Facebook Twitter

ბს-553-531(კს-08) 18 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ.-მა და ქ. კ.-მ 26.04.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. სიღნაღის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მათი გათავისუფლების შესახებ ¹35 და ¹36 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.

სიღნარის რაიონული სასამართლოს 03.06.05წ. საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმე აცილებულ იქნა და გადაეცა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. გადაწყვეტილებით ქ. კ.-სა და თ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის 18.04.05წ. ¹35 და ¹36 ბრძანებების გაუქმებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება 11.01.08წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ.-მა და ქ. კ.-მ, რომლებმაც ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.08წ. განჩინებით აპელანტებს _ თ. გ.-სა და ქ. კ.-ს დაევალათ სააპელაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე 11.03.08წ. განცხადება-საჩივარი წარმოადგინეს თ. გ.-მა და ქ. კ.-მ და მიუთითეს, რომ სააპელაციო საჩივარი გურჯაანში 03.01.08წ. გაგზავნეს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 177-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა 2008 წლის 19 იანვრიდან, რის გამოც აპელანტები ვერ გაითვალისწინებდნენ სააპელაციო საჩივრის იმ წესით შედგენას, რომელიც მომავალში დადგინდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.08წ. განჩინებით აპელანტებს _ თ. გ.-ს და ქ. კ.-ს დაევალათ სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ხარვეზის აღმოსაფხვრელად გაუგრძელდათ ვადა.

თ. გ.-მა და ქ. კ.-მ 04.04.08წ. განცხადება_საჩივარი წარადგინეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მიუთითეს, რომ საპროცესო კოდექსი მოქმედებს დროში და მას უკუქცევითი ძალა არ აქვს. ამდენად, უკვე შესრულებული საპროცესო მოქმედება, საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში აღარ ექვემდებარება რევიზიას, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.08წ. განჩინებით თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი ნაბეჭდი სახით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშით, რის გამო სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად, რადგანაც სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. გ.-მა და ქ. კ.-მ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ქ. სიღნაღიდან კანონით დადგენილი წესით გაიგზავნა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი იმ დროს მოქმედი საპროცესო კოდექსის თანახმად, შეუძლებელი იყო გაგზავნილიყო 367-ე და 177-ე მუხლების ახალი რედაქციის დაცვით, რამდენადაც კანონის ასეთი მოთხოვნები და ამასთან, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული საკასაციო საჩივრის ფორმა მაშინ არ არსებობდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო ითხოვს სააპელაციო საჩივრის ახალი ნიმუშის დაცვით წარდგენას იმ მოტივით, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში მიღების დროს შეიცვალა კანონი. აღნიშნული მოთხოვნა, კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, უკანონოა, ვინაიდან საპროცესო მოქმედება მათ მიერ შესრულებულია ისეთი წესით, რომელიც საჩივრის შეტანის დროს მოქმედებდა. მათ განცხადებაში მიუთითეს, რომ საპროცესო სამართალი მოქმედებს დროში და არა აქვს უკუქცევითი ძალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. გადაწყვეტილებაზე თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარი სიღნაღიდან გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 03.01.08წ. გაიგზავნა (ს.ფ. 112). ამდენად, საპროცესო მოქმედება, სააპელაციო საჩივრის შეტანა აპელანტების მიერ, სსკ-ის 61.3 მუხლის თანახმად, 03.01.08წ. განხორციელდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე 20.02.08წ. არის შემოსული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 25.02.08წ. განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ ვადა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარმოსადგენად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 435-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამ მუხლის თანახმად სამოქალაქო საპროცესო ნორმას უკუქცევითი ძალა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების _ სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს 03.01.08წ. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სააპელაციო საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშით წარდგენას, ვინაიდან აღნიშნული ფორმით სააპელაციო საჩივრის წარდგენა სსკ-ის 177-ე და 367-ე მუხლებით განისაზღვრა 28.12.07წ. კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, 28.12.07წ. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 28.12.07წ. კანონი ოფიციალურ გამოცემაში (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ¹1, 08წ.) გამოქვეყნდა 03.01.08წ., ცვლილება-დამატება 18.01.08წ. ამოქმედდა, სააპელაციო საჩივრის ნიმუში სააპელაციო საჩივრის წარდგენის პერიოდში არ იყო დამტკიცებული, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.01.08წ. ¹1/6 გადაწყვეტილებით დამტკიცდა და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად ამოქმედდა 2008 წლის 18 იანვრიდან. ამდენად, 03.01.08წ. აპელანტების მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს ვერ იქნებოდა გამოყენებული 18.01.08წ. შემდგომ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ნორმები, რადგან ადრე მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უკვე შესრულებული საპროცესო მოქმედებები ითვლება მართლზომიერად შესრულებულად და ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევით შესრულებულად, იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს საჩივრის შეტანის შემდგომ ამოქმედებული კანონით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში ძველი კანონის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ითვლება მართლზომიერად შესრულებულად და არ არსებობს ახალი კანონით დადგენილი წესით ამ მოქმედების განმეორებით შესრულების საჭიროება, ვინაიდან 28.12.07წ. კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს არ აქვს უკუქცევითი ძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.08წ. განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.08წ. განჩინება;

3. საქმე თ. გ.-ისა და ქ. კ.-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.