Facebook Twitter

ბს-53-51(კს-07) 21 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ა...ის” შვილობილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ი”

'გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 18 ნოემბერს შვილობილმა საწარმომ, სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...მა”, სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ა...ის” მიმართ თანხის დაკისრებისა და ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2001 წლის 3 იანვარს მასა და მოპასუხე - შპს ,,ა...ას” შორის დაიდო ხელშეკრულება ¹..., რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს უნდა დაეტვირთა 500 ტონა დიზელის საწვავი, მაგრამ მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს მათ სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 228228 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხისათვის დაუკისრებია 57446+24900 აშშ დოლარის გადახდა მარნეულის ნავთობ-პროდუქტების სასარგებლოდ, რისთვისაც მოპასუხის ქონებას დაედო ყადაღა და ქონება მიექცა აღსასრულებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე შპს ,,ა...ს” მათ სასარგებლოდ დაკისრებოდა 228228 აშშ დოლარის გადახდა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო და სს ,,ნ...ები”.

2002 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 ნოემბრის აუქციონის ოქმის გაუქმება და საქმის არსებითად გადაწყვეტამდე მისი მოქმედების შეჩერება.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საწარმო ,,გ...ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ა...ს” დაეკისრა შვილობილი საწარმო ,,გ...ის” სასარგებლოდ 228228 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002 წლის 18 ნოემბერს შპს ,,ა....ის” კუთვნილ ქონებაზე ჩატარებული აუქციონის გაუქმებაზე ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შვილობილმა საწარმომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...მა” და შპს ,,ა...მ”.

2006 წლის 11 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შვილობილი საწარმო სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ის” წარმომადგენელმა.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002 წლის 18 ნოემბრის აუქციონის შედეგების შესაბამისად, შპს ,,ა...ის” ქონება შეიძინა სს ,,მ...მა” და იგი იმყოფება მის მფლობელობაში. ვინაიდან არსებობს ზემოაღნიშნული ქონების შემძენის მიერ მისი გასხვისების რეალური საფრთხე და აღნიშნული ქონების რეალიზების შემთხვევაში, მისი ახალი შემძენისაგან შეუძლებელი გახდება ან გაძნელდება ქონების გამოთხოვა, განმცხადებელი ითხოვდა სს ,,მ...ის” იმჟამინდელ მფლობელობაში არსებული, სადავოდ გამხდარ აუქციონით შეძენილ ქონებაზე - ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარზე ყადაღის დადებას – საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინებით შვილობილი სასოფლო-სამეურნეო საწარმო ,,გ...ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე სს ,,მ...ის” საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს: ნავთობისა და ნავთობის ნარჩენების გადამამუშავებელ საცდელ დანადგარს, მდებარეს ქ. მარნეულში, ... ქ. ¹5-ში, სს ,,მ...ის” ტერიტორიაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,მ...ების” წარმომადგენელმა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინება საზოგადოებას ჩაჰბარდა 2006 წლის 13 ივნისს, სადავო ქონება კი გასხვისდა შპს ,,გრ....ზე” 2006 წლის 5 ივნისს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კონტრაჰენტებისთვის უცნობი იყო სასამართლოს განჩინება ყადაღის დადების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის შესაბამისად, ყადაღა შეიძლება დაედოს იმ ქონებას, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. მოცემულ შემთხვევაში კი სს ,,მ...ები” ქონების მესაკუთრეს უკვე აღარ წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განჩინებით სს ,,მ...ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოპასუხის ქონებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ნავთობისა და ნავთობის ნარჩენების გადამამუშავებელი საცდელი დანადგარები აღარ იმყოფება მოპასუხე – სს ,,მ...ის” საკუთრებაში, არამედ იგი არის მესამე პირის (მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით) - შპს ,,გრ...ის” საკუთრება, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

