Facebook Twitter

¹ბს-597-567(კს-07) 12 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ.-ე

მესამე პირები: სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი; მ. გ.-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2002 წლის 11 ნოემბერს თ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ხაშურის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ჩანაწერისა და ხაშურის რაიონის გამგეობის 1997 წლის ¹106 დადგენილების ბათილად ცნობას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

...-ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა შეგებებული სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – თ. გ.-ისა და მესამე პირების – ხაშურის რაიონის გამგეობისა და მიწის მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიმართ თ. გ.-ისა და სხვებისათვის იმ ჩანაწერების გაუქმების თაობაზე, რომლებიც ეხებოდა მათ კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწებს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მიწის მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს რეგისტრატორის 2001 წლის 27 ივლისის ჩანაწერი მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში თ. გ.-ზე მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის შესრულების მომენტიდან, როგორც უკანონო და აღდგენილ იქნა თ. გ.-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შეგებებული სარჩელი თ. გ.-ის მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ა.-ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა და მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მარტის განჩინებით ...-ის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თ. გ.-ისა და მ. გ.-ის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები 0.10 ჰა მიწის სადავო ფართზე და აეკრძალათ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისათვის ხელშეშლა გადაცემულ მიწის ფართზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში თ. გ.-ისა და მ. გ.-ის სახელზე არსებული ჩანაწერი 0,10 ჰა მიწაზე და აღეკვეთათ საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის ხელშეშლა იჯარის ხელშეკრულებით გადაცემულ ფართზე.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარე - ხაშურის რაიონის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობით.

მითითებული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის (სამართალმემკვიდრეობა) შესაბამისად, ,,მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე”. ორგანული კანონი ადგილობრივი მმართველობის სამართალმემკვიდრეობას ახალ თვითმმართველობებზე არ იცნობს, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა(მთავრობა).

განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ მონაწილეობდა ხაშურის რაიონის გამგეობა _ თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კანონის პირველი მუხლის “ბ”, “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, იგივე დასახლებათა ერთობლიობა, არის თვითმართველი ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონით განისაზღვრა სამართალმემკვიდრეობა და მითითებული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა საქმეში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ხაშურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 01.05.07წ. განჩინება ხაშურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლით - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობით შეცვლის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.