Facebook Twitter

ბს-609-579(კს-07) 27 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კერძო საჩივრის ავტორის – ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივრის დასაშვებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც, ,,კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.” საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 8 მაისს (ს.ფ.130), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 18 ივნისს (ს.ფ.146), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12 დღიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი დაუშვებელია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.