Facebook Twitter

ბს-550-525(კს-07) 25 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. ი-ი

'

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 20 იანვარს ზ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ გამოსასვლელი დახმარებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხდებით ითხოვდა მოპასუხე საქართველოს თავადცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების – 6756 ლარისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.

2006 წლის 10 მარტს ზ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 7440 ლარის, სამივლინებო ხარჯისა და საადვოკატო მომსახურებისათვის ფაწეული ხარჯის - 500 ლარის დაკისრება.

2006 წლის 27 აპრილს საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების 7440 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავადცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების 7440 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 297 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, იმ მოტივით რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება შესულია 2006 წლის 25 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 8 ივნისს, ანუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, რის დასტურადაც წარმოადგინა რეესტრის ამონაწერი ფოსტისთვის კორესპონდენციის გადაცემის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2007 წლის 29 იანვარს ზ. ი-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება და საქართველოს თვდაცვის სამინისტროსათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2007 წლის 5 თებერვალს ზ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 8 ივნისს, წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების სამმართველოს კანცელარიის წერილებისა და კორესპონდენციების რეგისტრაციის ჟურნალის 86-ე გვერდის ქსეროასლს ამავე სამინისტროს კანცელარიის ბეჭდით დამოწმებულს და არა ფოსტის ან ტელეგრაფის რეესტრის ამონაწერს, რომლითაც დადასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების დრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს სახელით უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააპელაციო წესით კანონმდებლობით დადგენილ ვადში იქნა გასაჩივრებული და ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნა კანონმდებლობით დადენილ ვადაში.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მინიშნებული მტკიცებულება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ჩაჰბარდა მე-19 Dდღეს, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნები, უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს ბრალით არ ყოფილა გამოწვეული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმობის განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".

საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს თავაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2006 წლის 27 აპრილს (ს.ფ. 76). საქმეში ასევე წარმოდგენილია საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 25 მაისს, რაც დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და ხელმოწერით (ს.ფ.76), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 13 ივნისს (ს.ფ.77), ე.ი. გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

აღნიშნული მუხლისა და საქმეში დაცული გზავნილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, კერძოდ, 2006 წლის 25 მაისიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად. მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2006 წლის 8 ივნისს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მე-2 ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

როგორც აღინიშნა, საქმეში დაცულია უწყება, რომელიც დამოწმებულია საქართველოს თავდაცის სამინისტროს საქმისწარმოების ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გადაწყვეტილების ასლი თვადაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2006 წლის 25 მაისს, ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ თანდართულ რესსტრის ამონაწერს (ს. ფ. 96-97), მითითებული, საკასციო სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს უწყების შიდა აღრიცხვის დოკუმენტს და არა ფოსტისათვის კორესპონდენციის გადაცემის შესახებ რეესტრის ამონაწეს, რომელიც დაადსტურებდა საქართველოს თავდაცის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის 2006 წლის 8 ივნისის ჩაბარების ფაქტს, რის გამოც იგი და ვერ იქცევა საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 საქართველოს თვადაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.