ბს-615-587(კს-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. შ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 დეკემბერს ი. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა კახაბრის თემის საკრებულოს გამგეობის 2005 წლის 10 ივნისის ¹7 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ჯანგული მიქელაძე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ი. შ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ.-ის წარმომადგენელმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებსა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ი. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. შ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ.-ის წარმომადგენელმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი.
2008 წლის 23 აპრილს ი. შ.-ის მიერ წარმოდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით ი. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორ წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებასთან ერთად გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ნიმუში, მასზე დართული შევსების ინსტრუქციით და განჩინების გზავნილზე აღნიშნული ყველა საჭირო ინფორმაციით, საჩივრის ფორმის შევსებისა და საჭიროების შემთხვევაში, ამ ფორმის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული მუხლის იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. შ.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის მე-2 წინადადების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ი. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად, რითაც აპელანტის მიერ დარღვეული იყო ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ი. შ.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე გაეცნო საქმეში დაცული სააპელაციო საჩივრის ფორმას და თვლის, მართალია ი. შ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარი მართლაც წარმოდგენილი არ არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ბლანკზე, მაგრამ, საყურადღებოა, რომ სააპელაციო საჩივრის თანმიმდევრობა სრულად შეესაბამება მითითებული ფორმის ნიმუშს და დეტალურადაა ასახული ბლანკით განსაზღვრული და სააპელაციო საჩივრისათვის წაყენებული მოთხოვნები, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული დაუშვებლობის მოტივაცია ატარებს საკმაოდ ფორმალურ ხასიათს და ვერ ჩითვლება იმ ტიპის დარღვევად, რაც შეიძლება იქცეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო დაცვის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტალურ უფლებას, რაც, თავის მხრივ, ფორმალურად ნიშნავს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას და რაც მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ნებისმიერი პირისათვის. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ მხარეს საპროცესო უფლებების გარდა გააჩნია საპროცესო ვალდებულებებიც და კანონის მოთხოვნა დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ეტაპზე, ამასთან საკასაციო სასამართლოს მსჯელობა არ გულისხმობს იმას, რომ ფორმის დაუცველად შედგენილი სააპელაციო საჩივარი შესაძლოა დაშვებულ და განხილულ იყოს, მაგრამ ის გარემოება, რომ მხარეს ფაქტობრივად დაცული აქვს ის თანმიმდევრობა, რაც მითითებული ნიმუშითაა დადგენილი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მხარის იმ უფლების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, რაცაა სასამართლო დაცვის უფლება, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება და ი. შ.-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.