Facebook Twitter

¹ბს-435-413(კს-07) 19 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. პ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რუსთავის საქალაქო სასამართლო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. პ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების – რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და წალკის რაიონული სასამართლოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო და წალკის რაიონული სასამართლოების პასუხების გაუქმება საჯარო ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად მიჩნევისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და სასამართლოებისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება (იხ. ტ. I, ს.ფ. 3-11).

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. პ.-ის სასარჩელო განცხადება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ხოლო წალკის რაიონული სასამართლოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში _ წალკის რაიონულ სასამართლოს (იხ. ტ. I, ს.ფ. 27-29).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. პ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ტ. I, ს.ფ. 60-63).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. პ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ. I, ს.ფ. 68-82).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განჩინებით ი. პ.-ის სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ტ. I, ს.ფ. 110-114).

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განჩინება ი. პ.-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ტ. I, ს.ფ. 121-128).

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 2 აპრილის განჩინებით ი. პ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით ი. პ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ. I, ს.ფ. 156-157).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ი. პ.-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ" პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა.

სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე თავის დებულებების, აგრეთვე საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, მაგრამ არ ზღუდავს სსსკ-ის 29-ე თავის ნორმების, მათ შორის, 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ერთი და არა ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს; ხოლო ორივე მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის პირობებს ადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, საქმე განეხილა მათ დაუსწრებლად (იხ. ტ. II, ს.ფ. 55-58).

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. პ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაბრუნება და სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება.

კერძო საჩივრის მოტივები:

ი. პ.-მ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად: “სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე", ხოლო, სსსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: “საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთხელ გააუქმა განჩინება სააპელაციო საჩივრის მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად დატოვების შესახებ, საააპელაციო სასამართლომ კვლავ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმავე საფუძვლით.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის დარღვევით, ვინაიდან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი და გამოიყენა სსსკ-ის 231-ე მუხლი და 275-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ი. პ.-მ ასევე მიუთითა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას იგი არ ყოფილა დაბარებული კანონის დაცვით, ვინაიდან უწყების თანახმად, რომელიც მას ჩაჰბარდა, დაბარებული იყო აპელანტ ო. ნ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. შესაბამისად, სასამართლომ ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ იგი არც ყოფილა დაბარებული კანონით დადგენილი წესით, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ი. პ.-მ მოითხოვა ასევე მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მთლიანად გათავისუფლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისგან (იხ. ტ. II, ს.ფ. 65-71)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ივანე პ.-ის კერძო საჩივარი (იხ. ტ. II, ს.ფ. 88-89).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ი. პ.-ის კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. პ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობის მითითებული დათქმის შესაბამისად, ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც განსხვავებულად არ წესრიგდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით, უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით, რომლებიც მათი საპროცესო გადაწყვეტის წესებს ადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადნენ აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლო უწყება მთავარ სხდომაზე დაბარების შესახებ არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყებაზე მითითებული უნდა იყოს საქმის დასახელება, რომელზეც იბარებენ მხარეს. სასამართლო უწყების თანახმად კი, რომელიც ჩაჰბარდა ი. პ.-ს, აპელანტი ი. პ.-ი მიწვეული იყო ო. ნ.-ის საქმის განხილვაზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 77). სსსკ-ის თანახმად სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ იგი მხარეს ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-78 მუხლების დაცვით, რასაც ადგილი არ ჰქონია და, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, 275-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრი განუხილველად დაეტოვებინა სასამართლო პროცესზე მხარეთა გამოუცხადებლობის საფუძვლით, თუნდაც უწყება აპელანტს ჩაჰბარებოდა კანონის დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქმის განხილვის განსხვავებული საპროცესო წესებია დადგენილი, კერძოდ, 26I-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა, ხოლო მე-3 ნაწილით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ მხარის დაუსწრებლად, დავის არსებითად გადაწყვეტას შემაჯამებელი საპროცესო აქტის _ გადაწყვეტილების სახით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არამართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმის განხილვის უფლებამოსილება მოწესრიგებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლით, რომლის მიხედვით ასეთის წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა წერილობითი მოთხოვნა საქმის მათი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი ადგენს მხარეთა უფლებას, წერილობითი შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს მათი დასწრების გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, რაც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განიხილოს საქმე გამარტივებული წესით. გამარტივებული წესით საქმის განხილვაში კანონმდებელი გულისხმობს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I.3 მუხლით განსაზღვრული სასამართლოს უფლებამოსილება, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად საქმის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, უნდა გავრცელდეს როგორც ერთი, ასევე ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაზე, ვინაიდან მითითებული ნორმით მხარე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გარანტირებულია საქმის არსებითად განხილვის უფლებით და ეს უფლება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მეორე მხარის გამოცხადება-არგამოცხადებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობის ლოგიკით სათუო ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I.3. მუხლით დადგენილი პროცესუალური გარანტია მხარის არგამოცხადების შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვის თაობაზე, რაც პრაქტიკულად განაპირობებს ამ საპროცესო უფლების იგნორირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I-ე მუხლის I ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების გამოყენების აკრძალვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ იკრძალება ამ თავის ნორმებში მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმების გამოყენება, შესაბამისად, 26I.3. მუხლი ნორმის ინტერპრეტაციის უფლებამოსილებაზე დაყრდნობით, როგორც საპროცესო უფლების დამდგენი ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს პროცესის მონაწილის /მონაწილეთა/ სასარგებლოდ და არა საზიანოდ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების არამართებული გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე.

რაც შეეხება ი. პ.-ის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ მის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გაათავისუფლოს კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სააპელაციო საჩივარზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26I.3; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3; 419-ე, 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.