ბს-549-524(კს-07) 8 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტალაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
26.06.06წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 22.11.02წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სს “ქ-ის” სასარჩელო განცხადება ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების მოხსნის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების მოხსნის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იმავდროულად სს “ქ-ას” დაევალა საზოგადოების განკარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგების განაწილებიდან სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდი ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად მიემართა ადგილობრივ ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით. სს “ქ-ა” წარმოადგენდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, შესაბამისად საწარმოში პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებდა სახელმწიფო, რომელიც უფლებამოსილი იყო საწარმოს წმინდა მოგებიდან მიეღო დივიდენდები, რომელიც მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში არასაგადასახადო შემოსულობების სახით. დივიდენდი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ შემოსავლებს, ხოლო სასამართლომ ისე განიხილა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მიწის გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვის საკითხი, რომ საქმეში მხარედ არ ჩააბა შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმის განხილვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაბმული მესამე პირი, თუ იგი იყო იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლო. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 13.06.03წ. ¹262 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო წილობრივი მონაწილოებით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების წესის” მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინადადებებს იმ საწარმოთა წმინდა მოგების განაწილების შესახებ, რომლებიც დივიდენდებს იხდიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, იხილავდა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდებოდა აღნიშნული სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით და რომელთა თავმჯდომარეებს წარმოადგენდნენ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიური განვითარების მინისტრები. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. განმცხადებელმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთანავე აღნიშნა, რომ მის მიერ განცხადება წარმოდგენილი იყო სსკ-ის 424-ე და 426-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მითითებულ ნორმათა თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში ერთი თვის განმავლობაში. ვადის დენა იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 9 ივნისს, როდესაც სამინისტროში შემოვიდა საგადასახადო დეპარტამენტის ამავე თარიღის ¹01-09/3765 წერილი, რომელსაც თან ერთვოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების ასლი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.10.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს “ქ-ას” დაევალა საზოგადოების განკარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგების სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდი მიემართა ადგილობრივ ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად. სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ შემთხვევაში იყო ფინანსთა სამინისტრო და მისი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოწვეული და ჩაბმული პროცესში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილებით სს “ქ-ის” აღმასრულებელი დირექტორის რ. ბ-ის სარჩელს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 30.03.02წ. შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მიწის გადასახადის 148 243. 30 ლარის, აგრეთვე სოცდაზღვევის ფონდში ფინანსური საჯარიმო სანქციის 1962 ლარის, დასაქმების ფონდში ძირითადი გადასახადის 12 ლარისა და ფინანსური საჯარიმო სანქციის 67 ლარის, სამედიცინო დაზღვევის გადასახადში ფინანსური საჯარიმო სანქციის 228.25 ლარის, სულ ძირითადი გადასახადის 148 255 ლარის და ფინანსური საჯარიმო სანქციის 2257,25 ლარის მოხსნის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ქ-ამ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინებით სს “ქ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილება და 30.06.06წ. და 19.10.06წ. განჩინებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო მატერიალური თვალსაზრისით და ამასთანავე, გადაწყვეტილება მიღებული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს განცხადება წარდგენილი იყო სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევით და არ იყო დასაშვები. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის 13.01.05წ. უკვე ცნობილი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების შესახებ, რასაც ადასტურებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წერილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისადმი(ს.ფ. 71). 2004-2005 წლებში აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმოწერა მიმდინარეობდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საგადასახადო დეპარტამენტს შორის. აღნიშნულის გათავლისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლიდან საგადასახადო დეპარტამენტისათვის ცნობილი იყო სადავო გადაწყვეტილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 09.06.06წ., საგადასახადო დეპარტამენტის ამავე თარიღის ¹1-09/3765 წერილით, რომელსაც დანართის სახით 5 ფურცლად ერთვოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების ასლი. მითითებული წერილში აღნიშნული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.02.06წ. განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.09.05წ. განჩინება. წერილის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან ითხოვდა შემდგომ მითითებებს და დანართად უთითებდა 5 ფურცელს. მითითებული დანართი, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება 10 გვერდს მოიცავდა, ხოლო 5 ფურცელზე ამობეჭდილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.02.06წ. განჩინება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სადავო გადაწყვეტილება ცნობილი გახდა არა 09.06.06წ., არამედ უფრო ადრე, უკიდურეს შემთხვევაში 13.01.05წ., რასაც ადასტურებდა ამავე