Facebook Twitter

¹ბს-497-474(კ-07) 2 აგვისტო, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს ,,ნ-ა"

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.06წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,ნ-ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის 24.08.04წ. ¹28/1724 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 30.09.04წ. განჩნებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუმდგომლობა და შეჩერდა სადავო აქტის მოქმედება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამავე სასამართლოს 30.09.04წ. გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-ას” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადახდელთა ისპექციის 24.08.04წ. ¹28/1724 წერილი.

30.09.04წ განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.04.05წ. განჩინებით საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაბმული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.09.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 30.09.04წ. და 13.10.04წ. განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და მოპასუხე მხარე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის და 275-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სააპელაციო პალატის აზრით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია მხარეთა ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ნორმა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ის XXVI თავის დებულებები არ გამოიყენება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 275-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტი მოთავსებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIX და არა XXVI თავში. პალატა მიიჩნევს რომ ასკ-ის 27-ე მუხლით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეთა წერილობითი თანხმობის არსებობის გარეშე საქმე განეხილა მათ დაუსწრებლად, რაც განაპირობებდა კიდეც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ. საკასაციო სასამართლოს 07.06.07წ. განჩინებით მიჩნეული იქნა, რომ თავისი არსით საკასაციო საჩივარი კერძო საჩივარს წარმოადგენდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლო ასკ-ის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო გამოეტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოტივაცია ემყარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის 1-ელ ნაწილს, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებანი. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ უწყება არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლოს არ დაუდგენია მისი გამოუცხადებლობის მიზეზი და უსაფუძვლოდ მიიჩნია გამოუცხადებლობა არასაპატიოდ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.06წ. განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ამ მოტივით საქმის განუხილველად დატოვებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის(დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებანი. ამ თავის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

როგორც აღინიშნა, ზემოთ დასახელებული დებულებანი ადმინისტრაციულ პროცესში არ გამოიყენება. შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის ადმინისტრაციულ დავებში გამოყენება, რადგან “დ” ქვეპუნქტი ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის XXVI თავის დებულებებს. ამდენად, არამართებულია მხარის გამოუცხადებლობის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი (სასკ-ის 3.2 მუხ., მე-4, მე-19 და სხვ. მუხ.) განაპირობებს პროცესის დისპოზიციურობის საწყისების შეზღუდვას და სასამართლოს ვალდებულებას განიხილოს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე მიუხედავად მხარეთა გამოუცხადებლობისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.06წ. განჩინება.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.06წ. განჩინება;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.