¹ბს-57-57(კს-08) 4 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება /იხ.ს.ფ. 21/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 44-47/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 50/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმებისა და სსსკ-ის 364-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე დაასკვნა, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 26 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 12 ივლისს, ანუ ორდღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 57-59/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 26 ივნისს, თუმცა მათ მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 10 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში არსებულ კონვერტზე შტამპით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით წარადგინა შპს “ს.-ის” ქვითრის ასლი, რომელზეც დასმული შტამპი ადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2007 წლის 10 ივლისს /იხ.ს.ფ. 60/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, როგორც შეცდომით მიღებული და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს /იხ.ს.ფ. 74-76/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტის და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 26 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 12 ივლისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გადაცილებით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების ასლი, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს წარმომადგენელ რ. მ.-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 20 ივნისს /იხ. ს.ფ. 49, ხელწერილი/. საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 26 ივნისს /იხ.ს.ფ. 51/, ხოლო საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივრით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა 2007 წლის 12 ივლისს, /იხ.ს.ფ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის რეგისტრაციის ბეჭედი/, თუმცა სააპელაციო საჩივარზე თანდართული კონვერტის თანახმად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2007 წლის 10 ივლისს /იხ.ს.ფ. 53/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს წარმომადგენელ რ. მ.-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 20 ივნისს, რაც დასტურდება ხელმოწერით, თუმცა მასზე არ არის დასმული ადმინისტრაციული ორგანოს რეგისტრაციის ბეჭედი. ამასთან, როგორც საქმეში ს.ფ.51-ზე არსებული წერილით ირკვევა, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცა 2007 წლის 26 ივნისს.
კერძო საჩივარზე თანდართული შპს “ს.-ის” ქვითრით დასტურდება, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 10 ივლისს. აღნიშნულით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა 2007 წლის 10 ივლისს ჩააბარა შპს “ს.-ს” ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საჭიროებს ხელახლა შემოწმებას, რათა დადგინდეს, სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონისმიერ - 14 დღიან ვადაში, კერძოდ, სწორედ მოცემულ საქმეზე წარდგენილი გზავნილია თუ არა ჩაბარებული 10 ივლისს შპს “ს.-ში”. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რეალურად, როდის ჩაჰბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს, რამდენადაც საქმეში არსებული საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლის რ. მ.-ის ხელწერილით, რომელზეც არ არის რეგისტრაციის ბეჭედი, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2007 წლის 20 ივნისს, თუმცა საქმეში არსებული საქართველოს ვეტერანთა საქმების დეპარტამენტის წერილით ადმინისტრაციულ ორგანოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრირებულია /შეტანილია/ 2007 წლის 26 ივნისს. სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, ამასთან უნდა მოიპოვოს ადმინისტრაციული ორგანოს კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალი, რათა სარწმუნოდ დადგინდეს, თუ რეალურად როდის იქნა რეგისტრირებული /წარდგენილი/ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ადმინისტრაციულ ორგანოში. შესაბამისად, აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თუ როდიდან უნდა მოხდეს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.