Facebook Twitter

¹ბს-502-480(კს-08) 12 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. კ.-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა დ. კ.-ის 2002 წლის 3 ივნისის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ (მესამე პირები _ მ. ფ.-ი და ლ. ა.-ი). აღნიშნული სასარჩელო განცხადებით დ. კ.-ე მოითხოვდა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002 წლის 21 მაისს ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაყიდვის მიზნით, განმეორებითი იძულებითი აუქციონის ჩაშლილად გამოცხადებასა და სასამართლო აღმასრულებლის 2002 წლის 22 მაისის ¹15/01-24 განკარგულების ბათილად ცნობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით დ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინებით დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინება.

ზემოაღნიშნული სარჩელის წარდგენამდე, კერძოდ, 2002 წლის 27 მაისს დ. კ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ აუქციონზე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, მისი კუთვნილი ბინა 26220,55 ლარად შეიძინა ლ. ა.-მ. დასახელებული თანხა იყო ბანკ ,,...-ში” და 2002 წლის 22 მაისს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა ¹15/01-24 განკარგულება. აღნიშნულის თაობაზე დ. კ.-ე აპირებდა სარჩელის აღძვრას. ხსენებული ბანკიდან თანხის კრედიტორისათვის გადარიცხვით და რეესტრის ჩანაწერების შეცვლით კი გართულდებოდა მისი კანონიერი ინტერესების დაცვა. განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული თანხის დაყადაღება და უძრავი ქონების ჩანაწერების შეცვლის შეჩერება. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის განჩინებით დ. კ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა _ ბანკ ,,...-ში” არსებულ 26220,55 ლარს (გადამხდელი _ ლ. ა.-ი) დაედო ყადაღა და შეჩერებულ იქნა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის მიერ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე რეესტრის ჩანაწერების შეცვლა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნულ განჩინებაზე 2003 წლის 29 აპრილს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა ლ. ა.-ის წარმომადგენელმა შ. შ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერებულ იქნა საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის განჩინება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც დ. კ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეჩერებულ იქნა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, დ. კ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე რეესტრის ჩანაწერების შეცვლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2007 წლის 23 ივლისს ლ. ა.-ის წარმომადგენელმა შ. შ.-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ საქმეზე დ. კ.-ის სარჩელის გამო, მიღებული იყო საბოლოო გადაწყვეტილება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, დ. კ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე რეესტრის ჩანაწერების შეცვლის შეჩერების გამო, მისი მარწმუნებელი ვერ იფორმებდა აუქციონზე შეძენილ ბინას, რითაც ილახებოდა მისი კანონიერი უფლებები. განმცხადებელმა მოითხოვა ხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით (დ. კ.-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით) გამოყენებული ღონისძიება _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, დ. კ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე რეესტრის ჩანაწერების შეცვლის შეჩერება.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც დ. კ.-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეჩერებულ იქნა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, დ. კ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე რეესტრის ჩანაწერების შეცვლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა 2005 წლის 29 მარტს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დ. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებდა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2005 წლის 29 მარტიდან შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას აღარ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა გაუქმებულიყო. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ახალი განჩინება მიღებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოცემული განცხადება განსახილველად ექვემდებარებოდა სწორედ სააპელაციო სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებების გათვალისწინებით კი, სასამართლო უფლებამოსილი იყო, აღნიშნული განცხადება განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა დ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის განცხადების განხილვა ზეპირი მოსმენით.

