¹ბს-588-560(კს-07) 20 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. შ-ისა და ზ. ც-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
02.02.2000წ. გ. მ-ემ სარჩელით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სადაო ფერმიდან მოპასუხეების _ ნ. შ-ისა და ზ. ც-ის იძულებითი წესით გამოსახლება. მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს გ. მ-ისა და სააღსრულებო ბიუროს უფროსს შორის 02.02.2000წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 20.03.01წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების ფერმიდან გამოსახლების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნ. შ-ისა და ზ. ც-ის შეგებებული სარჩელი 02.02.2000წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და სადაო ფერმაზე მათი საკუთრების ცნობის თაობაზე.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.01წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სადავო ფერმიდან ზ. ც-ისა და ნ. შ-ის გამოსახლების თაობაზე და არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი 02.02.2000წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მეცხოველეობის ფერმაზე შ-ის საკუთრების ცნობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. მ-ემ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... მდებარე სადავო ობიექტი შეიძინა ლაგოდეხის სააღსრულებო ბიუროს მიერ 29.11.99წ. ჩატარებული აუქციონის საფუძველზე. ნ. შ-ეს და ზ. ც-ეს შეგებებული სარჩელით აღნიშნული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა არ მოუთხოვიათ, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებდა მის საფუძველზე, 02.02.2000წ. ლაგოდეხის სააღსრულებო ბიუროს უფროსსა და გ. მ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არაკანონიერებაზე, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 170-ე მუხლების საფუძველზე გ. მ-ის მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადაო ფერმა ი. ტ-გან შეძენილი ჰქონდათ ნ. შ-ესა და ზ. ც-ეს და რომ 02.02.2000წ. ხელშეკრულებით ხელმეორედ გასხვისებულ იქნა ერთხელ უკვე გაყიდული ქონება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. შ-ესა და ზ. ც-ეს სადავო ფერმის შეძენაზე სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი არ გააჩნიათ და არც აღნიშნული ფართის შემძენებად არიან რეგისტრირებულნი საჯარო რეესტრში, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცებულა მათი უზუსტობა.
ზ. ც-ემ და ნ. შ-ემ სააპელაციო სასამართლოს 20.11.01წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 303-304-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა, პირველი აუქციონის შედეგების კანონიერად ცნობა და სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლის თანახმად, ფერმის მათთვის მიკუთვნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.04.02წ. განჩინებით ნ. შ-ისა და ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.11.01წ. გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორების მოსაზრება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების დარღვევით გამოტანისა და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის არასწორედ განმარტების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის მართებული განმარტებით სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა აღმასრულებელ ი. ტ-ესა და გ. მ-ეს შორის სოფელ ...... მდებარე “ნ-ის” საქონლის ფერმის სანოტარო წესით დამოწმებულ და რეგისტრირებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რის შედეგადაც გ. მ-ე სწორად იქნა მიჩნეული სადავო ფერმის შენობის მესაკუთრედ. ნ. შ-ის სახელზე ლაგოდეხის რაიონის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება საკასაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მითითებული ცნობა-დახასიათება ნ. შ-ეს მიეცა ნასყიდობის გასაფორმებლად, სანოტარო კანტორაში წარსადგენად და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ცნობა-დახასიათება საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობდა. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ფერმა მათ გ. მ-ის მიერ ამავე ფერმის შესყიდვამდე შეიძინეს კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულის გამო გ. მ-თან 02.02.2000წ. დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმებულიყო. საკასაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ფერმაზე საკუთრების უფლება კასატორებს არ შეუძენიათ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით, ამიტომ ფერმის მესაკუთრეებად ვერ ჩაითვლებოდნენ. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კასატორებს არ მოუთხოვიათ 29.11.99წ. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, არ უდავიათ მეორე აუქციონის ჩატარების კანონიერებაზე. შესაბამისად, საოლქო სასამართლო ვერ გააუქმებდა მეორე აუქციონის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით გაფორმებულ 02.02.2000წ. ნასყიდობის ხელშეკრულებას. საკასაციო პალატამ განუმარტა კასატორ ნ. შ-ეს, რომ კოოპერატივ “ნ-ის” ქონების შესაძენად გადახდილი 3300 ლარის დაბრუნების მოთხოვნა შეეძლო სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