2006 წლის 28 დეკემბერს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს ,,ა...ისა” და შვილობილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ის” წარმომადგენელმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სს ,,მ...ის" კერძო საჩივარში, ასევე მის საფუძველზე გამოტანილ სადავო განჩინებაში აღნიშნული იყო, რომ დაყადაღებული ქონება აღარ ეკუთვნოდა მოპასუხე სს ,,მ...ს", ვინაიდან მათ მიერ 2006 წლის 5 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, ქონება გასხვისდა შპს ,,გრ...ზე", თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ხელშეკრულება მართლაც დაიდო, ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ყადაღის მოხსნის საფუძველი, ვინაიდან განჩინება ყადაღის დადების შესახებ გამოტანილი იყო აღნიშნული ხელშეკრულების დადებამდე - 2006 წლის 19 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან სასამართლოს მიერ ყადაღის დადების თაობაზე განჩინების გამოტანის მომენტისათვის დაყადაღებული ქონება სწორედ მოპასუხე სს ,,მ...ს" ეკუთვნოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხოლოდ ქონების ახალ მესაკუთრეს წარმოეშობოდა უფლება, საპროცესო კანონმდებლობითა და სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონით დადგენილი წესით აღეძრა სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ, ყოფილი მესაკუთრის მოთხოვნით კი ის არ უნდა გაუქმებულიყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.2-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. აქედან გამომდინარე, ყადაღის თაობაზე განჩინების გაუქმების შესახებ სს ,,მ...ის" კერძო საჩივრის არათუ დაკმაყოფილების, არამედ მისი დასაშვებობის წინაპირობა და საფუძველიც არ არსებობდა, ვინაიდან, მისივე განცხადებით, კერძო საჩივრის აღძვრის დროისთვის, მათ უკვე გასხვისებული ჰქონდათ სადავო ქონება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც, თავის მხრივ, გაუქმებულ იქნა ამავე სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო სს ,,მ...ის" კუთვნილ ნავთობსა და ნავთობის ნარჩენების გადამამუშავებელ საცდელ დანადგარებს (მდებარე, მარნეულში, ... ქ. ¹5-ში).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს ,,ა...ისა” და შვილობილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ის” წარმომადგენელ – დ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუშვებლობის მოტივით და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღა შეიძლება დაედოს იმ ქონებას, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ანუ ყადაღის დადების შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარებამდე, სს ,,მ...ები" მესაკუთრეს უკვე აღარ წარმოადგენდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას, ანუ 2006 წლის 12 ივლისისათვის არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197.2-ე მუხლის რედაქციით სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებაზე დაიშვებოდა კერძო საჩივრის შეტანა, რაც შეადგენდა 12 დღეს. აღნიშნული მითითებულ იქნა კიდევაც გასაჩივრებულ განჩინებაში. 2006 წლის 13 ივლისს ცვლილება შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლში და ნაცვლად კერძო საჩივრისა, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების განჩინებაზე დასაშვები გახდა საჩივრის შეტანა, ხოლო გასაჩივრების ვადად განისაზღვრა 5 დღე. ხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2006 წლის 20 დეკემბერს (სასამართლო სხდომაზე), ხოლო საჩივარი (კერძო საჩივარი) სასამართლოში შეტანილ იქნა 2006 წლის 28 დეკემბერს, ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა...ის” შვილობილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მითითებული მუხლისა და იმავე საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე სს ,,მ...ებს” ჩაჰბარდა 2006 წლის 13 ივნისს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო დაყადაღებულ ქონებაზე, სააქციო საზოგადოებასა და შპს ,,გრ...ს” შორის, დაიდო 2006 წლის 5 ივნისს.

ამდენად, უდავოა, რომ ქონების გასხვისება მოხდა მანამ, სანამ მოპასუხისათვის ცნობილი გახდებოდა ქონების დაყადაღების თაობაზე სასამართლო განჩინების არსებობის ფაქტი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, კანონშესაბამისად მიიჩნიოს გასაჩივრებული განჩინება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განჩინების მიღებისას კანონის დარღვევა არ მომხდარა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უპირობო საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ქონება იყოს მოპასუხის საკუთრება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ყადაღადადებული ქონება განჩინების აღსრულების პროცესში არ იმყოფებოდა მოპასუხის საკუთრებაში, რის გამოც, ფაქტობრივად, სახეზე იყო აღუსრულებადი განჩინება, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების კანონისმიერ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა წარმოადგენდა ქონების ახალი მესაკუთრის და არა სააქციო საზოგადოების პრეროგატივას და მიაჩნია, ვინაიდან განჩინება მიღებული იყო სააქციო საზოგადოების მიმართ, აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.3 მუხლის საფუძველზე, საზოგადოებას აძლევდა მითითებული განჩინების გასაჩივრების უფლებას.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კერძო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი კანონი ცვლის საპროცესო მოქმედების შესრულების ვადას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ზოგადი პრინციპით: ახალი ვადის დადგენა აუარესებს თუ ამსუბუქებს მხარის მდგომარეობას. ვინაიდან წინამდებარე შემთხვევაში ვადის შემცირებით გაუარესდა მხარის მდგომარეობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეს უფლება აქვს საპროცესო მოქმედება შეასრულოს იმ ვადაში, რომელიც მას განესაზღვრა იმ მომენტისათვის მოქმედი ნორმის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს რა შპს ,,ა...ისა”და შვილობილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ის” კერძო საჩივარს, მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ა...ისა” და შვილობილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება ,,გ...ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.