ბს-528-504(კს-07) 31 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სს «...», დირექტორი _ დ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს «....» მიმართ და მოითხოვა სს «....» მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 378771,27 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონების ღია საჯარო აუქციონზე რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 378771,27 ლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, განეხორციელებინა მოვალე სს «....» 2006 წლის 30 ნოემბრის ქონების დაყადაღების აქტის მიხედვით, დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ღია აუქციონის წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «....», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით სს «.....» სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად _ ხსენებული საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ იყო შედგენილი აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დაცვით _ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილი იყო გასაჩივრებული, რაში მდგომარეობდა ხსენებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად, რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი. ასევე, სააპელაციო საჩივარს არ ახლდა ასლი მოწინააღმდეგე მხარისათვის და აპელანტის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინებით სს «.....» დასახელებული ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აპელანტს იმავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზების მისთვის მიცემულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
2007 წლის 7 მაისს სს «....» თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც დაურთო სააპელაციო საჩივარი, აღნიშნული საჩივრის დანართის ასლით და სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით სს «....» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინების ასლი სს «.....» ჩაჰბარდა 2007 წლის 20 აპრილს და ხარვეზების შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აპელანტს ამოეწურა 2007 წლის 30 აპრილს, ხოლო სს «.....» ხარვეზების შევსების მიზნით სააპელაციო საჩივარი ასლებთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 7 მაისს, ანუ ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინებით დადგენილი ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამასთან, წარდგენილი იყო იმავე შინაარსის სააპელაციო საჩივარი, რომელიც არ იყო შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, აგრეთვე, წარდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ანუ სააპელაციო საჩივრის ხარვეზები არ იყო შევსებული. გარდა ამისა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დაუმოწმებელი ქსეროასლი დათარიღებული იყო 2007 წლის 7 მაისით, ანუ გასული იყო ხარვეზების შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, ხოლო აპელანტს ხარვეზების შევსებისათვის დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს და ამდენად, აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა სს «....» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «....», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინების ასლი სს «.....» ჩაჰბარდა არა 2007 წლის 20 აპრილს, არამედ 2007 წლის 29 აპრილს და იმავე წლის 30 აპრილს მან მიმართა სააპელაციო სასამართლოს ასლების გადაღების შესახებ განცხადებით და ამდენად, სს «.....» ხარვეზების შევსების ვადა ამოეწურა 2007 წლის 8 მაისს და არა 2007 წლის 30 აპრილს, ანუ სს «.....» შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზები.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შესახებ ზემოხსენებული განჩინება არასწორია, რადგან სააპელაციო საჩივარში ზედმიწევნით იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად, რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დაუმოწმებელი ქსეროასლის წარდგენას, აღნიშნული წარმოადგენდა კერძო საჩივრის ავტორის შეცდომას, რომლის გამოსწორებაც შეიძლებოდა საქმის განხილვის დროს.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნები.
სს «....» კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით სს «.....» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 26 სექტემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სს «....» კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2007 წლის 3 ოქტომბერს, 11.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს «....» კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, იგი გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინების ასლი სს «....» ჩაჰბარდა არა 2007 წლის 20 აპრილს, არამედ 2007 წლის 29 აპრილს. მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია შეტყობინება ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილის (ქვითრის ნომერი _ ¹509) ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 98), რომელშიც ჩაბარების თარიღად მითითებულია 2007 წლის 20 აპრილი, მაგრამ 2007 წლის 19 ოქტომბერს სს «....» დირექტორმა დ. ს-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კავშირგაბმულობის 45-ე განყოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 3 ოქტომბერს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ შეკვეთილი წერილი ¹509 იმავე საფოსტო განყოფილებაში შევიდა 2007 წლის 20 აპრილს და, ვინაიდან მისამართზე _ ქ. თბილისი, .... ქ. ¹29 სს «....» დაკეტილი იყო, ფოსტალიონს რამოდენიმეჯერ მოუხდა ადგილზე მისვლა, თუმცა პასუხისმგებელი პირი არ დახვდა, ხოლო 2007 წლის 29 აპრილს იქ დახვდა ყოფილი თანამშრომელი და ხსენებული გზავნილი მას ჩააბარა ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს «....» კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სს «.....» სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «....» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება და მოცემული საქმე სს «.....» სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.