¹ბს-414-393(კს-07) 17 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
10.03.06წ. მ. ქ-მა, კ. მ-ამ, პ. გ-ემ და ვ. ა-ემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ დავალიანების გადახდის ბრძანების გაცემის შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მ. ქ-ის სასარგებლოდ 857.75 ლარის ოდენობით, ვ. ა-ის სასარგებლოდ 442.80 ლარის, კ. მ-ას სასარგებლოდ 949.37 ლარის და პ. გ-ის სასარგებლოდ 448.82 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება და 676.19 ლარის ოდენობით სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.06წ. გადახდის ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ. ქ-ის სასარგებლოდ 857.75 ლარის ოდენობით, ვ. ა-ის სასარგებლოდ 442.80 ლარის, კ. მ-ას სასარგებლოდ 949.37 ლარის და პ. გ-ის სასარგებლოდ 448.82 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და 676.19 ლარის ოდენობით სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა. 09.08.06წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებლით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაგებელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.06წ. გადახდის ბრძანება, დადგინდა მ. ქ-ის, კ. მ-ას, პ. გ-ის და ვ. ა-ის მიერ აღძრული მოთხოვნის სასარჩელო წესით განხილვა და საქმე განსახილველად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 837.75ლ. გადახდა, ვ. ა-ის სასარგებლოდ _P422.80 ლარის, კ. მ-ას სასარგებლოდ _ 949.37 ლარის, პ. გ-ის სასარგებლოდ _ 448.82 ლარის. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 14.02.07წ., სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 01.03.07წ. ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საჩივარი ფოსტას 28.02.07წ. ჩააბარა, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტისათვის” კორესპონდენციის გადაცემის რეესტრის ამონაწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მის მიერ არ არის დარღვეული სსკ-ის 369-ე მუხლის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმისწარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.07წ. გადაწყვეტილება 14.02.07წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 114). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარებული აქვს 28.02.07წ. (ს.ფ. 127,133), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მეთოთხმეტე დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 16.03.07წ. განჩინება და უნდა განახლდეს საქმისწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.