ბს-585-562(კს-08) 10 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. უ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 12 სექტემბერს ნ. უ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზების კომისიის 2007 წლის 30 ივლისის ¹8 ოქმის და მის საფუძველზე გამოცემული ქ. ქუთაისის მერიის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1103 ბრძანების ბათილად ცნობას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ნ. უ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ.-ის წარმომადგენელმა დ. ტ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. უ.-ის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ნ. უ.-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მხრიდან სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის გაშვების მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. უ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. უ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ნ. უ.-ის წარმომადგენლის დ. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ განჩინებას, მიუთითებს, რომ მისი წარმომადგენელი 2008 წლის 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა ავად, დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი, რაც მიჩნეულ უნდა იყოს სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის საპატიოდ გაშვების საფუძვლად და ითხოვს, საპროცესო ვადის აღდგენას.
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან წარმოდგენილ მოთხოვნას და თვლის, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
უდავოა და აღნიშნულს არ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორიც, რომ მისი მხრიდან გაშვებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა. რაც შეეხება მითითებული ვადის აღდგენის საკითხს, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საპროცესო კოდექსის რიგ ნორმებზე და განმარტავს შემდეგს: საპროცესო კანონმდებლობა მართლაც უშვებს საპროცესო ვადების გაგრძელების (სსკ 64-ე მუხლი) ან აღდგენის (სსკ 65-ე მუხლი) შესაძლებლობას, ოღონდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლს მხედველობაში აქვს იმ სამოქალაქო საპროცესო ვადების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც სასამართლოს მიერაა დანიშნული. რაც შეეხება იმავე კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო ვადის, კერძოდ კანონისმიერი საპროცესო ვადის აღდგენას, აღნიშნული დაუშვებელია, თუ კანონი თვითონვე კრძალავს ამას. მოცემული მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს მითითებული ნორმის მოთხოვნაზე “თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი” და კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის I ნაწილზე, რომელიც შეიცავს ცალსახა მითითებას გასაჩივრების ვადის აღმკვეთი ხასიათის თაობაზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი კრძალავს კანონისმიერი საპროცესო ვადის, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის აღდგენის შესაძლებლობას რაც იმავე საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევა ჩაუთვალოს საპატიოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის გაზიარებისა და მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წანამძღვრები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე, 220-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. უ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.