კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-612-584(კს-08) 4 აგვისტო, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ი-ას წარმომადგენლის თ. დ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 12 ივნისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-612-584(კს-08) ა. ი-ას წარმომადგენლის თ. დ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით ა. ი-ას წარმომადგენლის თ. დ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416.1, 396.3 და 440-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, საქმის მასალებით არ ირკვევა კერძო საჩივრის ავტორს დაცული ჰქონდა თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, ასევე კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ადვოკატთა ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 123-126), მაგრამ კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ა. ი-ას წარმომადგენლის თ. დ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორსა და მის წარმომადგენლებს გაეგზავნათ 2008 წლის 26 ივნისს (იხ. ს.ფ. 127-128) და კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლებს ჩაჰბარდათ 2008 წლის 1 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით (იხ. ს.ფ. 130-131).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განჩინება ხარვეზის მითითების შესახებ ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის _ კერძო საჩივრის ავტორისათვის, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა ა. ი-ას წარმომადგენლებს – ს. დ-ესა და თ. დ-ეს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ აღნიშნულის შესახებ ეცნობებინათ ადრესატისათვის. მითითებული ნორმის შესაბამისად, მიმღები პირისათვის დოკუმენტაციის გადაცემა ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კერძო საჩივრის ავტორისათვის, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ი-ას წარმომადგენლის თ. დ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ი-ას წარმომადგენლის თ. დ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.