¹ბს-624-594(კს-07) 9 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
15.01.06წ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის წარმომადგენელმა რ. ს-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ახალციხის საგადასახადო ინსპექციისა და აგრო-ეკონომიკური კოლეჯის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ გადარიცხული თანხების დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 30 იანვარს და 20 მარტს თსუ .... ფილიალმა საგადასახადო დავალების საფუძველზე ახალციხის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ჩარიცხა 22 000 ლარი და 3672 ლარი, სულ 25 672 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილს, 20 064 ლარს და 20 თეთრს შეადგენდა პროფესორ-მასწავლებელთა იანვრის თვის დაურიცხავი და მიუღებელი ხელფასი. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹122-ში მდებარე საერთო საცხოვრებლის ღირებულების სახით, აღნიშნული შენობის გამოსყიდვის მიზნით. მიუხედავად აღნიშნულისა, ახალციხის საგადასახადო ინსპექციას, მიწის ნაკვეთზე და ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის დამადასტურებელი დოკუმეტები არ გაუფორმებია. არ არსებობს რაიმე ხელშეკრულება ან მორიგების აქტი საგადასახადო ინსპექციას, აგრარულ კოლეჯს და თსუ მესხეთის ფილიალს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სარევიზიო სამსახურის 25.03.05წ. აქტით უკანონოდ იქნა ცნობილი აგრარული კოლეჯის ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთისა და საერთო საცხოვრებლის ღირებულების 25 672 ლარის თსუ .... ფილიალის მიერ ჩარიცხვა საერთო საცხოვრებლის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის მიზნით იმ მოტივით, რომ დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის. მოპასუხემ თსუ მესხეთის ფილიალის მიერ 2003 წელს ახალციხის საგადასახადო ინსპექციისათვის უკანონოდ გადარიცხული თანხის, 25 672 ლარისა და ამ თანხის უკანონოდ გამოყენებისათვის გათვალისწინებული საურავის 19 792 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.06წ. გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.03.03წ. გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის 30493 ლარის ოდენობით ვალი სახელმწიფოს წინაშე და ახალციხის საგადასახადო ინსპექციას ყადაღადადებული ქონების, მათ შორის, პროფესორ-მასწავლებელთა მიერ დაკავებული კორპუსის, ღია აუქციონის წესით რეალიზაციის ნება დაერთო. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. ფილიალის დირექციამ ნებაყოფლობით ჩარიცხა სპეცანგარიშზე 25672 ლარი, რადგანაც მოვალემ იცოდა, რომ ფულის ჩარიცხვით იფარებოდა კოლეჯის ვალი. სასამართლომ დაადგინა, რომ თსუ “....” დირექციამ გადაიხადა პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსის ქონების გადასახადი, ამდენად ფულის გადახდა მოხდა არა ქონების ყიდვის, არამედ გადასახადის გადახდის მიზნით მისი შემდგომი რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით. საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საგადასახადო ინსპექციას უფლება ჰქონდა, მიეღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალისაგან, როგორც მესამე პირისაგან, აღნიშნული თანხა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის წარმომადგენელმა, რ. ს-მა. სააპელაციო პალატის 11.08.06წ. განჩინებით რ. ს-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და რწმუნებულება სააპელაციო სასამართლოს 10.11.06წ. წარედგინა. სააპელაციო პალატის 21.11.11წ. განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
30.11.06წ. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა მეორე სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივრის შემომტან პირად მითითებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის წარმომადგენელი რ. ს-ი, ხოლო სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი იყო თსუ მესხეთის ფილიალის დირექტორის მ/შ პროფესორ შ. ზ-ის მიერ. სააპელაციო საჩივრის ბოლოს შემსრულებლებად მითითებული იყვნენ აგრეთვე რ. ს-ი და ა. თ-ი, თუმცა სააპელაციო საჩივარზე არ იყო ამ უკანასკნელთა ხელმოწერა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.12.06წ. განჩინებით აპელანტ შ. ზ-ს განესაზღვრა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იყო წარმოდგენილი შ. ზ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, სააპელაციო საჩივრიდან არ დასტურდებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.06წ. გადაწყვეტილებაზე, თუ ამავე გადაწყვეტილებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელის რ. ს-ის მიერ შემოტანილი სააპელაციო საჩივრის დაზუსტება.
04.01.07წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის დირექტორის მ/შ შ. ზ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალს საბოლოო სააპელაციო მოთხოვნად უნდა მიჩნეულიყო 30.11.06წ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნა, რომელიც ხელმოწერილია როგორც უნივერსიტეტის ფილიალის დირექტორის შ. ზ-ის, ასევე რწმუნებულ რ. ს-სა და ადვოკატ ა. თ-ის მიერ. შ. ზ-მა აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვაში მხარედ მონაწილეობას მიიღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მ/შ გ. ხ-ას რწმუნებით აღჭურვილი რ. სანდროშვილი და ადვოკატი ა. თ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. თბილისის სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.06წ. განჩინებაში მითითებული ხარვეზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის სახელით შ. ზ-ის მიერ გამოსწორებული არ ყოფილა.
