Facebook Twitter

¹ბს-599-569(კს-07) 27 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

02.08.04წ. ს. კ-მა, ნ. ლ-მა, ა. ლ-მა, ო. ჯ-მა, ნ. ბ-მა და სხვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელეთა განმარტებით, 2004 წლის 15-16-17 მაისს ადიდებულმა მდინარე ბარჯისხევმა დატბორა და ქვაღორღით გაავსო მათი საკარმიდამო და საიჯარო მიწის ნაკვეთები სოფელ “ბ-ში”. ნაკვეთების დაზიანებას ხელი შეუწყო ხევის კალაპოტის გაუწმენდავობამ, ალაზნის არხზე მდებარე ბოგირმა და მის ირგვლივ სამელიორაციო სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებამ, რომელსაც აწარმოებდა შპს “კ-ი”. აღნიშნულმა კომპანიამ დიდბოგირთან ახლოს ააგო წყლის დამჭერი დამბიონი. უხარისხოდ დამზადებული დამბიონი წყალმა სწრაფად მოშალა და მავთულხლართები გაჭედა ხევის კალაპოტში, რომელიც გასაწმენდი იყო. ხელოვნურად წარმოქმნილმა ბარიერმა ხევის კალაპოტი ამოავსო, დააზიანა და შედეგად ქვაღორღით დაიფარა მათი ნაკვეთები. მიყენებულმა ზიანმა 79 500 ლარი შეადგინა. მოსარჩელეებმა შპს “კ-ისა” და გურჯაანის მელიორაციის სამმართველოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 21.10.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქვემოალაზნის სარწყავი სისტემის სამმართველოს და “კ-ს” დაეკისრა სოლიდარულად ს. კ-ის სასარგებლოდ 15 000 ლარი, ნ. ლ-ის სასარგებლოდ 15 000 ლარი, ა. ლ-ის სასარგებლოდ 16 000 ლარი, ო. ჯ-ის სასარგებლოდ 2000 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ 33 500 ლარი, ო. ს-ის სასარგებლოდ 1600 ლარი, თ. ბ-ის სასარგებლოდ 1600 ლარი, დ. ჯ-ის სასარგებლოდ 2000 ლარი, გ. ბ-ის სასარგებლოდ 3800 ლარი, ა. წ-ის სასარგებლოდ 1800 ლარი, გ. ტ-ის სასარგებლოდ 1600 ლარი, სულ 79 500 ლარი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 21.10.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველომ და სს “კ-მა”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 01.12.04წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.06წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სარწყავი სისტემების სამმართველოთი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობისა 11.08.06წ. ¹151 დადგენილებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 24.08.06წ. ¹2-161 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი. საქართველოს მთავრობისა 11.08.06წ. ¹151 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების საფუძველზე დააფუძნა 4 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით და აღნიშნულ სფეროში პოლიტიკის აღსრულება მასვე დაეკისრა. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი სამართალმემკვიდრე არ იყო დადგენილი. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობისა 11.08.06წ. ¹151 დადგენილების პირველი პუნქტით განისაზღვრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაცია. ამავე დადგენილების მეორე პუნქტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისრა სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 24.08.06წ. ¹2-161 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია და მისი საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისიის აპარატი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც შექმნილია დეპარტამენტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განსახორციელებლად. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას კომისია წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინება და განსახილველ საქმეში აპელანტის უფლებამონაცვლედ უნდა ჩაებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინება;

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.