Facebook Twitter

ბს-600-574(კს-08) 8 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. თ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. თ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება /იხ.ს.ფ. 3-5/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მ. თ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შემდგომ ამორიცხვის ბრძანების გამოცემისა და შესაბამისი ცნობის გაცემის საკითხის ხელახალი განხილვა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში /იხ.ს.ფ. 35-36/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. თ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ.40-41/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად /იხ.ს.ფ. 47-48/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება /იხ.ს.ფ. 52-53/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 69-74/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად, თბილისის ქ. თბილისის ფოსტას დაევალა წარმოედგინა 2006 წლის 26 დეკემბერს მიღებულ კორესპონდენციათა დამოწმებული ქსეროასლები. მიღებული პასუხის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 26 დეკემბერს არ ჰქონდა გაგზავნილი გზავნილი სასამართლოსათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ კონვერტს /იხ.ს.ფ. 44/ დასმული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭედი და მასზე მითითებული რეგისტრაციის ნომერი, ემთხვეოდა სამინისტროდან გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალში აღნიშნულ ნომერს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2006 წლის 27 დეკემბერს და 2006 წლის 26 დეკემბერს იგი ფოსტას არ ჩაბარებია, რის გამოც ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1. მუხლი და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 39/, სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2006 წლის 27 დეკემბერს, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-15 დღეს /იხ.ს.ფ. 100-102.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა გადაეწყვიტა 10 დღის ვადაში, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა 2008 წლის 24 აპრილს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რადგან 10 დღის ვადაში განჩინების მიუღებლობა ნიშნავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას /იხ.ს.ფ. 105-106/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტის და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 27 დეკემბერს, ანუ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მეთხუთმეტე დღეს, რის გამოც სსსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 39/, სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულია 2006 წლის 27 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 40, სააპელაციო სასამართლოში შესულ კორესპონდენციათა რეგისტრაციის ბეჭედი/.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონიმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად, ქ. თბილისის ფოსტას დაავალა წარმოედგინა 2006 წლის 26 დეკემბერს მიღებულ კორესპონდენციათა დამოწმებული ქსეროასლები, რომლის პასუხით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდა გაგზავნილი 2006 წლის 26 დეკემბერს გზავნილი სასამართლოსათვის, ანუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საფოსტო კონვერტით არ გაუგზავნია, არამედ იგი წარადგინა საქალაქო სასამართლოში სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, 2006 წლის 27 დეკემბერს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მე-15 დღეს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება _ სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას _ უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საპროცესო უფლება _ გაასაჩივროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით _ რეალიზებული არ იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ ვადაში წარუდგენლობის გამო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსსკ-ის 374.1 მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა არ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 10 დღის ვადაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების დასადგენად, თუ როდის იქნა აპელანტის მიერ რეალურად უზრუნველყოფილი სააპელაციო საჩივრის შეტანა, საქართველოს ფოსტიდან გამოითხოვა მტკიცებულებები, ხოლო საქართველოს ფოსტიდან პასუხი მიიღო 2008 წლის 16 აპრილს /იხ.ს.ფ. 94/. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა 2008 წლის 24 აპრილს _ საქართველოს ფოსტიდან მტკიცებულების მიღებიდან 10- დღიანი საპროცესო ვადის დაცვით, რის გამოც არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრის მოტივის გაზიარების პროცესუალური საფუძვლები.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოსაგან მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი (საბოლოო) გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების პირობებში სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, მაშინ, როცა კერძო საჩივრით კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განჩინება, რომელზედაც ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურად შეუძლებელია, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პროცესუალური უფლებამოსილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მერვე კარის (თავი XLV, აპელაციის დასაშვებობა) საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.