კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-562-536(კს-07) 15 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე
განიხილა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.07წ. განჩინებაზე.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.07წ. განჩინებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.05წ. გადაწყვეტილება განიმარტა შემდეგნაირად: ლ. ს.-ს, თ. ნ.-ს და ქ. ა.-ს აუნაზღაურდეთ იძულებით განაცდური დროის ხელფასი განთავისუფლების მომენტისათვის არსებული საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით განთავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 07.05.07წ. ჩაჰბარდა(ს.ფ. 416), რომელმაც განჩინება კერძო საჩივარით ფოსტის მეშვეობით გაასაჩივრა. საქმის მასალებით არ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივარი ფოსტას განჩინების ჩაბარებიდან მე-12 დღეს, 18 მაისს გადასცა. საქმეში დაცულ საფოსტო გზავნილზე მითითებული თარიღის თანახმად, კერძო საჩივარი ფოსტას გასაჩივრების ვადის დარღვევით, 21.05.07წ. გადაეცა(ს.ფ. 424).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის კერძო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 12 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.