ბს-462-439(კს-07) 4 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები: ე. ხ-ი, ლ. ა-ი, მ. მ-ი (დ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. გ-ე, რ. ო-ი, ე. ჩ-ი, შ. ა-ი; წარმომადგენელი – რ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო; დაბა წყნეთის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 9 აგვისტოს ე. ხ-ის, ლ. ა-ის, დ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის წარმომადგენელმა რ. ხ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და დაბა წყნეთის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განაცხდებით ითხოვდა მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დავალებოდა ე. ხ-ის სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ... , ბინებზე 2 და 4; ლ. ა-ის სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ... , ბინებზე 2 და 4; დ. მ-ის სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ... , ბინებზე 1 და 2; დ. გ-ის სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ... , ბინებზე 2 და 4; რ. ო-ის სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ..., ბინებზე 1 და 3; ე. ჩ-ი სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ... , ბინებზე 1 და 3; შ. ა-ის სახელზე დაბა წყნეთში, ... ზონა, კორპ ... , ბინებზე 2 და 4 საკუთრების მოწმობების გაცემა.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით დაბა წყნეთის გამგეობის ნაცვლად საქმეში ჩაება მისი უფლებამონაცვლე ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობა. ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით, ნაცვლად დ. მ-ისა საქმეში ჩაება მისი უფლებამონაცვლე ნ. მ-ი.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის, ლ. ა-ის, დ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის წარმომადგენლის რ. ხ-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-ის, ლ. ა-ის, დ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის წარმომადგენელმა რ. ხ-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცახდების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ე. ხ-ის, ლ. ა-ის, დ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის წარმომადგენლის - რ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტების მხრიდან სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის გაშვების მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ხ-მა, ლ. ა-მა, ნ. მ-მა, დ. გ-მ, რ. ო-მა, ე. ჩ-მა, შ. ა-მა.
კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდათ 2007 წლის 26 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარეს 2007 წლის 10 აპრილს, ანუ მე-15 დღეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მართალია, სააპელაციო საჩივრის ბოლო ვადა იყო 2007 წლის 9 აპრილი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 7 და 8 აპრილი იყო დასვენების დღე, ხოლო 9 აპრილი უქმე დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი: ..თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე”. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეიტანეს უქმე დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილს განჩინების გაუქმებასა და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ხ-ის, შ. ა-ის, რ. ო-ისა და ე. ჩ-ის წარმომადგენლის რ. ხ-სა და ნ. მ-ის, დ. გ-ის, ლ. ა-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".
როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ე. ხ-ს, ლ. ა-ს, ნ. მ-ს, დ. გ-ს, რ. ო-ს, ე. ჩ-ს, შ. ა-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნათ 2007 წლის 23 მარტს, რომელიც ჩაჰბარდათ 2007 წლის 26 მარტს (ს.ფ. 160-167), რაც დასტურდება გზავნილზე არსებული ხელმოწერით, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი ფოსტაში შეიტანეს 2007 წლის 10 აპრილს (ს. ფ. 168-172), ანუGგადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების Dდღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანათ 2007 წლის 9 აპრილის 24 საათამდე, მათ კი სააპელაციო საჩივარი ფოსტაში შეიტანეს 2007 წლის 10 აპრილის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, 9 აპრილი დადგენილია უქმე დღედ, ხოლო მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღეა 10 აპრილი, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, ვადას გასულად არ მიიჩნევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია აპელანტების - ე. ხ-ის, ლ. ა-ის, ნ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევის, თაობაზე უსაფუძვლოა და არ ემყარება საპროცესო კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს, რის გამოც კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ხ-ის, ლ. ა-ის, მ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება და ე. ხ-ის, ლ. ა-ის, მ. მ-ის, დ. გ-ის, რ. ო-ის, ე. ჩ-ის, შ. ა-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით, გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.