Facebook Twitter

¹ბს-57-55(კს-07) 11 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თელავის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარეები – ინდ. მეწარმე მ. მ-ი

'

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2006 წლის 14 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე ინდ. მეწარმე მ. მ-მა მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მ. მ-ი და მისი წარმომადგენელი ლ. ჩ-ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს თელავის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორმა თ. ლ-მა რესტორან “თ-ის” შემოწმების შედეგად შეადგინა კამერალური შემოწმების აქტი. შემოწმება ჩატარდა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 დეკემბერს ¹225 ბრძანების საფუძველზე და შემოწმების დროდ განისაზღვრა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე მიღებული საგადასახადო მოთხოვნა ¹28 მოსარჩელემ შესაგებელით გაასაჩივრა აქტის გამომცემ ორგანოში. აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 თებერვლის ¹53 ბრძანებით.

მოსარჩელემ მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 29 დეკემბერს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ¹28; ასევე 2006 წლის 24 მარტს გამოცემული ¹91 საგადასახადო მოთხოვნა და 2006 წლის 20 თებერვალს გამოცემული ბრძანება ¹53, როგორც უსაფუძვლო და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით მიღებული აქტები.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი დ. ჯ-ი, რომელმაც სარჩელი არ სცნო და მიუთითა შემდეგზე:

თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 7 დეკემბრის ¹223 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო ინსპექციამ გამოყო ჯგუფი , რომელსაც დაევალა, რესტორან “თ-ში,” ინდ. მეწარმე მ. მ-თან შემოწმების ჩატარება. როგორც წესი, ინვენტარიზაცია ჩაატარა თვითონ ინდ. მეწარმემ; ამის შემდეგ უკვე თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 9 დეკემბრის ¹225 ბრძანების საფუძველზე თელავის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორმა თ. ლ-მა ჩაატარა კამერალური შემოწმება ინდ. მეწარმესთან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე არ აწარმოებდა ბუღალტერიას და შესაბამისად გადასახადის დასაბეგრი ობიექტი დადგინდა მხოლოდ კამერალური შემოწმებისას ამოღებული შავი ჩანაწერებით. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სოციალური გადასახადები, რომლებიც აგებული იყო შავ ჩანაწერებზე და მის მიერ მიღებულ ახსნა-განმარტებაზე. წინა სასამართლოზე მას წარმოდგენილი ჰქონდა შავი ჩანაწერების ასლები, თუ სასამართლო მის შუამდგომლობას გაიზიარებს და მათ მტკიცებულებებად მიიღებს, მას შეუძლია წარმოადგინოს შავი ჩანაწერების ასლები, დედნები საგადასახადო ინსპექციაში არ ინახება. რაც შეეხება ჯარიმების დარიცხვას, შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რაც გახდა ამ ჯარიმების საფუძველი. საბოლოოდ მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის უარის თქმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის საჩივარი, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა 7 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე თელავის საგადასახადო ინსპექციამ წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება (ხარვეზის შევსების შესახებ) ვერ შესრულდა ინსპექციის უფროსის არყოფნის გამო. კერძოდ, ინსპექციამ ხარვეზის თაობაზე განჩინება ჩაიბარა 9 ნოემბერს, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 16 ნოემბერს. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც თელავის საგადასახადო ინსპექციაში მოხდა ხელმძღვანელის ცვლილება და უფროსის არყოფნის გამო, ვერ მოხდა სასამართლოს მოთხოვნის შესრულება. აღნიშნულის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება_დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2-ე მუხლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

ზემოაღნიშნული მუხლის სფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მხარეს ხარვეზის შევსების მიზნით განესაზღვრა 7 დღიანი ვადა.

მითითებული განჩინება თელავის საგადასახადო ინსპექციას ჩაბარდა 2006 წლის 9 ნოემბერს (ს.კ.84). სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა იმავე წლის 16 ნოემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

თელავის საგადასახადო ინსპექციას სასამართლოსათვის არ მიუმართავს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც საქმეში დაცული განჩინების ჩაბარების დასტურის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს ართმევდა ვადის საკუთარი ინიციატივით გაგრძელების პროცესუალურ შესაძლებლობას.

იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის Aშესაბამისად: “საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებანი.”

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ინსპექციის უფროსის შეცვლა ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ იმ სახის გარემოებად, რომელიც სასამართლოს მისცემდა საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თელავის საგადასახადო ინსპექცია 2006 წლის 9 ნოემბრიდან იმავე წლის 16 ნოემბრამდე ხელმძღვანელის გარეშე არ ყოფილა. საქმეში ს.ფ. 90 – 91-ზე, წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 14 ნოემბრის ბრძანებები ¹3_1684 და ¹3_1685, რომლითაც თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსს, დ. დ-ეს 2006 წლის 14 ნოემბრიდან დაევალა საგადასახადო დეპარტამენტის არაპირდაპირი გადასახადების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულება, ხოლო თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შესრულება იმავე დღიდან დაეკისრა მ. კ-ეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული იმთავითვე გამორიცხავს კერძო საჩივრის საფუძვლების გაზიარების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.