Facebook Twitter

ბს-456-435(კს-08) 19 ივნისი, 2008 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პ. გ.-ე

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის

წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 1 თებერვალს პ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების _ 5616 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პ. გ.-ის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 5616 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 7 მარტს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელ რ. ხ.-ს. საქმის მასალებით ასევე დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაგზავნია. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დაწყებას ცალსახად უკავშირებდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რ. ხ.-თვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, ანუ 2008 წლის 8 მარტს და დასრულდა მე-14 დღეს, ანუ იმავე წლის 21 მარტს. სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 26 მარტს, 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას. ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე გადაცემული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების სამმართველოს ჩაჰბარდა 2008 წლის 12 მარტს, ხოლო უშუალოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გამოგზავნილი გადაწყვეტილება _ 2008 წლის 28 მარტს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება არ გაგზავნია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი დამატებით მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არ შეამოწმა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რაც განჩინების დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, ხოლო ვადა გასულად, მაგრამ არ მიუთითა აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების საფუძველზე განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამ ნორმის გამოყენებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლები.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რ. ხ.-თვის მინიჭებული ჰქონდა პ. გ.-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება პირველი ინსტანციის სასამართლოში და ეს უფლებამოსილება დასრულდა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. ამდენად, რ. ხ.-ე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დროისათვის აღარ იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. შესაბამისად, ეს გარემოება გამორიცხავდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევას. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა 2008 წლის 8 მარტიდან, როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, არამედ ამ გადაწყვეტილების უშუალოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჩაბარების დღიდან, ერთ შემთხვევაში 2008 წლის 12 მარტიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში 2008 წლის 28 მარტიდან. ამდენად, სააპელაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა 14-დღიანი ვადის დაცვით 2008 წლის 26 მარტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ რ. ხ.-ს არ გააჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. ამდენად, 2008 წლის 8 მარტს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და არც თავად სამინისტროს. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ 2008 წლის 8 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების რ. ხ.-თვის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად, გადაწყვეტილება მაინც უნდა ჩაჰბარებოდა თავად სამინისტროსაც, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 12 და 28 მარტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 19 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო იმავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რ. ხ.-ს 2008 წლის 7 მარტს (ს.ფ. 51).

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რ. ხ.-ს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება არ ჰქონდა, მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რ. ხ.-ს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება არ ჰქონდა, არ გამორიცხავდა მის მიერ სასამართლო დოკუმენტების მიღების უფლებას, მით უმეტეს, რომ რ. ხ.-ე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ს.ფ. 44). საგულისხმოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რ. ხ.-მ ჩაიბარა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის, რაც დროულად განახორციელა კიდეც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დაწყებას ცალსახად უკავშირებს მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს. ამასთან, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ რ. ხ.-თვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, ანუ 2008 წლის 8 მარტიდან, შესაბამისად, ხსენებული ვადა დასრულდა მე-14 დღეს, ანუ იმავე წლის 21 მარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა 2008 წლის 26 მარტს, ანუ 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამასთან, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.