ბს-568-541(კს-07) 10 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს ,,.. ..”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს ,,.. ..-ის” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დღგ-ის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლა (იხ. ს.ფ. 1).
გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხემ – გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციამ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,.. ..ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,.. ..ს” ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა დღგ-ის თანხა (იხ. ს.ფ. 36-39).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, მიიჩნია რა, რომ არაპირდაპირი გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, ეკისრება საქონლის მიმწოდებელს – შპს ,,ლ...ს” (მიმწოდებელს) და არა შპს ,,.. ..-ს” (მიმღებს). 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის დღგ-ის თანხის ჩასათვლელად საჭიროა, რომ გამყიდველმა და მყიდველმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინონ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში, ხოლო გამყიდველმა უნდა ჩარიცხოს დეკლარირებული დღგ-ის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება და ჩაუთვალა შპს ,,.. ..ს” დღგ-ის თანხა გადახდილად, მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ შპს ,,ლ...ს” აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეუტანია, რითაც დაირღვა დღგ-ის ჩათვლის მიღების პირობა (იხ ს.ფ. 55-57).
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2007 წლის 11 მაისის განჩინებით თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რაც სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:
სსსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო ხსენებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეუტანლობის შემთხვევაში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს ჩაჰბარდა 2003 წლის 16 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 10 აპრილს, შესაბამისად, აპელანტმა გაუშვა გასაჩივრების 14 დღიანი ვადა და საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (იხ. ს.ფ. 59-61).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის მოტივები:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად დაადგინა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2003 წლის 16 ივლისს. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2007 წლის 28 მარტს, რაც დასტურდება ჩაბარების შესახებ გზავნილით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე გადაუგზავნა თბილისის საგადასახადო ინსპექციას თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 28 მარტამდე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი საგადასახადო ინსპექციისათვის გაგზავნილი არ ყოფილა, ვინაიდან საგადასახადო ინსპექციას გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 28 მარტს. საგადასახადო ინსპექციას წარმოეშვა საფუძველი გაასაჩივროს იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში.
კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს საგადასახადო ინსპექციისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამ მუხლის შესაბამისად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე (სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად). ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ინსპექციას სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში გასაჩივრების უფლება მიეცემოდა იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ინსპექციას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემოდა სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში არ იქნებოდა განმარტებული აღნიშნული მუხლის ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე. შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა გადაწყვეტილების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემიდან კანონით დადგენილ ვადაში (იხ. ს.ფ. 66-70).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 79-80).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის მოტივი და საქმეში არსებული გზავნილი ექვემდებარება გამოკვლევასა და გადამოწმებას სააპელაციო სასამართლოს მიერ, რათა არ შეიზღუდოს მხარის საპროცესო უფლებების რეალიზაცია, საპროცესო მოქმედების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების დადასტურების შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 11 მაისის განჩინებით შეამოწმა რა საგასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეში არსებული ხელწერილის (იხ. ს.ფ. 41) მიხედვით, დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად სსსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, რადგან საქმეში არსებული აღნიშნული მტკიცებულების თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციას გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2003 წლის 16 ივლისს, ხოლო მხარის მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 10 აპრილს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე, მიიჩნია სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი ვადის დარღვევით შეტანილად, თუმცა არ გამოურკვევია თუ ვინ არის გადაწყვეტილების ასლის მიმღები (ხელმომწერი) პირი, ინსპექციის წარმომადგენელი თუ სხვა პირი. აგრეთვე, სასამართლოს არ უმსჯელია საქმეში არსებულ მეორე გზავნილზე (იხ. ს.ფ. 54), რომლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2007 წლის 28 მარტს. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოურკვევია, რამ განაპირობა სასამართლოს ინიციატივით 4 წლის შემდეგ გადაწყვეტილების ასლის ინსპექციისათვის გაგზავნა, მოთხოვნის გარეშე.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე (სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს არსებული რედაქციის თანახმად). ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლო თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონით და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძოO საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებული არგუმენტები დასაბუთებულია, რადგან მის მიერ მითითებული, საქმეში არსებული გზავნილის თანახმად, გზავნილზე რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2007 წლის 28 მარტი (იხ. ს.ფ. 54), ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2007 წლის 10 აპრილს, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შეამოწმოს, რადგან არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა გამოითხოვოს სათანადო მტკიცებულებები და მათი შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, გააკეთოს სათანადო დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს საგადასახადო ინსპექციის კორესპონდენციათა მიღებისა და რეგისტრაციის ჟურნალი და გამოიკვლიოს, როდის ჩაჰბარდა მოპასუხეს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რადგან საქმეში არსებული ერთი გზავნილის თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2007 წლის 28 მარტს, ხოლო იმ ხელწერილის მიხედვით, რასაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 2003 წლის 16 ივლისი (იხ. ს.ფ. 41).
შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილ იქნა თუ არა სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.