Facebook Twitter

¹ბს-548-523(კს-07) 19 სექტემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ც.-ე

მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ.-ა;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური;

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით გ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება; რ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოეხსნა ყადაღა გ. მ.-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას.

2007 წლის 25 აპრილს აპელანტმა გ. მ.-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმში შესწორების შეტანა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებას ხელს აწერდნენ მოსამართლეები მ. მ.-ი, თ. ს.-ე და დ. ჟ.-ი, ხოლო სხდომის ოქმში დ. ჟ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო ფ. ბ.-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით გ. მ.-ს განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმში დაშვებული უსწორობა და მოსამართლე ფ. ბ.-ს ნაცვლად მიეთითა მოსამართლე დ. ჟ.-ი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ კანონის ანალოგიის გამოყენებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო ნორმები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2007 წლის 25 აპრილს აპელანტმა გ. მ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმში შესწორების შეტანა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებას ხელს აწერდნენ მოსამართლეები მ. მ.-ი, თ. ს.-ე და დ. ჟ.-ი, ხოლო სხდომის ოქმში დ. ჟ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო ფ. ბ.-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე იხელმძღვანელა კანონის ანალოგიით და იმავე საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე მითითებით 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით შესწორება შეიტანა 2007 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმში და მოსამართლე ფ. ბ.-ს ნაცლად მიუთითა დ. ჟ.-ი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ რ. ც.-მ, რომელმაც მიიჩნია, რომ კანონის ანალოგიის გამოყენებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები.

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია.

სასამართლო სხდომის ოქმის შედგენისა და გაფორმების წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-291-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.

იმავე საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შესწორებული ოქმი დათარიღებულია 2007 წლის 10 იანვრით. გ. მ.-ს განცხადება ოქმის უსწორობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2007 წლის 25 აპრილს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით რ. ც.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს რა ზემოაღნიშნულ გარემოებებს, სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის შინაარსზე, რომლის მე-2 ნაწილის შესაბამისადაც თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. ამდენად, მითითებული მუხლის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს მისცეს შესაძლებლობა შეავსოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზი და დაარეგულიროს ის ურთიერთობა, რომლის რეგულაციასაც საპროცესო კოდექსი არ შეიცავს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო სხდომის ოქმში უსწორობის შეტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე და 291-ე მუხლები, რის გამოც არ არსებობს საპროცესო ნორმების ანალოგიით გამოყენების საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც წარმოადგენს მითითებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ც.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება. გ. მ.-ს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.