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 2008 წლის 21 მარტს ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება, რომელიც მიღებულ იქნა კანონისა და მისი ინტერესების უხეში დარღვევით, ვინაიდან ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის განცხადების განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ მას არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა და საქმის განხილვის თარიღი, რაც მიიჩნია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების, ასევე მისი კანონიერი უფლებების უხეშ დარღვევად, რის გამოც იმავე განცხადების განხილვა უნდა მომხდარიყო ზეპირი მოსმენით, რათა დაეცვა თავისი უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით დ. კ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებდა სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებდა საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებდა მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). იმავე კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად კი, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტდა ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლისა და კანონის ანალოგიის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ გარემოებათა არსებობა, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით დ. კ.-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 12 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ.-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც დ. კ.-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეჩერებულ იქნა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹5/10-ში მდებარე, დ. კ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე რეესტრის ჩანაწერების შეცვლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა 2005 წლის 29 მარტს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დ. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორი _ დ. კ.-ე წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ ხდის არა გასაჩივრებული განჩინების მიღებისა და იმავე განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას, არამედ ამტკიცებს ხსენებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას, რაც მისი მოსაზრებით, გამოიხატა ლ. ა.-ის წარმომადგენელ შ. შ.-ის განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე, მისთვის შეუტყობინებლად განხილვაში, ანუ განმცხადებელი სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დასახელებული განცხადების განხილვის საპროცესო წესის დაცვასა და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების ამ კუთხით კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 193-ე მუხლი განსაზღვრავს განცხადების განხილვის წესს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. ხსენებული კოდექსის 194-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც უნდა მიეთითოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. იმავე კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს საპროცესო კანონის ანალოგიას _ საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენებას სასამართლოს მიერ. ხსენებული ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავში (სარჩელის უზრუნველყოფა) არ არის მოცემული სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც პირდაპირ დაარეგულირებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას _ აღნიშნული განცხადების განხილვის საპროცესო წესს, ხსენებული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვის დროს სასამართლო კანონის ანალოგიის პრინციპის საფუძველზე, იყენებს სამოქალაქო საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას, კერძოდ, იმავე თავით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისათვის რეგლამენტირებულ საპროცესო ნორმებს. დასახელებული კოდექსის ამგვარი ნორმატიული კონსტრუქცია და შინაარსობრივი სტრუქტურა კი განპირობებულია საკანონმდებლო ტექნიკის მოსაზრებებით, კერძოდ, ამავე კოდექსის სათანადო მოცულობის უზრუნველყოფის მიზნით, კანონის ანალოგიის ტექნიკის ეფექტური და მართლზომიერი გამოყენებით.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის (სარჩელის უზრუნველყოფა) ნორმების შეჯერებითა და კომპლექსური ანალიზით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული სასამართლო წარმოების დროს სასამართლო, საპროცესო ანალოგიის პრინციპის მიხედვით, იყენებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის იმავე კოდექსის 193-ე მუხლით დადგენილ წესს, რაც გამოიხატება საქმის განხილვის იგივე ფორმის _ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის გამოყენებაში, ხოლო, რაც შეეხება ამავე მუხლით განსაზღვრულ განცხადების განხილვის ერთდღიან ვადას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული ამ ვადით, ვინაიდან, თუ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინება წარმოადგენს საქმის განხილვის პროცესში დინამიკურად მიღებულ შუალედურ განჩინებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების თაობაზე განჩინება მიიღება იმავე კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვისას შესაბამისი საქმის სასამართლო წერმოება უკვე დასრულებულია და ამ მუხლის იმპერატიული ხასიათის ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება წარმოადგენს სასამართლოს ვალდებულებას ამავე მუხლით დადგენილ შემთხვევებში, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხის განხილვისას მხარეთა სასამართლოში დაბარება და ამის თაობაზე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა არ არის საჭირო, რადგან მათი განხილვაზე დასწრება და გამოთქმული მოსაზრებანი ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს სასამართლოს მიერ მისაღებ შესაბამის განჩინებაზე. თუ სასამართლომ არ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმის წარმოების დამთავრებისას, შემდგომში ამ საკითხზე წარდგენილ განცხადებაზე მიღებული განჩინება, შეიძლება ითქვას, რომ არის სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, შესაბამისი შედეგის პირობებში მიღებული დამატებითი განჩინება კონკრეტული სუბიექტის განსაზღვრული უფლების განხორციელებისათვის დაბრკოლების აღმოფხვრის მიზნით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2005 წლის 29 მარტიდან შევიდა კანონიერ ძალაში, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას აღარ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა გაუქმებულიყო, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებების გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი იყო, აღნიშნული განცხადება განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორს _ დ. კ.-ს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების მიღება საპროცესო ნორმების დარღვევით და შესაბამისად, ზემოხსენებული განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ.-ის საჩივარი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971-ე, 1991-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. კ.-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრისა და 2008 წლის 29 აპრილის განჩინებები; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.