Facebook Twitter

ბს-536-514(კს-08) 22 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

F

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “....” წარმომადგენელი გ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ შპს “.....”

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,......”-ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების არაკანონიერად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის აღდგენა.

სარჩელის საგანი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედების – ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹88-ში მდებარე, მშენებარე სახლს შპს ,,,....” საკუთრებაში აღრიცხული ნაწილის რეესტრის მონაცემების ვალდებულებით ნაწილში 2005წ განხორციელებულ ჩანაწერის გაუქმება და ჩანაწერის აღდგენა. ჩანაწერის მიხედვით რეგისტრირებული იყო შპს ,,....” ვალდებულება მითითებულ მისამართზე მდ. მშენებარე სახლის 2006წ 01.07.-მდე ექსპლუატაციაში მიუღებლობის შემთხვევაში, გადაეცა შპს ,,.....” შენობის 200მ2 საერთო ფართი ყოველი ვადაგადაცილებული სრული თვისათვის.

სარჩელის საფუძველი:

2007წ 16.02. ხელმოწერილი ხელშეკრულებით შპს ,,....” დირექტორმა უკანონოდ მოუხსნა შპს ,,....” ეს საჯარიმო სანქცია, ხსენებული ხელშეკრულება არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, სამოქალაქო კოდექსის 321-ე და 69.3-ე მუხლების საფუძველზე.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ გააუქმა რეესტრის მონაცემების ვალდებულებით ნაწილში 2005 წელს განხორციელებული ჩანაწერი (იხ.ს.ფ. 1).

მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხის მიერ 2007წ 20 აგვისტოს წერილობითი პასუხით ეთქვა უარი (იხ.ს.ფ.4).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007წ 3 სექტემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად მოწვეულ იქნა შპს ,,....” (იხ. ს.ფ. 12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ გამოცხადდა.

მესამე პირის შპს ,,....” წარმომადგენელებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 38-44).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008წ 21.01 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო (იხ. ს.ფ. საქმე ამ გვერდებზე გადაუნომრავია.).

შპს ,,....” წარმომადგენელმა გ. წ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს ,,....” სარჩელი (იხ. ს.ფ. საქმე გადაუნომრავია).

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განჩინებით აპელაცია მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და დაუდგინდა 10 დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, სსსკ 367-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა საჩივარი უნდა წარადგინოს ნაბეჭდი სახით, რომელიც უნდა პასუხობდეს სსსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს (იხ. ს.ფ. 65-66)

აპელანტის წარმომადგენელმა გ. წ-ემ 2008წ 2.04. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც აღნიშნა, რომ მის მიერ 3 ეგზემპლარად გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი შევსებულია სწორედ იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის შესაბამისად, ხოლო სასამართლოს მიერ მითითებულ სსსკ 177.2 მუხლი არ მითხოვს დამტკიცებულ ფორმის შევსებას, არამედ მოითხოვს აპელაციის ამ ფორმის შესაბამისად ჩამოყალიბებას, მიუხედავად აღნიშნულისა, მარწმუნებლის საფრთხის წინაშე აღმოჩენის თავის ასარიდებლად ავსებს ფორმას და წარუდგენს 3 ეგზემპლარად (იხ. ს.ფ. 73-83).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რაც დაასაბუთა შემდეგნაირად: მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებასთან ერთად გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სააპელაციო საჩივრის ნიმუში, მასზე დართული შევსების ინსტრუქციით და განჩინების გზავნილზე აღნიშნული ყველა საჭირო ინფორმაციით საჩივრის ფორმის შევსებისა და საჭიროების შემთხვევაში, ამ ფორმის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, აპელანტის მიერ წარმოდგენილი საჩივარი შევსებულია ხელით და წებოს საშუალებითაა დამაგრებული ნაბეჭდი სახით ჩამოყალიბებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც არ შეესაბამება საპროცესო ნორმათა იმპერატიულ მოთხოვნას, რის გამოც აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც აპელაციის განუხილველად დატოვების საფუძველია სსსკ 467-ე, 177.2, 374.1 მუხლების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 84-86).

აპელანტის წარმომადგენელმა გ. წ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც აღნიშნა, რომ მ/წ 2 აპრილს სასამართლოს წარუდგინა დამტკიცებული ფორმა, მის მიერ ნაწილობრივ ხელით შევსებული, რაკი მიაჩნია, რომ საპროცესო კანონის თანახმად მითითებულია: ,,როგორც წესი, ნაბეჭდი სახით”, ანუ ნაბეჭდი სახით წარმოდგენაზე არ არის იმპერატიული მოთხოვნა; წარმომადგენლის განმარტებით მარწმუნებლის საქმის განხილვისათვის რაიმე ხელშემშლელ გარემოების არსებობის გამორიცხვის მიზნით დამატებით აგზავნის ფორმაში ჩაბეჭდილ აპელაციას (იხ. ს.ფ. 93-103).