აღნიშნული განჩინება საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რ. ს-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით, რომელშიც აღნიშნულია რომ თბილისის სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შინაარსი და დასაშვები საჩივარი არ დაუშვა განსახილველად. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 21.11.06წ. განსახილველად დაშვებული სააპელაციო საჩივრის და 30.11.06წ. სააპელაციო საჩივრის ავტორია ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის რწმუნებულობით აღჭურვილი პირი რ. ს-ი. მისი სახელი სააპელაციო საჩივრის შესავალ ნაწილში და ბოლოშიც იქნა მითითებული. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლოში მის მიერ ხელმოუწერელი სააპელაციო საჩივრის ასლი იყო გაგზავნილი. ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი 21 ნოემბერს სააპელაციო პალატის მიერ წარმოებაში იქნა მიღებული, ამიტომ გაუგებარია, იმავე საგანზე, ძირითადად იგივე შინაარსის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე რატომ ეთქვა უარი რ. ს-სა და ა. თ-ის ხელმოწერის არარსებობის გამო ხარვეზის დადგენის გარეშე. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, თუ აღნიშნული ხარვეზი არსებობდა, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო მიეთითებინა იგი 08.12.06წ. განჩინებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელის მოწერას ან არმოწერას სამართლებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც სააპელაციო საჩივარი მის მიერ არ იყო შედგენილი და მის მიმართ პროცესუალური სანქციის განხორციელებას ხარვეზზე მითითებით არ უნდა ემოქმედა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. რადგანაც ორივე საჩივარი შეტანილია გ. ხუბუას რწმუნებულებით აღჭურვილი რ. ს-ის მიერ და საჩივარში რ. ს-ია მითითებული, ამ ორი ერთი და იგივე შინაარსისა და საგნის შემცველ საჩივართა ხელოვნურად გაყოფა ან ერთი ნაწილის განსახილველად დაშვება და მეორის განუხილველად დატოვება კერძო საჩივრის ავტორს არასწორად მიაჩნია. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში სსკ კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევაზე. შ. ზ-ი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის დირექტორია და იგი სამეწარმეო კანონმდებლობით ისედაც არის აღჭურვილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რომლის შესაბამისად შეუძლია რწმუნებულების ან მინდობილობის გარეშე გამოვიდეს სასამართლოში ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად. სააპელაციო სასამართლოში 04.01.07წ. შეტანილი აქვს ხარვეზის შევსების თაობაზე მიმართვა, სადაც აღნიშნულია რომ 30.11.06წ. წარდგენილი სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს ამავე წლის 21 ნოემბერს სააპელაციო პალატის მიერ განსახილველად დაშვებული სააპელაციო საჩივრის დაზუსტებას. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მითითებული სააპელაციო საჩივრის ხარვეზი გამოასწორა. თუ სააპელაციო პალატას მიაჩნდა, რომ სააპელაციო საჩივარს სხვა ხარვეზიც გააჩნდა, პალატას განჩინებაში უნდა მიეთითებინა აღნიშნულის შესახებ და ხარვეზი აპელანტის მიერ გამოსწორდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ..... ფილიალის წარმომადგენელის რ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის წარმომადგენელმა რ. ს-მა. სააპელაციო პალატის 21.11.11წ. განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
30.11.06წ. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის მეორე სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივრის შემომტან პირად მითითებული იყო ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის წარმომადგენელი რ. ს-ი, ხოლო სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის დირექტორის მ/შ პროფესორ შ. ზ-ის მიერ. სააპელაციო საჩივრის ბოლოს მითითებული იყო ასევე რ. ს-ი და ა. თ-ი, სააპელაციო საჩივარზე არ იყო ამ უკანასკნელთა ხელმოწერები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 368-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენლად უნდა მიეჩნია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფილიალის წარმომადგენელი რ. ს-ი და ადვოკატი ა. თ-ი, რომელთა სახილითაც იყო წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. სსკ-ის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა რ. ს-სა და ა. თ-ის ხელმოწერათა გარეშე, რაც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის ხარვეზის განსაზღვრის საფუძველს ქმნიდა. მითითებული ნორმის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.12.06წ. განჩინებით აპელანტ შ. ზ-ს განესაზღვრა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად. სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარს თანდართული არ ჰქონდა შ. ზ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი და რომ სააპელაციო საჩივრიდან არ დასტურდებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.06წ. გადაწყვეტილებაზე, თუ ამავე გადაწყვეტილებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის წარმომადგენელის რ. ს-ის მიერ შემოტანილ სააპელაციო საჩივარს აზუსტებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი და არ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი ხელმოუწერელი იყო სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირების მიერ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო პალატის 21.11.11წ. განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფილიალის პირველი სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული. სააპელაციო პალატამ უნდა გასაზღვროს მეორე სააპელაციო საჩივარი დაზუსტებულ და დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს წარმოადგენს, თუ შეიცავს დამოუკიდებელ, პირველი სააპელაციო საჩივრისგან განსხვავებულ სააპელაციო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან საქმის განხილვის პროცესში წარმოადგინონ სასამართლოში დამატებითი მოსაზრებები და დააზუსტონ მოთხოვნები, თუმცა, აღნიშნულის დამატებით წარმოებაში მიღების ვალდებულებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.07წ. განჩინება და საქმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის 30.11.06წ. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.07წ განჩინება;
2. საქმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფილიალის 30.11.06წ. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.