვის 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; მაღაზიის საქვაბისა და კაფეს ტექნიკური პასპორტის გაუქმების ნაწილში; საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ამორიცხვის ნაწილში; მაზუთის წვის აკრძალვის ნაწილში; კ. ზ.-ის მიერ უკანონოდ გამოყენებული სტომატოლოგიური კაბინეტის კარების დაკანონების ნაწილში (ს.ფ. 146-155).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტექპასპორტის გაუქმების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 23 ოქტომბერს თ. ა.-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება. 2006 წლის 16 ნოემბერს სასამართლოს მომართა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება დანარჩენ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების შესახებ; თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში თ. ა.-ის მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. დ.-სა და კ. ზ.-ის სარჩელი და დაევალა თავისი სახსრებით კიბისა და ქვის გალავნის დანგრევა, მაზუთის წვის აკრძალვა, კარების გაუქმება, მიწის ფართობის გამოყოფა, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა კერძოსამართლებრივ დავას და შესაბამისად, განხილულ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წლის 16 ნოემბერს თ. ა.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იყო დამატებითი სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ძირითად მოთხოვნებთან ერთად ასევე ითხოვდა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რაც ძირითადი სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა, კერძოდ, ითხოვდა ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ტექპასპორტის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუკი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეს თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 375-ე მუხლის თანახმად, თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ა.-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტექპასპორტის გაუქმების ნაწილში შეტანილი იყო ზემოხსენებული ნორმების დარღვევით, ვინაიდან აპელანტი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 156-159).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მისი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი სააპელაციო საჩივარში უთითებდა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრის დამატებით წარმოდგენის შესახებ. წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი გამომდინარეობდა ძირითადი სააპელაციო საჩივრიდან და ასახავდა მის დასაბუთებას. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი, მიეცა ვადა მის შესავსებად და განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა იგი, მით უმეტეს, რომ როგორც ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების, ისე ტექპასპორტის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა ძირითად სააპელაციო საჩივარში წარადგინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნები არ დაურღვევია და ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, ნინოწმინდის საკრებულოს განგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებისა ბათილად ცნობისა და ტექპასპორტის გაუქმების მოთხოვნების განუხილველად დატოვების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. ა.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მაღაზიის შენობისა და კიბის დანგრევის, სავაჭრო ცენტრსა და მოსარჩელის ავტოფარეხს შორის მის მიერ აშენებული ქვის გალავანის მონგრევის, მის სახელზე გამოყოფილი 200კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14კვ.მ მიწის გამოყოფის, ტექპასპორტის გაუქმების, საჯარო რეესტრიდან 75კვ.მ მიწის ნაკვეთის მისი საკუთრებიდან ამორიცხვის; პურის საცხობის ტერიტორიაზე მაზუთის წვის აკრძალვისა და სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელი კარების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში (ს.ფ. 137-138).

სააპელაციო საჩივრის შემდგომ წარდგენილ და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში თ. ა.-ი ითხოვს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით მის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელისათვის მიწის გამოყოფის ნაწილში; 1988 წელს მის სახელზე შედგენილი პურის მაღაზიისა და აბანოს გენერალური გეგმისა და მომდევნო წლებში შედგენილი სამშენებლო პროექტების გაუქმების ნაწილში; მაღაზიის ზედა სართულზე მდებარე კაფეს გარე განთავსების კიბის, ტამბურისა და კედლის დანგრევის ნაწილში; საქვაბის წინ მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობიდან საერთო სარგებლობისათვის 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; მაღაზიის, საქვაბისა და კაფეს ტექნიკური პასპორტის გაუქმების ნაწილში; საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის ¹... ჩანაწერის ამორიცხვის ნაწილში; მაზუთის წვის აკრძალვის ნაწილში; კ. ზ.-ის მიერ უკანონოდ გამოყენებული სტომატოლოგიური კაბინეტის კარების დაკანონების ნაწილში (ს.ფ. 146-155).

ამდენად, როგორც ტექპასპორტის გაუქმების ნაწილში, ისე ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით მის სახელზე გამოყოფილი 200კვ.მ მიწიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ა.-ი ასაჩივრებდა სააპელაციო საჩივარში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ა.-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტექპასპორტის გაუქმების ნაწილში შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-375-ე მუხლების დარღვევით, რადგან გასაჩივრებულია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც არ ყოფილა გასაჩივრებული სააპელაციო საჩივრით და უკვე კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ თ. ა.-ი სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ტექპასპორტის გაუქმებისა და ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით მის სახელზე 200კვ.მ მიწიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილშიც, ხოლო დანარჩენ ნაწილში ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია არც სააპელაციო და არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დაცვით, ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შეიცავს სააპელაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ თ. ა.-ი ზემოაღნიშნულ ნაწილებში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში ისე, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული მოთხოვნები არა აქვს მითითებული და გაშვებული აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, არ შეესაბამება საქმის მასალებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.