ბს-519-496(კს-07) 19 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ.-ი, წარმომადგენელი გ. მა.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები და მოწინააღმდეგე მხარის _ გ. მ.-ის წარმომადგენლის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება გ. მ.-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ.-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ.-ის სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა: ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა წინა წლებში დარიცხული ხელფასის დავალიანების _ 3100 ლარის ანაზღაურება; ბ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ს.ფ. 3-19).
2006 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარე გ. მ.-ის წარმომადგენელმა გ. მა.-მ, რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებაში აღნიშნულია შემდეგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს, გამოსცეს ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე. განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მითითება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობას. მასში არასწორად მიეთითა ფინანსთა სამინისტროზე, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად. აღნიშნულ უსწორობას ადასტურებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული დასკვნა, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სამსახურში აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის მოპასუხედ მიუთითებს არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლის ბრძანებითაც იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან, არამედ საბაჟო დეპარტამენტს, რასაც პალატაც ეთანხმება. ამდენად, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სახეზე იყო გადაწყვეტილებაში მექანიკურად დაშვებული უსწორობა და ითხოვდა მის გამოსწორებას (ს.ფ. 2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით გ. მ.-ის წარმომადგენელ გ. მა.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე.”
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ.-ის წარმომადგენელ გ. მა.-ის შუამდგომლობა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის უსწორობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, ზეპირი განხილვის გარეშე თვითონვე გამოესწორებინა იგი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უსწორობის მექანიკური ხასიათი დასტურდებოდა საქმის მასალებთან და გადაწყვეტილების ტექსტთან შინაარსობრივად მისი აშკარა შეუსაბამობით (ს.ფ. 20-21).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის არასწორ განმარტებაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე.” სარჩელში გ. მ.-ს მოპასუხედ მითითებული ჰყავს ორი მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით (თავდაპირველი ვარიანტით) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე დაევალა ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს _ ფინანსთა სამინისტროს, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით _ მეორე ადმინისტრაციულ ორგანოს _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახეზეა გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსის არსებითი შეცვლა, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული არა აქვს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ დაარღვია კანონი და განჩინებით არსებითად შეცვალა გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა (ს.ფ. 26-27).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, რის შესახებაც იყო მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებას. იგი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მითითება წარმოადგენდა გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარებოდა გასწორებას. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების შემდეგნაირად ჩამოყალიბებას: “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე”.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განმცხადებლის მიერ მითითებული უსწორობის გასწორება გამოიწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსის არსებით შეცვლას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გარკვევით მიუთითებს, რომ გ. მ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს (ს.ფ. 11). აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის მოპასუხედ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (რომელიც გ. მ.-ის მიერ აღძრულ სარჩელზე ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენდა), არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მითითებას, რადგან როგორც სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელე, მართალია, დანიშნული იყო სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობაზე, მაგრამ მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, სადაც ითხოვდა სამსახურში აღდგენას (ს.ფ. 15).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება გასწორებას. შესაბამისად, ადგილი არა აქვს განჩინების შინაარსის არსებით შეცვლას.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის თაობაზე. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განჩინებით არსებითად კი არ შეცვალა გადაწყვეტილება, არამედ გაასწორა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული აშკარა უსწორობა, რაც ხორციელდება განჩინების საპროცესო ფორმით გამოტანილი სასამართლო აქტით, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.