08.05.06წ. ზ. ც-ემ და ნ. შ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ “სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ” გურჯაანის პროკურატურის 09.02.06წ. დადგენილებით დადასტურდა ი. ტ-ის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დადგენილება ჩაჰბარდათ 2006 წლის 17 აპრილს. დადგენილების თანახმად, ი. ტ-ემ თავისი ქმედებით სახელმწიფოს და საზოგადოებას კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და მოქალაქეებს, ნ. შ-ესა და ზ. ც-ეს დამატებით გადახდევინებული თანხებით მიაყენა 593 ლარის ზიანი. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე დადგენილია მხარის დანაშაულებრივი ქმედება, რაც სსკ-ის 423-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია. განმცხადებლებმა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.11.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ც-ის და ნ. შ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ დადგენილია საქმეზე მხარეთა დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად, მხარის დანაშაულებრივი ქმედება დადგენილი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. განმცხადებლებს შესაბამისი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლების მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილის 09.02.06წ. დადგენილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული აღმასრულებელ ი. ტ-ის მიერ ჩატარებული არა ის აუქციონი, რომლის საფუძველზეც გ. მ-ემ შეიძინა ფერმა, არამედ ის, რომლის მეშვეობითაც განმცხადებლები ცდილობდნენ აღმასრულებელ ი. ტ-ის მეშვეობით შეეძინათ ხსენებული ფერმა. დადგენილების თანახმად, ი. ტ-ის მიერ კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის შედეგების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის, რომელთა კანონიერი ინტერესებიც დარღვეულ იქნა აღმასრულებლის უკანონო ქმედებით და მათი ძალისხმევის შედეგად, ი. ტ-ის დანაშაულებრივი განზრახვა ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. ი. ტ-ემ თავისი ქმედებით სახელმწიფოს და საზოგადოებას კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და მოქალაქეებს ნ. შ-ესა და ზ. ც-ეს დამატებით გადახდევინებული თანხებით მიაყენა 593 ლარის ზიანი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხენებული დადგენილება ეხებოდა აღმასრულებელ ი. ტ-ის კანონსაწინააღმდეგო მცდელობას აუქციონის უკანონო ჩატარების გზით საკუთრების უფლება გადაეცა სხენებულ ფერმაზე ნ. შ-ესა და ზ. ც-თვის, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. დადგენილება არ ეხებოდა იმ აუქციონის ჩატარების კანონიერებას, რომლის მეშვეობითაც მ-ის მიერ შეძენილი იქნა კოოპერატივ “ნ-ის” კუთვნილი ქონება (ფერმა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. შ-ემ და ზ. ც-ემ. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათი განცხადება აკმაყოფილებდა განცხადების წარდგენის დროს მოქმედ სსკ-ის 423-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ი. ტ-ე წარმოადგენს მხარეს, მან ჩაიდინა დანაშაული იმ ქონების გაყიდვის დროს, რომელიც არის დავის საგანი. განმცხადებელთა აზრით, საქმის წარმოების განახლების გარეშე დაუშვებელია სადავო საკითხის შეფასება. დავის საგანს წარმოადგენს ფერმა, რომელიც ორჯერ გაიყიდა და ჩადენილია დანაშაული, დავის საგანი აუქციონები კი არ არის, არამედ უძრავი ქონება, რაც დანაშაულის ობიექტად იქცა და შეილახა მათი უფლება. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, ბაჟის შესახებ კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა, მათი განცხადება შეტანილი იქნა ძველი კანონის მოქმედების დროს და ამის გამო მათთვის 100 ლარის დაკისრება უკანონოა. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ისა და ზ. ც-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში ნ. შ-ე და ზ. ც-ე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” - “გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამდენად, ზემოაღნიშნული საფუძვლებით წარდგენილი განცხადების დასაშვებობის პირობას ქმნის მასზე თანდართული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლებს, ნ. შ-ესა და ზ. ც-ეს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ამ საქმეზე მხარის დანაშაულებრივი ქმედება. განცხადებას თან ერთვოდა “სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ” გურჯაანის რაიონული პროკურატურის 09.02.06წ. დადგენილება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.2 მუხლის იმ სახით, რომელიც მოქმედებდა მათ მიერ განცხადების სასამართლოში წარდგენის დროს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ც-ისა და ნ. შ-ის განცხადება სასამართლოს 08.05.06წ. წარედგინა. “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 13.07.06წ. კანონით სსკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტანილ იქნა ცვლილება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” - “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განისაზღვრა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ზ. ც-ისა და ნ. შ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ 11.05.07წ. იმსჯელა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა განჩინების მიღების დროს მოქმედი ნორმით, რომელიც კონკრეტულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის წარმოდგენას ითვალისწინებს. ამასთანავე, ნ. შ-ესა და ზ. ც-ის მიერ წარმოდგენილ “სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ” გურჯაანის რაიონული პროკურატურის 09.02.06წ. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებემა ი. ტ-ემ კანონდარღვევით ჩაატარა აუქციონი, რომლის მეშვეობითაც ნ. შ-ე და ზ. ც-ე ცდილობდნენ სადავო ფერმის შეძენას, ამდენად, ხსენებული აქტით არ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორების მიერ ფერმის შეძენა. ხსენებულ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმ აუქციონის ჩატარების შესახებ, რომლის მეშვეობითაც გ. მ-ის მიერ შეძენილი იქნა კოოპერატივ “ნ-ის” კუთვნილი ქონება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. შ-ესა და ზ. ც-ეს არ უნდა დაჰკისრებოდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინებით ზ. ც-ისა და ნ. შ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხლიველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. შ-ესა და ნ. ც-ეს არასწორედ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ-ისა და ზ. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინება ზ. ც-ისა და ნ. შ-თვის 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.07წ. განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.