ბს-573-546(კს-07) 25 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: 1. ძველი თბილისის რაიონის გამგეობა; 2. მ. ყ-ე; 3. თ. გ-ე
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 26 მარტს თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის, მ. ყ-ისა და თ. გ-ის მიმართ და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 5 ივლისის ¹1/36 ბრძანების ბათილად ცნობა, სადავო საერთო სარგებლობის ფართზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹28-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის მე-3 სართულზე, იტალიური ტიპის კორიდორული სისტემის ბინაში. კორიდორის შუაში, წარსულში “მ...ის” კუთვნილი 42,16 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი შეისყიდა მოპასუხე თ. გ-მ, რომელიც ფლობდა იმავე სართულზე განთავსებულ ¹124 ერთოთახიან ბინას, 42 კვ.მ საერთო ფართით. “მ...ის” გაუქმების შემდეგ, აღნიშნული საცხოვრებელი ფართი გადაეცა ტრესტის ყოფილ გამგეს _ ო. ბ-ს, რომლის გარდაცვალების გამო, მის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის, ქ. თბილისში, ... გამზირის ¹28-ში მდებარე 42,16 კვ.მ არასაცხოვრებელ ¹128 ოთახზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა ო. ბ-ის მეუღლე მ. ყ-ე, რომელმაც მოსარჩელის ნებართვის გარეშე გააუქმა ოთახის კორიდორში გამავალი კარები და ნებართვისა და პროექტის გარეშე დაიწყო ტიხრის აშენება და სანიტარული კვანძების განთავსება. ამასთან, მოპასუხეებმა მოსარჩელის კუთვნილი ოთახის შიდა კედელში გამოთხარეს ღრუ და მოხსნეს სახლის ფასადზე მიმაგრებული წვიმის წყლის ქვედა მილი, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის ოთახის საყრდენი კედლის კუთხე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის თავმჯდომარეს, რომლის 2001 წლის 2 ივლისის პასუხის თანახმად, სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით საცხოვრებელი ოთახების გამყოფ კედელზე აკრძალული იყო მილგაყვანილობებისა და დანადგარების დამონტაჟება. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ გამოთხარა მოსარჩელის ოთახის საყრდენი კედლის ქვედა ნაწილი და ოთახის სათავსიდან მოათავსა მასში მილგაყვანილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ოთახში არსებული ჭერის ორად გაყოფა, იატაკის დახრა და კედლის ფასადზე ბზარების გაჩენა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 5 ივლისის ¹1/36 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹28-ში მცხოვრები მ. ყ-ის თხოვნა, საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ¹124 ოთახის 20,16 კვ.მ საცხოვრებელ ფართად ჩათვლისა და ¹123 ოთახში, წარდგენილი ესკიზური ნახაზის მიხედვით, სველი წერტილების მოწყობაზე ნებართვის გაცემის შესახებ, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგებოდა სამშენებლო ნორმებსა და წესებს და არღვევდა კანონით დაცულ მის უფლებებს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა; უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება თ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2006 წლის 17 ნოემბერს თ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, მის მიერ მოპოვებული ცნობებით დასტურდებოდა, რომ არც თ. გ-ის და არც მისი დედის _ ნ. წ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... გამზირის ¹28-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, რაიონული სასამართლოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტი ნინო წერეთლის სახელზე ფართის პრივატიზების შესახებ, იყო ყალბი. ამდენად, თ. გ-ე უკანონოდ ფლობდა ხსენებულ ფართს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო იყო ყალბი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე თ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და განმცხადებელს განემარტა აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვები იყო მხოლოდ მაშინ, თუ არსებობდა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი განაჩენი, ამ შემთხვევაში კი არ არსებობდა განმცხადებლის მიერ მითითებული დოკუმენტის სიყალბის დამადსტურებელი მტკიცებულება (კანონიერ ძალაში შესული განაჩენი), რის გამოც არ არსებობდა თ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე თ. ბ-მა კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. ბ-ის საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, თ. ბ-ის კერძო საჩივარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის ფორმით. ამასთან, საჩივრის მოთხოვნა არ იყო სრულყოფილი და წარმოდგენილ საჩივარს არ ახლდა ასლები საქმეში მონაწილე მხარეთათვის გადასაცემად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. ბ-ს განესაზღვრა ვადა აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და მისი იმდენი ასლის წარმოსადგენად, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში.
თ. ბ-მა ხარვეზების გამოსწორების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი თანდართული ასლებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის მიერ იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზები არ იქნა გამოსწორებული, ვინაიდან თ. ბ-ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას, მაშინ როდესაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ბ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და ზემოაღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა შესაბამისი განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღე, კერძოდ, უნდა წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელშიც ზუსტად იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინება და წარდგენილი იქნებოდა იმდენ ასლად, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში.
აღნიშნული განჩინება თ. ბ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 15 მაისს. 2007 წლის 17 მაისს თ. ბ-მა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ბ-მა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზების შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, არ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და თანდართული ასლებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან თ. ბ-მა ხარვეზები არ გამოასწორა, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივარის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე შეიძლებოდა არა კერძო საჩივრის, არამედ _ სააპელაციო საჩივრის შეტანა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს განემარტა, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ამასთან, თ. ბ-ის მიერ ხარვეზი დროულად იქნა გამოსწორებული.
კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ იყო სრულყოფილი, ვინაიდან თ. ბ-ი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თ. ბ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით თ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 25 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თ. ბაინდურაშილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე თ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და განმცხადებელს განემარტა აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება (ტ. 2, ს.ფ. 137-138). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე თ. ბ-მა კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. ბ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მოთხოვნებს. ხარვეზების გამოსწორების მიზნით, თ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი თანდართული ასლებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ გამოასწორა, ვინაიდან თ. ბ-ი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას, მაშინ როდესაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ბ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა, შესაბამისი განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღე. აღნიშნული განჩინება თ. ბ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 15 მაისს, 2007 წლის 17 მაისს კი თ. ბ-მა ხარვეზის შევსების მიზნით, დამატებითი კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და 2007 წლის 24 მაისის განჩინებით განუხილველი დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის შინაარსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივარი თავისი შინაარსით შეესაბამება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შინაარსს, ხსენებული საჩივარი ჩაითვლება სააპელაციო საჩივრად იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის დასახელებად მითითებული იქნება კერძო საჩივარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოსათვის საქალაქო (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის სააპელაციო საჩივრად მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საჩივრის შინაარსს, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ რა სახის საპროცესო დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, ანუ თუ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა არა კანონით გათვალისწინებული საპროცესო დოკუმენტით გასაჩივრებაზე, არამედ _ სხვა სახის საპროცესო დოკუმენტის შეტანაზე (ამ შემთხვევაში _ სააპელაციო საჩივრის შეტანის ნაცვლად, კერძო საჩივრის წარდგენაზე მითითება), აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილებაზე წარადგინოს კანონით გათვალისწინებული საჩივარი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან თ. ბ-ის საჩივარი თავისი შინაარსით შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის შინაარსს, ამასთან, აღნიშნული საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე თ. ბ-მა წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოასწორა ხარვეზები, თ. ბ-ის საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს სააპელაციო საჩივრად და წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან თ. ბ-ი კერძო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, მისი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება;
3. თ. ბ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნეს სააპელაციო საჩივრად და აღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.