Facebook Twitter

¹ბს-55-55(კს-08) 12 მარტი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ბ.-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ბ.-მ 17.05.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 31.12.04წ. ¹280 პ/ს ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.05წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ბ.-ის სასარჩელო განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 31.12.04წ. ¹280 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში, მოპასუხეს დაევალა აღედგინა ბ. ბ.-ე შს სამმართველოს სისტემაში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინებით ბ. ბ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.05წ. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ შს სამმართველომ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ბ. ბ.-მ, რომელმაც შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა 13 თვის ფულად ანაზღაურებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბ. ბ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.05წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.03.06წ. განჩინებით უარი ეთქვა ბ. ბ.-ს საკასაციო საჩივრის განხილვის დასაშვებობაზე.

ბ. ბ.-მ 07.08.07წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილებაში მითითებული ფორმულირების: “ბ. ბ.-ის სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო” განმარტება მოითხოვა. ბ. ბ.-მ მოითხოვა აგრეთვე იმის განმარტება ითვლება თუ არა გაუქმებულად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინებით ბ. ბ.-ის განცხადება აჭარის ა/რ უმღალესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ 10.10.05წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი. მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რისი დასაბუთებაც ასახულია ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სარეზოლუციო ნაწილი კი დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აჭარის უმაღლესი სასამართლოს 10.10.05წ. გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა, ხოლო, რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინებას, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებულ განჩინებაზე არ უმსჯელია აჭარის უმაღლეს სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განჩინება მიღებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ არის უფლებამოსილი, განმარტოს იგი.

ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინება 09.01.08წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ბ.-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და განმარტების გაცემა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.10.05წ. გადაწყვეტილებაში მითითებულ ფორმულირებაზე: “ბ. ბ.-ის სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო”. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს განმარტებას იმისა თუ რა იგულისხმება უსაფუძვლობასა და ხანდაზმულობაში და არის თუ არა კანონიერ ძალაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინება, რომელიც არ გასაჩივრებულა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც იგი ითხოვდა შესაძლოა სასამართლოსთვის არ არის ბუნდოვანი, მაგრამ მისთვის ის ბუნდოვანი და გაუგებარია. საინტერესოა, რა კრიტერიუმით ისარგებლა სააპელაციო სასამართლომ და როგორ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება ბ. ბ.-თვის ბუნდოვანი და გაუგებარი არ არის. ამასთან, განმარტების მისაღებად “პროცესუალურ აუცილებლობას” კანონი არ ითვალისწინებს, ეს მხარის უფლებაა და ამ უფლებას მხარის სურვილი განაპიობებს. კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია აგრეთვე თუ რომელ ვადაზე მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, არ არის მითითებული ნორმა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო განმცხადებლისათვის განმარტებაზე უარის თქმის დროს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ბ. ბ.-ის მოსაზრებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს 09.03.06წ. მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებად რომ ეცნო, დღეისათვის ყველა ის გაურკვევლობა, რომელსაც აქვს ადგილი 10.10.05წ. გადაწყვეტილებაში გარკვეული იქნებოდა და აღარ მოუწევდა სხვადასხვა ინსტანციაში სიარული და ერთსა და იმავე საკითხზე სასამართლოებისათვის მიმართვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინებაზე არ უმსჯელია აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს 10.10.05წ. გადაწყვეტილებაში, განმარტებისათვის უნდა მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის, მაშინ, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, საქმეზე მიიღო აჭარის უმაღლესმა სასამართლომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს რომ ბ. ბ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინებით ბ. ბ.-ს უარი ეთქვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბ. ბ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.05წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. ბ. ბ.-ე 07.08.07წ. განცხადებით ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილებაში მითითებული ფორმულირების: “ბ. ბ.-ის სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო” განმარტებას, კერძოდ იმის განმარტებას თუ რას მიიჩნევდა სააპელაციო პალატა უსაფუძვლობასა და ხანდაზმულობაში. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს აგრეთვე იმის განმარტებას ითვლება თუ არა გაუქმებულად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.05წ. გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვნობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და კერძოდ სარეზოლუციო ნაწილის ის დებულება, რომლითაც ბ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, არ არის ბუნდოვანი, შესაბამისად იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია 10.10.05წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინების ძალაში ყოფნის საკითხის განმარტებას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი ხსენებული საკითხის განმარტებას ითხოვს არა საქალაქო, არამედ სააპელაციო სასამართლოსგან, მაშინ როდესაც სააპელაციო პალატას 10.10.05წ. განჩინებაში აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ბ. ბ.-ს მართებულად ეთქვა უარი განმარტებაზე. ვინაიდან სსკ-ის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმართების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილების განმარტების მოტივით თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ბ.-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინების გაუქმების, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.10.05წ. გადაწყვეტილების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.07.05წ. განჩინების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.07წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.