¹ბს-48-48(კს-08) 28 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ძ. ჭ-ე, ლ. ე-ი, ე. ლ-ე, ნ. ს-ე, რ. ქ-ი, ზ. ბ-ე, შ. ბ-ი, რ. ვ-ე
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების განხილვა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 30 იანვარს ძ. ჭ-ემ, ლ. ე-მა, ე. ლ-ემ, ნ. ს-ემ, რ. ქ-მა, ზ. ბ-ემ, შ. ბ-მა და რ. ვ-ემ სარჩელით მიმართეს დუშეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დუშეთის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ, მესამე პირი _ დუშეთის რაიონის სოცდახმარების სამსახური. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის თანხების გადახდის დაკისრება შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე დუშეთის რაიონის გამგეობას 1995 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 თებერვლამდე პერიოდისათვის დაეკისრა: ძ. ჭ-ის სასარგებლოდ _ 10800 ლარის, ლ. ე-ის სასარგებლოდ _ 12952 ლარის, ე. ლ-ის სასარგებლოდ _ 13704.90 ლარის, ნ. ს-ის სასარგებლოდ _ 13233,6 ლარის, რ. ქ-ის სასარგებლოდ _ 15606 ლარის, ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 16197,6 ლარის, შ. ბ-ის სასარგებლოდ _ 11923,2 ლარის, რ. ვ-ის სასარგებლოდ _ 12405,6 ლარის ერთდროულად გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2003 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელეებისათვის სარჩოს ანაზღაურება ყოველთვიურად: ძ. ჭ-ის სასარგებლოდ _ 160 ლარის, ლ. ე-ის სასარგებლოდ _ 160 ლარის, ე. ლ-ის სასარგებლოდ _ 140 ლარის, ნ. ს-ის სასარგებლოდ _ 160 ლარის, რ. ქ-ის სასარგებლოდ _ 200 ლარის, ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 160 ლარის, შ. ბ-ის სასარგებლოდ _ 160 ლარის, რ. ვ-ის სასარგებლოდ _ 120 ლარის ოდენობით, მდგომარეობის შეცვლამდე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის რაიონის გამგეობამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ძ. ჭ-ის, ლ. ე-ის, ე. ლ-ის, ნ. ს-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა; რ. ქ-ის, ზ. ბ-ის, შ. ბ-ის, რ. ვ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასახდელად დაეკისრა: რ. ქ-ის სასარგებლოდ 2001 წლის 11 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროისათვის ერთდროული თანხა, თვეში 60 ლარის გაანგარიშებით, ხოლო შემდეგ _ ყოველთვიურად 60 ლარი, მდგომარეობის შეცვლამდე; ზ. ბ-ის სასარგებლოდ 2001 წლის 11 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროისათვის ერთდროული თანხა, თვეში 48 ლარის გაანგარიშებით, ხოლო შემდეგ _ ყოველთვიურად 48 ლარი, მდგომარეობის შეცვლამდე; შ. ბ-ის სასარგებლოდ 2001 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროისათვის ერთდროული თანხა, თვეში 48 ლარის გაანგარიშებით, ხოლო შემდეგ _ ყოველთვიურად 48 ლარი, მდგომარეობის შეცვლამდე, რ. ვ-ის სასარგებლოდ 2001 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროისათვის ერთდროული თანხა, თვეში 36 ლარის გაანგარიშებით, ხოლო შემდეგ _ ყოველთვიურად 36 ლარი, მდგომარეობის შეცვლამდე.
გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2007 წლის 30 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით საქმის წარმოების შესახებ მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე ¹3ბ/716- 05), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. ქ-ის, ზ. ბ-ის, შ. ბ-ისა და რ. ვ-ის სარჩელები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მათ სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა 2001 წლის 11 დეკემბრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე.
განმცხადებელმა განმარტა, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო (შეცვლილიყო) და საქმის წარმოება განახლებულიყო იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს დაევალა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2007 წლის 1 მარტიდან.
განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე. აღნიშნული ¹48 ბრძანებულება გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. მოცემულ შემთხვევაში გაუქმებული იყო სხვა ორგანოს დადგენილება _ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანისას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს დაევალა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2007 წლის 1 მარტიდან.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება გაუქმდა 2007 წლის 1 მარტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა ყოფილიყო ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვებოდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვადის დენა იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდებოდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება გაუქმდა 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო განცხადება სასამართლოში შეტანილი იყო 2007 წლის 27 მარტს. შესაბამისად, სამინისტროს მიერ დაცული იყო განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს” უნდა უზრუნველეყო “საქნახშირის დეპარტამენტის შახტებისა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის ¹429-ა ბრძანებულებისა და “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე.
განმცხადებელმა განმარტა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდებოდა სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ იყო განხორციელებული მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლებოდა წარმოშობილიყო. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის “ფონდის მიერ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო დამატებით უნდა გაცემულიყო ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს _ ექვსი თვის ოდენობით”. რაც შეეხებოდა განცხადების სასამართლოში შეტანისას განსჯადობის წესების დაცვის საკითხს, ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა ყოფილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
განმცხადებელმა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს დაევალა მოსარჩელეებისათვის სარჩოს გადახდა 2007 წლის 1 მარტიდან და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის მოტივით დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოითხოვდა რა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებით გაუქმდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვები იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი), ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდებოდა. აღნიშნული მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სხვა ორგანოს დადგენილებაში არ მოიაზრებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ და არა ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა, რომელსაც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მითითებული ნორმა გულისხმობდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების დაშვების წანამძღვრები არ არსებობდა ანუ, წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ იყო დასაშვები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა შეემოწმებინა, დასაშვები იყო თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და თუ არ არსებობდა განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლოს თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით. წარმოდგენილი განცხადება არ იყო დასაშვები, იგი დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უფუძნება იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”, რომლითაც გათვალისწინებული იყო ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს გარემოება არ წარმოადგენდა საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ ეთახმება სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ორგანო ან დაწესებულება, რომელიც კანონის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და დასაშვებია ვარაუდი, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ზემოხსენებული დათქმა გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტის აქტებსაც. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა ორგანოს დადგენილების ცნებაში არ იგულისხმება მოცემული შემთხვევა, მით უმეტეს, რომ მითითებული ნორმა ასეთ დათქმას არ შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 28 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში.
დადგენილია, რომ განმცხადებელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი მუხლის “დ” ქვეპუქტზე და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის მოტივით დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების დაშვების წანამძღვრები არ არსებობს ანუ, წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ არის დასაშვები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. წარმოდგენილი განცხადება არ არის დასაშვები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების გაუქმება არ შეიძლება ჩაითვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებად. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები, ანუ, წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ არის დასაშვები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამომწურავია და მათი წრის გაფართოება დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.