Facebook Twitter

¹ბს-542-520(კს-08) 10 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “....”

მოპასუხე სარჩელში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 8 მაისს შპს “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა დარიცხული საურავის კანონიერად მიჩნევის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების, დარიცხული საურავის ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 26 მარტის ¹2751 ბრძანების, დარიცხული საურავის _ 56365 ლარის გადახდის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 13 თებერვლის ¹6(58) საგადასახადო მოთხოვნისა და შპს “.....” საურავის სახით _ 56365 ლარის დარიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 9 თებერვლის ¹101 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ჩაება.

2007 წლის 14 თებერვალს შპს “....” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, ხოლო მესამე პირებად _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაასახელა. აღნიშნული განცხადებით მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა და დამატებით მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 25 იანვრის ¹9 ბრძანებისა და 2007 წლის 5 თებერვლის კამერალური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 5 თებერვლის კამერალური შემოწმების აქტი, 2007 წლის 25 იანვრის ¹9 ბრძანება, 2007 წლის 13 თებერვლის ¹6(58) საგადასახადო მოთხოვნა, 2007 წლის 9 თებერვლის ¹101 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 26 მარტის ¹2751 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება დარიცხული საურავის კანონიერად მიჩნევის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ 1690,65 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები, ხოლო იმავე თარიღის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 6 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 21 მარტს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 6 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 20 მარტს, რაც დასტურდებოდა შპს “საქართველოს ფოსტისათვის” კორესპონდენციის გადაცემის რეესტრის ამონაწერით. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იყო დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ მიეცა საშუალება სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა ზემოაღნიშნული დოკუმენტი და სააპელაციო სასამართლოსთვის განჩინების გამოტანისას არ იყო ცნობილი აღნიშნული ფაქტის (დოკუმენტის) შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2008 წლის 6 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ იქნა 2008 წლის 20 მარტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 10 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 6 მარტს (ს.ფ. 173). ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2008 წლის 20 მარტის ჩათვლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარზე დართული “საქართველოს ფოსტის” მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 20 მარტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.