ბს-520-498 (კს-08) 3 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ც.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მესამე პირები_თ. უ.-ი, ნ. ფ.-ი, სს “ს.-ი”
დავის საგანი – აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ც.-მა 2007 წლის მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების_თ. უ.-ის, ნ. ფ.-ისა და სს “ს.-ის” მიმართ და მოითხოვა აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ც.-ის სარჩელი შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირები_თ. უ.-ი, ნ. ფ.-ი, სს “ს.-ი”, აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ც.-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით ბ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 5 მარტს, გასაჩივრების 14 დღიანი დარღვევით.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ბ. ც.-ის წარმომადგენელს თ. კ.-ს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2008 წლის 12 თებერვალს და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწვეტილების გასაჩივრების ვადა გავიდა 2008 წლის 26 თებერვალს.
სააპელაციო პალატამ ასევე გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილი და მიუთითა, რომ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, მხარისათვის გაგზავნილი კი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა, რადგან გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება მის წარმომადგენელს ჩაბარდა 2008 წლის 20 თებერვალს და სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა მე-14 დღეს, 5 მარტს ანუ კანონით დადგენილ ვადაში, რაც შეეხება მის წარმომადგენლისათვის ჩამორთმეულ ხელწერილზე მითითებულ თარიღს, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი არის მექანიკური შეცდომა, შეცდომით მითითებულია გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი 2008 წლის 12 თებერვალი და არა გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი 20 თებერვალი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს 2008 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმზე, რომლის თანახმად გამოცხადებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რის გამოც, მისი აზრით, შეუძლებელია, რომ იმავე დღეს მის წარმომადგენელს ჩაბარებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილებაც.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში მონაწილე სხვა მხარეებს გაეგზავნათ 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ასლები 2008 წლის 19 თებერვალს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისი წარმომადგენლის მიერ დაშვებულია მექანიკური შეცდომა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ბ. ც.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინება და ბ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადებულ იქნა 2008 წლის 12 თებერვლის (სფ. 130).
მოცემულ საქმეში ჩართული მხარეებისათვის გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების გზავნილების გაგზავნის თარიღად მითითებულია 2008 წლის 15 თებერვალი, ხოლო ფოსტით გაგზავნის_2008 წლის 19 თებერვალი (სფ.136-139), საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ც.-ის მიერ სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 5 მარტს (სფ. 142).
მართალია სფ.140-ზე მითითებულია ბ. ც.-ის წარმომადგენელი თ. კ.-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად 2008 წლის 12 თებერვალი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს ბ. ც.-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას შეფასება არ მიუცია ყოველივე ზემოაღნიშნულისათვის, არ გამოურკვევია ის გარემოება, ბ. ც.-ის წარმომადგენელმა თ. კ.-მ მართლაც 2008 წლის 12 თებერვალს ჩაიბარა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი; საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების სააპელაციო სასამართლოს მიერ გამორკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს ბ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს ბ. ც.-ის კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. ბ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.