თარიღის წერილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისადმი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა უფლებამოსილებას თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაწყვეტილების გაცნობა არ გულისხმობდა, რომ ფინანსთა სამინისტროსათვისაც ცნობილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილება ცნობილი გახდა საგადასახადო დეპარტამენტის 09.06.06წ. ¹01-09/3765 წერილით, ამდენად დარღვეული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არა განჩინება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ. საკასაციო პალატის 15.06.07წ. განჩინებით კერძო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და მხარეს მიეცა ვადა მის შესავსებად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.07.07წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე, ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა შესაბამისი საფუძვლების არსებობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სადავოდ გამხდარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ საზოგადოების 30.03.02წ. შემოწმების აქტით 150 500. 45 ლარის ოდენობით დარიცხული თანხის მოხსნის შესახებ სს “ქ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით სს “ქ-ას” დაევალა საზოგადოების განკარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგების განაწილებისას ყოველწლიურად დაწყებული 2001 წელს მიღებული წმინდა მოგების განაწილებიდან, სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდი ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად მიმართოს ადგილობრივ ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით, სულ 123 607 ლარის ოდენობით, დავალიანების სრულ დაფარვამდე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს პრეზიდენტის 13.06.03წ. ¹262 ბრძანებულებით დამტკიცებულ “სახელმწიფო წილობრივი მონაწილოებით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების წესს”. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სს “ქ-ა” სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო იყო და სასამართლოს მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამინისტრო ჩაბმული უნდა ყოფილიყო ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების გამოტანის დროს საქართველოს პრეზიდენტის 13.06.03წ. ¹262 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო წილობრივი მონაწილოებით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების წესი”, რომლის საფუძველზეც ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას, გამოცემული არ იყო. სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 22.04.98წ. ¹257 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების წესი”. აღნიშნული წესის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოებში წმინდა მოგება ნაწილდება “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 25.1 მუხლით დადგენილია, რომ წლიური მოგება და ზარალი ყოველ სამეურნეო წლის ბოლოს დგინდება ბალანსის საფუძველზე და გამოითვლება მასში პარტნიორის წილი. 54.1 მუხლის მიხედვით, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში, ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და Dდღის წესრიგის შესაძლო საკითხები. 54.6 მუხლის თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ ან, როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ. ამდენად, საწარმოს წმინდა მოგების გამოყენებისა და განაწილების თაობაზე საწარმოს პარტნიორისათვის ცნობილი უნდა იყოს ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს, არაუგვიანეს წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “ქ-ის” პარტნიორისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს 2003 წლის ბოლოსათვის. აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქართველოს პრეზიდენტის 22.04.98წ. ¹257 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების წესი”, რომლის თანახმად წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს ინტერესებს წარადგენდა და იცავდა ის სამინისტრო, უწყება, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან სხვა იურიდიული პირი, რომელსაც მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი. ასეთ პირს, წესების თანახმად, უფლებამოსილი პირი ეწოდებოდა, რომელიც საერთო კრებაზე სახელმწიფოს სახელით წარსადგენ ან მხარდასაჭერ წინადადებას შეიმუშავებდა და ათანხმებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროებთან ან საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ორგანოებთან, ხოლო პარტნიორთა კრების გამართვიდან 15 დღის განმავლობაში წერილობით უდგენდა ინფორმაციას წმინდა მოგების განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 26.06.06წ. მიმართა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის 13.01.05წ. უკვე ცნობილი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.11.02წ. გადაწყვეტილების შესახებ, რასაც ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წერილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისადმი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნულს არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა არის ერთიანი, ცენტრალიზებული, საგადასახადო ორგანოები შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაცდენილი აქვს სადავო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადების წარდგენის 1 თვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილებით სს “ქ-ას” დაუდგინდა 1998-2001წწ. საგადასახადო ვალდებულება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ გადაწყვეტილებით სს “ქ-ას” განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა და წესი. დავის საგანს მოპასუხე საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული გადასახადები შეადგენდა და არა _ “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად საწარმოს წმინდა მოგების განაწილება მის პარტნიორებს შორის. სასამართლოს მიერ განისაზღვრა სს “ქ-ის” მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულება და მითითებული იქნა მისი დაფარვის წყარო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილება, თუმცა საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, სააპელაციო პალატამ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.06.06წ. და 19.10.06წ. განჩინებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.11.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქმე არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.