ბს-434-412(კს-07) 25 ივლისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი - პ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 5 დეკემბერს თ. მ-ის წარმომადგენლებმა გ. ჩ-მა და ნ. ს-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირის - პ. მ-ის მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2004 წლის 1 ივნისს ჩატარებული იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგად გაიყიდა თ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა (მდებარე ქ. თბილისში ... გამზ. II კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა ¹9), რომელიც შეიძინა ფიზიკურმა პირმა პ. მ-ი. მოსარჩელეთა წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარებისას დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნები, კერძოდ, აღმასრულებლის მიერ არ იქნა შედგენილი ოქმი პირველი აუქციონის არჩატარების შესახებ, ხოლო 2004 წლის 1 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე დასასწრებად მიწვეული არ ყოფილა მოვალე თ. მ-ე
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა წარმომადგენლები ითხოვდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2004 წლის 1 ივნისის ¹01/35-214 განკარგულების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენლების - გ. ჩ-ისა და ნ. ს-ის სარჩელი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის წარმოება შეწყდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. მ-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო პალატაში კერძო საჩივრის განხილვამდე, 2006 წლის 21 ივლისს, თ. მ-ის წარმომადგენელმა გ. მ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე, ქ. თბილისში, ... გამზ. II კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა 9, ყადაღის დადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... გამზ. II კვარტლის, მე-... კორპუსში მდებარე ბინა 9-ს, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება პ. მ-ის სახელზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის და 2006 წლის 17 იანვრის განჩინებები.
2006 წლის 27 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინების განმარტება.
თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული სიტყვები: ,,გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება”, განიმარტა შემდეგნაირად: ,,ყადაღა მოეხსნას საცხოვრებელ სახლს, მდებარე თბილისში, ... ქ. II კვარტლის, მე-... კორპუსში ბინა ¹9-ს, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება პ. მ-ის სახელზე”.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნის საკითხი მხარეთა დასწრების გარეშე იქნა განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხლველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღინისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გაუმება სასამათლოს მიერ შესაძლებელია მხარეთა დასწრების გარეშეც.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... გამზ. II კვარტალის, მე-... კორპუსში მდებარე ბ. ¹9.
ამავე სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრისა და 2006 წლის 17 იანვრის განჩინებები; რომელთა საფუძველზეც თ. მ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მე-3 პირის დ. მ-ის მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული და ¹33520 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. ამდენად, ზემოაღნიშნული განჩინებით სასამართლოში დასრულდა საქმის წარმოება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პროცესუალურ საფუძველს.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის წინააღმდეგობრივ შინაარსს და აღნიშნავს: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2006 წლის 27 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინების განმარტება იმის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2006 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმება ნიშნავდა თუ არა ქ. თბილისიში, ... გამზ. II კვარტალის, მე-... კორპუსში მდებარე ბ. ¹9-ზე ყადაღის მოხსნას. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ნათლად და გარკვევით, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მის განმარტებას იმ პირობით, თუ განმარტების შედეგად არ მოხდება გადაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლა. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გაჩინებით მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინების განმარტება და არა სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს.
რაც შეეხება მხარის პრეტენზიას საკითხის მისი დასწრების გარეშე გადაწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლზე დაყრდნობით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე მხარეთა დაუსწრებლად, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს საპროცესო ნორმის დარღვევას და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.