Facebook Twitter

ბს-451-430(კს-08) 3 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “....”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 ოქტომბერს შპს “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2005 წლის 22 სექტემბრის ¹986 ბრძანებისა და 2005 წლის 18 ოქტომბრის ¹1109 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც შპს “....” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა შპს “...” 2005 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო აქტით დარიცხული 19160 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 სექტემბრის ¹986 ბრძანება და შპს “....” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საგადასახადო ინპექციის 2005 წლის 18 ოქტომბრის ¹1109 ბრძანება მოსარჩელისათვის მოგების გადასახადის სახით 12803 ლარის დარიცხვის ნაწილში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება შპს “.....” გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით შპს “....” სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება შპს “....” იურისტ ლ. ი-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 25 თებერვალს. ამდენად, შპს “....” სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2008 წლის 10 მარტის ჩათვლით. შპს “....” წარმომადგენელმა მ. ა-ემ კი სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 11 მარტს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილი არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას. ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს “....”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება შპს “...” იურისტ ლ. ი-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 25 თებერვალს, ხოლო შპს “...” ადვოკატმა მ. ა-ემ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 10 მარტს, რაც დასტურდებოდა კერძო საჩივარზე დართული შესაბამისი ფოსტის ქვითრით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით შპს “....” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 3 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “....” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “....” იურისტ ლ. ი-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 25 თებერვალს (ს.ფ. 105). ამდენად, შპს “....” სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2008 წლის 10 მარტის ჩათვლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს “....” კერძო საჩივარზე დართული “თNთ”-ის ფოსტის ქვითრით დასტურდება, რომ შპს “....” წარმომადგენელმა მ. ა-ემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 10 მარტს (ს.ფ. 137).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “....” არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შპს “...” წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მე-14 დღეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “....” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “....” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.