Facebook Twitter

ბს-524-502(კს-08) 16 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინება

დავის საგანი – მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,.....” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთვარი სამმართველოს მიმართ ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკსირებოდა 8386,80 ლარის ანაზღაურება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,....” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს შს სამინისტროს შპს ,,....” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 6960 ლარის, საურავის – 1252,80 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 174 ლარის, სულ - 8386, 80 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა შუმადგომლობით მიმართა სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპასუხეთა სიიდან ამორიცხვის, როგორ არასათანდო მოპასუხის და მოპასუხედ, სათანადო მოპასუხის, საქართველოს თვადაცვის სამინისტროს ჩაბმის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების შესაბამისად, შინაგანი ჯარები გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების უფლებამონაცვლეა საქართველოს თავადვის სამინისტროს შინაგანი ჯარები. შესაბამისად, დავალიანება უნდა დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შინაგან ჯარებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავადაცვის სამინისტრო.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 24 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოსა და შპს ,,....” შორის გაფორმდა ¹376 ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობებისა და დანართი ¹1 შესაბამისად, შპს “.....” (შემდგომში მიმწოდებელს) შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის (შემდგომში შემსყიდველისათვის) უნდა მიეწოდებინა “საშეშე მერქანი” 11832 ლარის ღირებულებით. ხელშეკრულების მიხედვით მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2003 წლის 31 დეკემბრამდე ან მხარეთა მიერ თავისი მოვალეობების სრულ შესრულებამდე.

მიმწოდებელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო შემსყიდველის მიერ ანაზღაურებულ იქნა მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არც ხელშეკრულების პირობებიდან და არც საქმის მასალებიდან არ დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავო ურთიერთობაში მონაწილეობის ფაქტი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაეცა შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები მათი საშტატო ერთეულებით, ბალანსზე რიცხული საშტატო ქონებით, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და არა კერძო თუ იურიდიული პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგროვილი რაიმე დავალიანებებით.

საქმეში თავდაცვის სამინისტროს მესამე პირად ჩართვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უმართებულია იმ მიზეზითაც, რომ ხელშეკრულება გაფორმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მისი სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ, ხოლო მოწოდებულ საქონელს შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაქვემდებარებაში მყოფ რომელ სამსახურს გადასცემდა ეს მისი კომპეენციის საკითხს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 01 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასლებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელს უარი ეთქვა მისი უწყების, როგორც არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი შეცვლაზე, ხოლო, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი საქმეში ჩაბმულ იქნა მე-3 პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება რა მისი პროცესში მე-3 პირის სტატუსით ჩაბმას, თვლის, რომ წინამდებარე დავას შემხებლობა არ გააჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რის გამოც დაუშვებელია მისთვის პროცესის მონაწილე პირის სტატუსის მინიჭება.

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეტენზიის მართებულობა და თვლის, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მე-3 პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: მე-3 პირის მოწვევის წინაპირობაა ის გარემოება, რომ არსებობს სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მე-3 პირი წარმოადგენდეს განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილე, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლო საქმის განხილვის პროცესში მივიდეს სხვა დასკვნამდე.

წინამდებარე საქმეში ს.ფ 7 და ს.ფ. 8 დაცულია შედარების აქტები, რომლებსაც შს სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს შინაგანი ჯარების ს/ნ 2084-ის საფინანსო სამსახურის უფროსი, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ მიწოდებული საქონელი გამოყენებულია შინაგანი ჯარების ფუნქციონირებისათვის და შესაბამისი მტკიცებულებები დაცულია მასთან. იმის გათვალისწინებით, რომ შინაგანი ჯარები დავის განხილვის პერიოდისათვის იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, არსებობს ვარაუდი იმისი, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოიცვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მე-3 პირის სტატუსით მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ სარჩელი მიმართულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაკენ, მოსარჩელეს ის მოპასუხედ არ დაუსახელებია და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაბმულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, გადაწყვეტილება უშუალოდ მის მიმართ ვერ იქნება გამოტანილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ამ ეტაპზე არ წარმოადგენს სარჩელზე მოპასუხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ იძლევა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 აპრილის საოქმო განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.