Facebook Twitter
ბს-553-527(კს-07) 26 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07წ. განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს “ .. ..” სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და ხაშურის რაიონის გამგეობის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ხაშურის რაიონის გამგეობის 28.01.2000წ. ¹11 დადგენილებისა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის რაიონულ სამმართველოს 24.03.2000წ. ¹49 ბრძანების ბათილად ცნობა და ტრაქტორი “ბელარუსის” დაბრუნება ან აღნიშნული ტრაქტორის ღირებულების, 1000 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 26.07.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..”.
მოპასუხე ხაშურის რაიონის გამგეობის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 20.06.06წ. სასამართლო სხდომა გადაიდო, ვინაიდან მხარეს კანონით დადგენილი წესით უწყება ჩაბარებული არ ჰქონდა. მომდევნო სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა(ს.ფ. 69, 73).
ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის ამოქმედებიდან ხაშურის რაიონის ადგილობრივი მმართველობა(რაიონის გამგეობა და საკრებულო) ლიკვიდირებული იყო. კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. ორგანული კანონი ადგილობრივი მმართველობის სამართალმემკვიდრეობას ახალ თვითმმართველობებზე არ ითვალისწინებს. განმცხადებელმა იმ განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც იქნა განსახილველ საქმეში მხარედ ჩაბმული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07წ. განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის სამმართველო შეცვლილი იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოთი, ხოლო ხაშურის რაიონის გამგეობა _ მისი უფლებამონაცვლით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობით(ს.ფ. 84).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ აცნობა საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ მისი ჩაბმის საფუძველი და ისე შეუდგა 01.05.07წ. საქმის განხილვას. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. ორგანული კანონი ადგილობრივი მმართველობის სამართალმემკვიდრეობას ახალ თვითმართველობებზე არ ითვალისწინებს. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ხაშურის რაიონის გამგეობის ნაცვლად მისი საქმეში ჩართვა არ ეფუძნება სამართლის რომელიმე ნორმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა(მთავრობა).
განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ მონაწილეობდა ხაშურის რაიონის გამგეობა _ თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კანონის პირველი მუხლის “ბ”, “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, იგივე დასახლებათა ერთობლიობა, არის თვითმართველი ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონით განისაზღვრა სამართალმემკვიდრეობა და მითითებული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა საქმეში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული ხაშურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 01.05.07წ. განჩინება ხაშურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობით შეცვლის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.