წარმომადგენლის განცხადება დანართითურთ გაგზავნილია საქართველოს ფოსტის მეშვეობით 07.04.08წ. იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდა 27.03.08წ. (იხ.ს.ფ. 104).

აპელანტის წარმომადგენელმა გ. წ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2008წ. განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და შპს ,,....” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, შემდეგი მოტივით:

მ/წლის 12 მარტს ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2008წ 07.04 განჩინება შპს ,,.....” აპელაციის განუხილველად დატოვების შესახებ.

მ/წლის 27 მარტს ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2008წ 21.03 განჩინება ხარვეზის შესახებ.

მ/წლის 2 აპრილს სასამართლოს წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმა, მის მიერ ნაწილობრივ ხელით შევსებული სამ ეგზემპლარად, ვინაიდან საპროცესო კანონი ითხოვს საჩივრის ,,როგორც წესი ნაბეჭდი სახით” წარმოდგენას, ანუ მისი აზრით, ნაბეჭდი სახით წარმოდგენაზე არ არის იმპერატიული მოთხოვნა.

მ/წ 7 აპრილს კვლავ გაუგზავნა სასამართლოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმა შევსებული ნაბეჭდი სახით 2 ვარიანტად.

წარმომადგენლის მოსაზრებით, მის მიერ 2 აპრილს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ხარვეზის შესახებ განჩინების მოთხოვნას და წარმოებაში უნდა ყოფილიყო მიღებული, მითუმეტეს, წარმოებაში მიღებას ექვემდებარებოდა 7 აპრილს გაგზავნილი სააპელაციო საჩივრის ის ვარიანტი მაინც, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა დამტკიცებულ ფორმას. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ 27 მარტიდან ათვლილი 10-დღიანი ვადა ამოიწურა 7 აპრილს, ხოლო ფოსტისათვის დოკუმენტის ჩაბარება ითვლება დანიშნულ ვადაში შეტანილად /იხ. ს.ფ. 109-110/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განჩინება და შპს ,,.....” წარმომადგენლის აპელაცია განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ 393.2 მუხლის ბ) და გ) ქვეპუნქტები, სასამართლომ გამოიყენა საპროცესო ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა საპროცესო კანონი.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის ხელით შევსება, რაც სასამართლოს მოსაზრებით, არ შეესაბამება საპროცესო ნორმათა იმპერატიულ მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა სსსკ 177.2 მუხლი, რამდენადაც აღნიშნული ნორმით განისაზღვრა სარჩელის (განცხადების) სასამართლოში წარდგენის ფორმალური წესი: კერძოდ, ა) წერილობითი ფორმა; ბ) როგორც წესი, ნაბეჭდი სახით; გ) სსს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან და დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშთან შესაბამისობა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მითითებული ნორმის ნამდვილი შინაარსი, როცა მიიჩნია, რომ საპროცესო კანონის დანაწესი - ,,როგორც წესი, ნაბეჭდი სახით” ნიშნავს უსათუოდ ნაბეჭდი სახით წარდგენის ვალდებულებას, მაშინ, როცა კანონის ტექსტში გამოყენებული სიტყვები - ,,როგორც წესი” ნიშნავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად არ ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, არამედ, უშვებს ალტერნატიული ქცევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის ნება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სასურველია სარჩელის (განცხადების), აპელაციის და ა.შ. ნაბეჭდი სახით წარდგენა, მაგრამ არასავალდებულო, რაც გულისხმობს, რომ მხარეს კონკრეტული საპროცესო უფლების თუ მოვალეობის განხორციელების (შესრულების) მომენტში, ფორმალური თვალსაზრისით გააჩნია დისკრეცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესით ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, კანონმდებელი ამკვიდრებს საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ, სასამართლო ორგანოებში საქმისწარმოების გარკვეულ კულტურას, რაც შეესაბამება მართლმსაჯულების ინტერესებს და აამაღლებს სამართალწარმოების ხარისხს, თუმცა, სავსებით ლოგიკურად და ასევე, მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევს საქმისწარმოების კულტურის ზოგადი წესებიდან გადახვევას საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა გასაჩივრებულ განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, მითუფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით, სავსებით მართებულად, სააპელაციო სასამართლოს მოყვანილი მოტივი არ წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელაცია ექვემდებარება განსახილველად დაბრუნებას, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტისათვის სხვა ხარვეზი არ დაუდგენია, რის გამოც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოება სახეზე არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177.2; 390-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,....” წარმომადგენლის გ. წ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. შპს ,,....” წარმომადგენლის გ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.