ბს-49-47(კს-07) 10 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა. მ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანა და შვებულებისა და პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის ანაზღაურება (იხ. ტ.I, ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხემ – აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და სამუშაოდან დათხოვნის თარიღად, 2004 წლის 12 ნოემბრის ნაცვლად, მიეთითა 2005 წლის 4 აპრილის შემდეგი რიცხვი; მოპასუხეს დაეკისრა ა. მ-ის სასარგებლოდ 2004 წლის გამოუყენებელი შვებულებისა და პენსიაში გასვლასთან დაკავშირებული შვებულების კომპენსაციის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2003 წლის შვებულების კომპენსაციის ანაზღაურებაზე (იხ. ტ.I, ს.ფ. 51-53).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.I, ს.ფ. 56-57).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში ა. მ-ის გათავისუფლების თარიღად მიეთითა 2005 წლის 18 აპრილი; აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელისათვის პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით, კომპენსაციის 3 თვის სარგოს და გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის ანაზღაურება (იხ. ტ.I, ს.ფ. 89-94).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.I, ს.ფ. 97-99).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ტ.I, ს.ფ. 124-129).
ა. მ-მ 2006 წლის 4 დეკემბერს მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, შემდეგი მოტივაციით:
ვერ ხერხდება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რომელი წლის საშტატო განაკვეთით უნდა გაიცეს საკომპენსაციო თანხა. შესაბამისად, მან მოითხოვა 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული წინადადების - ,,დაევალოს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს გასცეს მოსარჩელე ა. მ-ს პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, კომპენსაცია 3 თვის სარგოს ოდენობით” და ,,აუნაზღაურდეს მას 2005 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია დადგენილი წესით”, განმარტება. განმარტების საგანს წარმოადგენდა თუ რომელი წლის სახელფასო განაკვეთით უნდა მიეცეს მოსარჩელეს პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით 3 თვის სარგო და 2005 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია (იხ. ს.ფ. ტ.II, ს.ფ. 1-3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ს განემარტა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტი - ,,დაევალოს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს გასცეს მოსარჩელე ა. მ-ის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, კომპენსაცია 3 თვის სარგოს ოდენობით”, განმარტა, რომ მოსარჩელეს პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს 3 თვის კომპენსაცია 2005 წლის 3 თვის სარგოს ოდენობით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. მ-ის სამუშაოდან დათხოვნის თარიღად მითითებულია 2005 წლის 18 აპრილი (იხ. ტ.II, ს.ფ. 19-21).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლოს მიერ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტის სხვაგვარი განმარტება:
ა. მ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 10 ივლისის ¹370 საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებით 2004 წლის 12 ივლისიდან აყვანილი იქნა კადრების გაკრაგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-12 მუხლი ითვალისწინებს კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხ თვიან ვადას, ა. მ-ე დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან 2005 წლის 18 აპრილის ¹102 პ/შ ბრძანებით 2004 წლის 12 ნოემბრიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნით 2004 წლის 12 ივლისიდან _ 12 ნოემბრამდე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 18 აპრილის ¹102 პ/შ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მოსარჩელის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის თარიღად ჩაითვალა 2005 წლის 18 აპრილი. აღნიშნული პერიოდი, 2004 წლის 12 ნოემბრიდან 2005 წლის 18 აპრილამდე ა. მ-ს ჩაეთვალა მუშაობის სტაჟში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ამ პერიოდში ჰქონდა დაკავებული რაიმე თანამდებობა. შესაბამისად, კომპენსაციის გაცემა უნდა განხორციელდეს ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედვით, ანუ 2004 წელს დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული განმარტება, რომ ა. მ-ს უნდა აუნაზღაურდეს პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით 2005 წლის 3 თვის სარგოს ოდენობით კომპენსაცია, საფუძველს მოკლებულია იმის გამო, რომ 2004 წლის 12 ივლისის რეორგანიზაციის შედეგად, ა. მ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა ლიკვიდირებულ იქნა და ის აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, იგი არ იმყოფებოდა თანამდებობაზე და არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
ამასთან, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის ანაზღაურება, რომელსაც არეგულირებს “სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლი, შეჩერებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 ნოემბრის ¹624 ბრძანებულებით 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდგომში 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით, აღნიშნული ვადა გაგრძელდა 2007 წლის 1 იანვრამდე, რომელიც 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულებით გაგრძელდა 2008 წლის 1 იანვრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემა ვერ ხორციელდება აღნიშნული პერიოდის გასვლამდე (იხ. ტ.II, 24-25; 39-40).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი (იხ. ტ.II, ს.ფ. 43-44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმები, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას – მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი – მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ როცა, ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა ოდენ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონშესაბამისი, დროული აღსრულების უზრუნველყოფით.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 262.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება ჰქონდა მხარეთა თხოვნით განემარტა გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.
სსსკ-ის 262.1. თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია მაშინ, როცა გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული და არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ამასთან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი განმარტება მისცა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის /2005 წლის 23 დეკემბრამდე არსებული რედაქცია/ თანახმად, საჯარო მოხელეს ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილი მოთხოვნათა დარღვევის (დაწესებულების მიზეზით) გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული მუხლის თანახმად, მოხელეს კომპენსაცია უნდა მიეცეს გათავისუფლების დროს არსებული სარგოს ოდენობით, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, ა. მ-ის გათავისუფლების თარიღად მითითებულ იქნა 2005 წლის 18 აპრილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, როცა მიუთითა, რომ ა. მ-ზე კომპენსაცია უნდა გაიცეს 2005 წლის 3 თვის სარგოს ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არასწორად მიუთითა ა. მ-ის გათავისუფლების თარიღად 2005 წლის 18 აპრილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის მოტივებზე მსჯელობა სასამართლოს მიერ, ფაქტობრივად წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების რევიზიას, რაც დაუშვებელია, რამდენადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად ნებისმიერი პირისათვის სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, და მისი კანონიერების გადამოწმება კერძო საჩივრის მოტივების საფუძველზე სცილდება სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნას არ წარმოადგენს სსსკ-ის 422-423-ე მუხლების საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება ან ბათილად ცნობა, არამედ მხარე ითხოვს გადაწყვეტილების განმარტებას აღსრულების შეუძლებლობის გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1. მუხლის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია განმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი აღსრულების მიზნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში, რაც არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტების და სამართლებრივი შეფასებების ხელახალ კონტროლს სასამართლოს მიერ.
აღნიშნულ ფაქტზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამათლო არ არის უფლებამოსილი, გადაამოწმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების კანონიერება და არა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განმარტებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.